რუსეთის ეკონომიკა 2022-2026: ციხესიმაგრე ალყაში

 


რუსეთის ეკონომიკა 2022-2026: ციხესიმაგრე ალყაში

შესავალი

ეს არის რუსეთის ეკონომიკის ანალიზის სერიის მესამე ნაწილი, რომელიც პროცესებს 1998 წლიდან აანალიზებს. პირველმა ბლოგპოსტმა 1998-2008 წლები მოიცვა - აბსოლუტური კრახიდან ნავთობის ბუმამდე. მეორე ნაწილმა (2009-2021) გვიჩვენა, როგორ აქცია კრემლმა ეს ბუმი ეკონომიკურ „ციხესიმაგრედ“: დაბალი საგარეო ვალი, გაზრდილი რეზერვები და სტრატეგიულ სექტორებზე სრული კონტროლი - ეს ყველაფერი მომავალი სანქციებისთვის მზადებას ემსახურებოდა. ახლა ვნახოთ, გაუძლო თუ არა ამ ციხესიმაგრემ იმას, რისთვისაც აშენდა.

2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდგომ, დასავლელი ეკონომისტების უმეტესობა ერთ აზრზე თანხმდებოდა: რუსეთის ეკონომიკა ჩამოინგრეოდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) აპრილში 2022 წლისთვის მშპ-ის 8.5%-იანი ვარდნა იწინასწარმეტყველა. ეს არ იყო ჩვეულებრივი რეცესია - ეს თითქმის კოლაფსის ტოლფასი მაჩვენებელი გახლდათ. თუმცა, ოქტომბერში ვარდნის პროგნოზი 3.4%-მდე შემცირდა. საბოლოო რეალობამ კი ყველა კიდევ უფრო გააკვირვა: „როსსტატის“ (Rosstat) მონაცემებით, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ 2.1%-ით შემცირდა.

რატომ შეცდნენ ეკონომისტები ასე მასშტაბურად (როგორც უმეტეს შემთხვევაში)? მოდელები იმ დაშვებაზე იყო აგებული, რომ სანქციები იმუშავებდა: რუსეთი დასავლურ ბაზრებზე წვდომას მთლიანად დაკარგავდა და ვერც ახალ პარტნიორებს იპოვიდა. სინამდვილეში პირიქით მოხდა: რუსეთმა სავაჭრო ნაკადები სხვა მიმართულებით გადაამისამართა და გვერდის ავლის მთელი სისტემა ააგო, რასაც ნაწილ II-ში დეტალურად განვიხილავთ. ეს აცდენა შემთხვევითი არ ყოფილა. ეს იმ „ციხესიმაგრის“ პირველი სერიოზული გამოცდის შედეგი იყო, რომლის მშენებლობაც წინა ორ ბლოგში განვიხილეთ.

თუმცა, ეს ბლოგი იმაზეც მოგვითხრობს, თუ რა დაუჯდა რუსეთს ეს გადარჩენა. ციხესიმაგრე გადარჩა, მაგრამ ომმა ის მშვიდობიან პერიოდში რეზერვების დამცავი მექანიზმიდან, სამხედრო-მობილიზაციურ მანქანად აქცია, რომელიც რესურსებს თავდაცვის სექტორისკენ მიმართავს. 2023-2024 წლები ამ მანქანის ზრდის პიკი იყო: ზრდა რეალური იყო და მშპ-შიც აისახა, მაგრამ ის სამხედრო მოთხოვნას ეყრდნობოდა და სამოქალაქო სექტორების რესურსებს ანაცვლებდა. 2025-2026 წლებმა აჩვენა, რომ ასეთი ზრდა ხანგრძლივად ვერ შენარჩუნდება.

სწორედ ეს არის ამ ბლოგის ცენტრალური კითხვა: შეძლო თუ არა „ციხესიმაგრემ“ მხოლოდ გადარჩენა, თუ ის უკვე შიგნიდან „ტყდება“?

ამავე დროს, უნდა შევაფასოთ სანქციების მოკლე და გრძელვადიანი ეფექტები. მოკლევადიან პერსპექტივაში 2022 წელს ეკონომიკის მოსალოდნელზე გაცილებით მცირე ვარდნა იყო, თუმცა მშპ ვერ ასახავს იმ გრძელვადიან სტრუქტურულ ზარალს, რაშიც ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვა, კაპიტალისა და იმპორტის გაძვირება, პროდუქციის ხარისხის დაცემა და გაყინული რეზერვები შედის. სწორედ ამ ხარჯების გამოვლენას ეძღვნება ბლოგის დანარჩენი ნაწილი.

 

ნაწილი I. 2022: ტესტი

პირველი შოკი: რუბლის კრახი და კაპიტალის კონტროლი

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. იმავე დღეს დასავლეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის ცენტრალურ ბანკს, უმსხვილეს კომერციულ ბანკებს და აკრძალა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი. რუბლის კურსი დაუყოვნებლივ დაეცა: შეჭრის დღეს, 24 თებერვალს, დოლარი 84 რუბლი ღირდა, ხოლო 7 მარტისთვის - 139 რუბლამდე გაიზარდა, ანუ რუბლი დაახლოებით 40%-ით გაუფასურდა. მოსკოვის საფონდო ბირჟამ ვაჭრობა თითქმის ერთი თვის განმავლობაში საერთოდ შეაჩერა. რუსეთის ცენტრალურ ბანკს რამდენიმე დღე ჰქონდა მოსაფიქრებლად, როგორ შეეჩერებინა პანიკა, სანამ ის მთელი საბანკო სისტემის კოლაფსში გადაიზრდებოდა.

28 თებერვალს ელვირა ნაბიულინამ საბაზისო განაკვეთი (ეს არის პროცენტი, რომლითაც ცენტრალური ბანკი კომერციულ ბანკებს სესხს აძლევს და რომელიც, საბოლოო ჯამში, განსაზღვრავს, რამდენად ძვირია სესხის აღება მთელი ეკონომიკისთვის) ერთბაშად, 9.5%-დან 20%-მდე გაზარდა. მაღალმა განაკვეთმა რუბლში დანაზოგი მიმზიდველი გახადა და უცხოური ვალუტისკენ ხალხის მასობრივი გაქცევა შეაჩერა. ეს არ იყო სტანდარტული მონეტარული პოლიტიკა - ეს იყო გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა. ამასთან, 20%-იანმა განაკვეთმა კრედიტის ბაზარი პრაქტიკულად გაყინა: ბანკებმა 28 თებერვალსვე შეაჩერეს ახალი იპოთეკური სესხების გაცემა პირობების გადასინჯვამდე.

იმავე დღეს ცენტრალურმა ბანკმა კიდევ სამი მკვეთრი ნაბიჯი გადადგა:

1.    ექსპორტიორ კომპანიებს უცხოური ვალუტის შემოსავლების 80%-ის სავალდებულო კონვერტაცია მოსთხოვა რუბლში;

2.    არარეზიდენტებს შეუზღუდა ფასიანი ქაღალდების გაყიდვა და კაპიტალის გატანა;

3.    სანქცირებულ ბანკებს დროებით შეუმსუბუქა მოთხოვნები ე.წ. „ღია სავალუტო პოზიციებზე“ (წესი, რომელიც ჩვეულებრივ ზღუდავს, რამდენი უცხოური ვალუტის ფლობა შეუძლია ბანკს საკუთარი კაპიტალის მიმართ); ქაოსური კურსის პირობებში, შემსუბუქებამ ბანკებს მეტი მოქნილობა მისცა ვალუტის მართვაში.

ეს იყო კაპიტალის კონტროლის კომპლექსური სისტემა, რომელიც თვეების კი არა, დღეების განმავლობაში აიწყო.

ყველაფერს ვერ გათვლი

როგორ გახდა ეს შესაძლებელი? საქმე იმაშია, რომ ეს სქემა მათ ჯერ კიდევ ომამდე ჰქონდათ დამუშავებული. 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებული სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის შემდგომი ესკალაციისთვის მზადების პოლიგონად იქცა. დედოლარიზაცია, ოქროს რეზერვების დაგროვება და დასავლური ფინანსური სისტემისგან დისტანცირება - ეს იყო ათწლიანი მიზანმიმართული მზადება სანქციების დასაძლევად. ახალი შოკის პირობებში, ბანკის ხელმძღვანელობამ ცივსისხლიანად აამოქმედა წინასწარ მომზადებული გვერდის ავლის მექანიზმები.

თუმცა, გეგმაში ერთი ცვლადი მაინც ვერ გაითვალისწინეს: დასავლეთის მიერ $300-330 მილიარდის ოდენობის რეზერვების გაყინვა, რაც რუსეთის საერთაშორისო რეზერვების თითქმის ნახევარს შეადგენდა.

ეს იყო დარტყმა, რომელსაც კრემლი არ ელოდა. მანამდე ცენტრალური ბანკის რეზერვების გაყინვა მხოლოდ შედარებით მცირე და საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან უკვე გარიყულ ქვეყნებს შეეხო - ირანი, ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა. G20-ის წევრი რუსეთი კი გლობალურ ბაზრებში ღრმად ინტეგრირებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკა ვარაუდობდა, რომ ცენტრალური ბანკის სუვერენული აქტივები ხელშეუხებელია, თუნდაც პოლიტიკური კონფლიქტის დროს. კრემლმა უბრალოდ ვერ წარმოიდგინა, რომ დასავლეთი ამ პრეცედენტს ხელის ერთი მოსმით დაარღვევდა.

როგორც წინა ბლოგში აღვნიშნეთ, 2018 წელს, აშშ-ის სანქციების შიშით, ცენტრალურმა ბანკმა დოლარის აქტივები, მათ შორის აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილი, მკვეთრად შეამცირა და რეზერვები იუანში, ევროსა და იენაში გადაანაწილა. 2022 წლის დასაწყისში ცენტრალური ბანკი $640 მილიარდზე მეტ რეზერვს ფლობდა (მსოფლიოში სიდიდით მეოთხე მარაგი). ეს რეზერვი ათობით ქვეყანასა და ინსტიტუტში იყო განაწილებული, რაც საბოლოოდ მისი მთავარი სისუსტე გახდა. უდიდესი ნაწილი, $224 მილიარდი, ბელგიაში აღმოჩნდა, საკლირინგო კომპანია Euroclear-ის ანგარიშებზე. კიდევ $33 მილიარდი დიდ ბრიტანეთში, $30 მილიარდამდე იაპონიაში, $23 მილიარდი საფრანგეთში, ხოლო დანარჩენი ლუქსემბურგში, შვეიცარიასა და აშშ-ში. ეს ყველაფერი ერთ ღამეში მიუწვდომელი გახდა.

გაყინული $300 მილიარდი, თითქმის ხუთი წლის შემდეგ

ეს თანხა დღემდე გაყინულია და არა ჩამორთმეული. მისი უდიდესი ნაწილი $224 მილიარდი ბელგიურ საკლირინგო კომპანია Euroclear-შია განთავსებული.

2025 წლის დეკემბერში ევროკავშირი ცდილობდა, აღნიშნული თანხა უკრაინისთვის „სარეპარაციო სესხის“ სახით გადაეცა, აქტივების პირდაპირი ჩამორთმევის გარეშე. თუმცა ბელგიამ ეს გეგმა დაბლოკა: პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ Euroclear-ისა და, ზოგადად, საერთაშორისო სამართლისთვის, ზედმეტად მაღალი იურიდიული რისკები იყო (რუსეთის ცენტრალურ ბანკს Euroclear-ის წინააღმდეგ სარჩელი შეტანილი აქვს).

საბოლოოდ, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ €90-მილიარდიან (~$106 მლრდ) სესხზე, რომელიც კაპიტალის ბაზრებიდან მოიზიდეს და არა გაყინული რუსული აქტივებიდან. ეს თანხა 2026-2027 წლებში უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური საჭიროებების დასაფარად არის განკუთვნილი.

რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის? იმას, რომ მისი $300 მილიარდზე მეტი რეზერვი არც დაბრუნებულია და არც საბოლოოდ ჩამორთმეული. დღემდე, ომის დაწყებიდან თითქმის ხუთი წლის თავზეც, ეს მოცემულობა უცვლელია და კრემლისთვის ეს არის მუდმივი შეხსენება იმისა, თუ რამდენად პირობითია მისი „სუვერენული“ ფინანსური სისტემა, როდესაც საქმე დასავლურ ინფრასტრუქტურას ეხება.

 

ოქრო და იუანი: სანქციებისგან დაცული აქტივები

ევროპული აქტივებისგან განსხვავებით, ოქრომ და იუანმა სანქციები სხვადასხვა მიზეზით აიცილა. ცენტრალური ბანკის ოქროს რეზერვი (127 მლრდ დოლარის ღირებულების 2,298.5 ტონა ოქრო, ანუ რეზერვების 21.7%) ფიზიკურად რუსეთშივე ინახებოდა, სადაც დასავლეთს მასზე ხელი ვერ მიუწვდებოდა. იუანის რეზერვები ჩინეთის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებსა და ჩინურ ბანკებში იყო ინვესტირებული და განთავსებული. მათი გადარჩენის მიზეზი გეოგრაფია კი არა, პეკინის პოლიტიკური არჩევანი იყო - ჩინეთი უბრალოდ არ შეუერთდა დასავლურ სანქციებს.

საიდან გაჩნდა ეს ოქრო? ცენტრალურმა ბანკმა ოქროს დაგროვება ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუა ხანებიდან დაიწყო, 2014 წლის შემდეგ, ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული პირველი სანქციების საპასუხოდ კი ეს პროცესი მკვეთრად დააჩქარა. ის წლების განმავლობაში ყიდულობდა რუსული მაღაროებიდან მოპოვებულ ოქროს. 2014-2022 წლებში მარაგი თითქმის გააორმაგა და 2,280-2,300 ტონამდე მიიყვანა. ეს ოქრო ინახება მოსკოვსა და რამდენიმე რეგიონულ საცავში და არა უცხოურ სეიფებში, რაც მისი ხელშეუხებლობის მთავარი მიზეზი გახდა.

მნიშვნელოვანია, არ აგვერიოს ერთმანეთში ორი განსხვავებული ოქროს მარაგი. ზემოაღნიშნული 2,280-ტონიანი მარაგი ცენტრალური ბანკის ძირითადი საერთაშორისო რეზერვია და დღემდე თითქმის ხელუხლებელი რჩება (თუმცა 2026 წელს პირველად შეინიშნა მცირე კლება - იხ. ბლოგის ბოლოს მოცემული ცხრილი). მისგან განსხვავებით, ეროვნული კეთილდღეობის ფონდს ცალკე, გაცილებით მცირე, ლიკვიდური ოქრო-იუანის „ბალიში“ ჰქონდა (2022 წლის ნოემბრისთვის - 554.9 ტონა), რომელსაც 2023-2026 წლებში მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად აქტიურად და მზარდი ტემპით ხარჯავდა. ამ „ოქროს ციებ-ცხელების“ ისტორიას ნაწილ III-ში დავუბრუნდებით.

ენერგობაზრის ფანჯარა: დაგეგმილი თუ მოულოდნელი მოგება

ომის პირველ წელს ენერგობაზარმა რუსეთს უზარმაზარი მოგება მოუტანა. ევროპაში შექმნილმა აჟიოტაჟმა და მიწოდების შეფერხების შიშმა ნავთობსა და გაზზე ფასები მკვეთრად გაზარდა: 1 ბარელი Brent-ის ფასმა, რომელიც 2022 წლის დასაწყისში დაახლოებით $78 იყო და ომამდე $97-მდე ავიდა, 2022 წლის მარტში $128-ს მიაღწია. წლის საშუალო მაჩვენებელი კი $99 იყო.

The image shows a visual representation of a graph or chart displaying various monetary values, with annotations in a language that appears to be Greek, and includes references to oil prices and other data sources.

AI-generated content may be incorrect.

ბუნებრივად ისმის კითხვა: რატომ არ დააწესა დასავლეთმა რუსული ნავთობის ემბარგო დაუყოვნებლივ, თებერვალშივე? პასუხი მარტივია: ენერგოდამოკიდებულობის გამო. ომის დაწყებამდე ევროკავშირის ნავთობის იმპორტის დაახლოებით მესამედი რუსეთზე მოდიოდა, ზოგიერთი წევრი ქვეყანა კი (კერძოდ, უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი) თითქმის მთლიანად „დრუჟბას“ მილსადენზე იყო დამოკიდებული. ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას ერთხმად უნდა მიეღო ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც თვეები დასჭირდა. საბოლოოდ, ემბარგოზე შეთანხმდნენ 2022 წლის ივნისში: ზღვით ტრანსპორტირებულ ნედლ ნავთობზე ის ძალაში შევიდა მხოლოდ 5 დეკემბერს, ხოლო ნავთობპროდუქტებზე - 2023 წლის 5 თებერვალს. ანუ, სრული ემბარგო ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ ამოქმედდა. ეს დრო რუსეთისთვის საკმარისი აღმოჩნდა ახალი მყიდველების საპოვნელად და გვერდის ავლის მექანიზმების ასაწყობად, რასაც შემდეგ ნაწილში დეტალურად განვიხილავთ.

ამასობაში ევროპა აქტიურად ამოქმედდა. 2021 წელს მილსადენით მიწოდებული რუსული გაზი ევროკავშირის გაზის იმპორტის დაახლოებით 40%-ს შეადგენდა (საერთო მოხმარებაში, თხევადი გაზის (LNG) ჩათვლით, დაახლოებით 27%). ომის დაწყების შემდეგ ევროპამ პარალელურად რამდენიმე მიმართულებით იმოქმედა: გაზარდა შესყიდვები აშშ-სა და კატარიდან თხევადი ბუნებრივი გაზის სახით, მაქსიმალურად ჩატვირთა ნორვეგიის მილსადენები და მოხმარება ენერგოეფექტურობითა და ალტერნატიული წყაროების ხარჯზე შეამცირა. შედეგად, 2025 წლისთვის რუსული გაზის წილი ევროკავშირის მილსადენის იმპორტში 6%-მდე დაეცა (საერთო იმპორტში, LNG-ის ჩათვლით, დაახლოებით 12%), ხოლო მოწინავე პოზიციები ნორვეგიამ (30.9%) და აშშ-მა (26.2%) დაიკავეს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ენერგეტიკული გადართვა თანამედროვე ისტორიაში. თუმცა 2022-2023 წლებში უშუალოდ ევროპელ მომხმარებელთათვის მკვეთრად გაიზარდა ენერგომატარებლების ფასებიც.

შედეგად, გაყიდვების მოცულობის შემცირების მიუხედავად, უბრალოდ მაღალი ფასის წყალობით, 2022 წელს რუსეთმა ნავთობ-გაზის ექსპორტიდან რეკორდული $383.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ეს არის პოსტსაბჭოთა პერიოდის, 27-წლიანი რეკორდი და 2021 წელთან შედარებით 43%-ით მეტია. აქედან დაახლოებით $169 მილიარდი (11.586 ტრილიონი რუბლი) პირდაპირ ფედერალურ ბიუჯეტში მიემართა გადასახადებისა და მოსაკრებლების სახით. სწორედ ეს შემოსავალი გახდა ბალიში, რომელმაც პირველი წლის დანაკარგები გადააზღვია.

ასე გამოიყურება 2022 წლის ანატომია: წინასწარ აშენებული სისტემა პლუს გამართლება ენერგომატარებლების ბაზარზე. ამ ორმა ფაქტორმა ერთობლივად განაპირობა ის, რომ ეკონომიკა 8.5%-იანი ვარდნის ნაცვლად მხოლოდ 2.1%-ით შემცირდა.

ნაწილი II. 2022-2023: გვერდის ავლის არქიტექტურა

პირველი შოკის გადალახვის შემდეგ რუსეთის წინაშე ერთი პრაქტიკული ამოცანა დადგა: როგორ გაეყიდა საკუთარი პროდუქცია და როგორ ეყიდა საჭირო საქონელი, როდესაც დასავლური ბაზრები ერთბაშად ჩაიკეტა. გამოსავალი აღმოჩნდა არა იმპორტის ჩანაცვლება, არამედ სავაჭრო ნაკადების გადამისამართება.

იმპორტის ახალი გეოგრაფია

Bruegel[1]-ის მონაცემებით, სანქციების დაწესების შემდეგ დასავლური ქვეყნებიდან (ევროკავშირი, აშშ, იაპონია) რუსეთში განხორციელებულმა ექსპორტმა 2022 წლის თებერვლამდელი ყოველთვიური $10.5 მილიარდიდან 2023 წელს თვეში $4.6 მილიარდამდე იკლო. ზუსტად იმავე პერიოდში ალტერნატიული, ძირითადად გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდან (ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი, ბრაზილია) ექსპორტი თვეში $6.0 მილიარდიდან $11.5 მილიარდამდე გაიზარდა. ანუ ერთ მხარეს წარმოქმნილი დანაკლისი თითქმის სრულად კომპენსირდა მეორე მხრიდან.

სამშრიანი სისტემა: ნავთობის გვერდითი გზები

სავაჭრო ნაკადების გადანაცვლება შემთხვევითი პროცესი არ ყოფილა. მის უკან სანქციების გვერდის ავლის საგანგებოდ აშენებული სისტემა იდგა, რომელიც სამი ძირითადი შრისგან შედგებოდა.

სანამ ამ სამ შრეს განვიხილავთ, ღირს იმის ახსნა, თუ რას წარმოადგენს $60-იანი „ფასის ჭერი“ (Price Cap), რასაც ქვემოთ არაერთხელ შევხვდებით. 2022 წლის დეკემბერში G7-მა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ შემოიღეს წესი: დასავლური კომპანიების მიერ რუსული ნავთობის ტრანსპორტირება, დაზღვევა და დაფინანსება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო დაშვებული, თუ ნავთობი ბარელზე $60-ად ან უფრო დაბალ ფასად იყიდებოდა. მექანიზმის ეფექტიანობა ეყრდნობა არა პირდაპირ დაბლოკვას, არამედ დასავლეთის დომინირებას საზღვაო დაზღვევის ბაზარზე, სადაც მსოფლიოს სატანკერო დაზღვევის დაახლოებით 90% დასავლურ (ძირითადად ბრიტანულ) კომპანიებზე მოდის. $60-იანი ჭერის წესის დარღვევა ამ დაზღვევაზე წვდომის დაკარგვას ნიშნავს.

პირველი ფენა: „ჩრდილოვანი ფლოტი“. დასავლური სატანკერო კომპანიების ნაცვლად გამოჩნდა ხომალდების პარკი, რომელიც ძირითადად ძველი, დაუზღვეველი ან გაურკვეველი მფლობელობის მქონე ტანკერებისგან შედგება. დღეისთვის ეს ფლოტი დაახლოებით ათასამდე ხომალდს ითვლის და რუსული ნავთობის ტრანსპორტირების 60-იდან 80 პროცენტამდე სწორედ მასზე მოდის. ჭერის გვერდის ავლის მექანიზმი მარტივია: ეს ხომალდები დასავლურ დაზღვევასა და ლოგისტიკურ სერვისებზე არ არიან დამოკიდებული, შესაბამისად, აღარც $60-იანი ჭერის დაცვა უწევთ.

ამან იმუშავა, თუმცა რუსეთს ძვირი დაუჯდა. რუსული ნავთობი (Urals) საერთაშორისოსთან (Brent) შედარებით ფასდაკლებით იყიდებოდა, რადგან საერთაშორისო ბაზარზე მას „სანქციური რისკის“ ფასი ედო. 2022 წელს ეს დისკონტი ბარელზე 30 დოლარსაც კი აღემატებოდა. მოგვიანებით, 2023-2024 წლებში, გვერდის ავლის სქემები უფრო დახვეწეს, რამაც ფასდაკლებაც შეამცირა. თუმცა 2025 წელს, როდესაც აშშ-მა „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ ახალი სანქციები დაუწესა, დისკონტი ისევ 20 დოლარამდე გაიზარდა.

აქ იკვეთება კანონზომიერება, რომელიც მთელი ბლოგის განმავლობაში კიდევ ბევრჯერ შეგხვდება: სანქციების გვერდის ავლა შესაძლებელია, თუმცა ეს რუსეთს ძვირი უჯდება; რაც უფრო მკაცრდება შეზღუდვები, მით უფრო ძვირდება მათი გვერდის ავლის მექანიზმებიც.

პარალელური იმპორტი: კანონიერი კონტრაბანდა

მეორე ფენა: პარალელური იმპორტი. 2022 წლის მარტში რუსეთის მთავრობამ დააკანონა ის, რასაც ადრე კონტრაბანდა ერქვა: საქონლის იმპორტი მწარმოებელი კომპანიის ნებართვის გარეშე, მესამე ქვეყნების გავლით. პირველივე წელს ამ სქემით $20 მილიარდის ღირებულების საქონელი შევიდა, ორ წელიწადში კი (2022-2023) ჯამურმა მოცულობამ $70 მილიარდს მიაღწია. სმარტფონები, ავტონაწილები, ელექტრონიკა, ყველაფერი, რაც პირდაპირ აღარ იყიდებოდა, რუსეთში თურქეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საქართველოს გავლით შედიოდა. ყირგიზეთის შემთხვევა განსაკუთრებით თვალშისაცემია: მისი ექსპორტი რუსეთში 2021-2023 წლებში დაახლოებით 8-ჯერ (699%) გაიზარდა. ამასთან, ყირგიზეთისა და ყაზახეთის კომპანიების მეშვეობით რუსეთს სანქცირებული ორმაგი დანიშნულების საქონელიც (ნახევარგამტარები, ელექტრონული კომპონენტები) მიეწოდებოდა, რომელსაც სამხედრო გამოყენებაც შეიძლება ჰქონდეს. უფრო საინტერესოა საქართველოს შემთხვევა: მისი პირდაპირი ექსპორტი რუსეთში 2021-2022 წლებში მხოლოდ 5%-ით გაიზარდა. პირიქით, 2024 წლისთვის რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 14.4%-დან 10.4%-მდეც კი დაეცა. თუმცა, ზუსტად იმავე პერიოდში (2021-2024 წლები) საქართველოს ექსპორტი ცენტრალურ აზიაში უბრალოდ „აფეთქდა“:

·     ყაზახეთში: 96 მილიონიდან 860 მილიონ დოლარამდე გაიზარდა (+795%, თითქმის 9-ჯერ);

·     ყირგიზეთში: 31 მილიონიდან 1.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა (+4,100%, დაახლოებით 42-ჯერ).

ეს არის კონტრაბანდის კლასიკური ნიმუში: პირდაპირი ვაჭრობა რუსეთთან თითქმის უცვლელი რჩება, ხოლო შუამავალ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა ნახტომისებურად იზრდება. ამ საქონლის მცირე ნაწილი ყაზახეთსა და განსაკუთრებით ყირგიზეთში მართლაც შედის და მერე რუსეთში იგზავნება; ძირითადი ნაწილი კი, როგორც ქვემოთ მოცემული ავტომობილების მაგალითი აჩვენებს, ცენტრალურ აზიამდე საერთოდ არ აღწევს და გზაში, რუსეთის ტერიტორიაზე, რჩება. ორივე შემთხვევაში საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსეთია.

საქართველოს პარალელი: ავტომობილების უცნაური მარშრუტი

2021 წლის შემდეგ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტმა 493%-იანი ნახტომი გააკეთა და 2025 წელს ისტორიულ პიკს მიაღწია. 2025 წლის განმავლობაში საქართველოდან რეექსპორტზე 111,600 ავტომობილი გავიდა, ჯამური ღირებულებით $2.8 მილიარდი. აქედან ორ მესამედზე მეტი მხოლოდ ორ ქვეყანაზე: ყირგიზეთსა (~30-32%) და ყაზახეთზე (~33-35%) მოდის.

ყურადღებას იპყრობს სხვა დეტალიც: ერთი ავტომობილის საშუალო ფასი თითქმის გასამმაგდა და $7,600-იდან (2021 წელი) $24,000-მდე (2025 წელი) გაიზარდა.

The graph depicts a decreasing trend in the value of a certain metric, possibly currency or commodity, from $2.8 in 2020 to $0.4 by 2025, with a few notable data points throughout the years.

AI-generated content may be incorrect.

ოფიციალურად საქართველოდან ეს ავტომობილები რუსეთში კი არ გაჰყავთ, არამედ ყირგიზეთსა და ყაზახეთში (რომლებზეც ქართული ავტოექსპორტის ძირითადი ნაწილი მოდის). ვინაიდან ცენტრალურ აზიამდე პირდაპირი სახმელეთო გზა არ არსებობს, ავტომობილები ძირითადად რუსეთს კვეთენ. სტატისტიკა კი ეჭვს აჩენს, რომ ბევრი მათგანი დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევს. მაგალითად:

  • საქსტატის მიხედვით, 2024 წლის 10 თვეში საქართველომ ყირგიზეთში $964 მილიონის ავტომობილი გაიტანა რეექსპორტზე;
  • ყირგიზეთის სტატისტიკამ კი მხოლოდ $50 მილიონამდე იმპორტი დააფიქსირა.

დარჩენილი $900 მილიონზე მეტი გზაში „ქრება“. ეს სტატისტიკური შეუსაბამობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი საბოლოოდ რუსულ ბაზარზე ხვდება.

ამ ეჭვს ამყარებს ჟურნალისტური გამოძიებებიც. Sky News-მა ლარსის გამშვებ პუნქტზე დააფიქსირა, თუ როგორ გადადიოდნენ ძვირადღირებული ავტომობილები (Porsche, Lamborghini, Mercedes, Range Rover) პირდაპირ რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტურად ცენტრალური აზიის ან საამიროების მიმართულებით იყვნენ გაფორმებული. ონლაინ ვიდეოებში მძღოლები ღიადაც აღიარებენ, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილი მხოლოდ ფორმალობაა და ავტომობილები რუსეთში რჩება.

იუანი და გადახდების ახალი არხები

მესამე ფენა: სავალუტო და გადახდების სისტემა. დოლარისა და ევროს ნაცვლად იუანი რუსეთის საგარეო ვაჭრობის მთავარი ვალუტა გახდა. ნიადაგი აქაც წინასწარ იყო მომზადებული: მეორე ბლოგში განხილული SPFS (SWIFT-ის რუსული ალტერნატივა საბანკო შეტყობინებებისთვის) და Mir ბარათების ეროვნული სისტემა, ორივე ჯერ კიდევ 2014 წლის შემდეგ შეიქმნა და 2022 წელს სრული მზადყოფნით შეხვდა. ამავდროულად, 2022 წლიდან ეს სისტემა სწრაფად გავრცელდა პარტნიორ ქვეყნებში, განსაკუთრებით შუა აზიასა და სომხეთში. მაგრამ SPFS მხოლოდ შეტყობინებების გაცვლას უზრუნველყოფდა, თავად ფულის რეალურად გადასარიცხად რუსულ ბანკებს ჩინური სისტემა, CIPS (Cross-Border Interbank Payment System), დასჭირდათ, რომელიც პეკინმა 2015 წელს შექმნა იუანის საერთაშორისო ანგარიშსწორებისთვის. 2023 წლისთვის უკვე მინიმუმ 23 რუსული ბანკი იყო ჩართული CIPS-ში, სანქცირებულების ჩათვლით. ეს თანამშრომლობა საკმაოდ ფრთხილი და არასტაბილური აღმოჩნდა: 2023 წლის ბოლოს აშშ-ის მიერ მეორადი სანქციების დაწესების მუქარის შემდეგ, რამდენიმე ჩინურმა ბანკმა დროებით საერთოდ შეწყვიტა რუსული გადახდების მიღება, ხოლო ბანკების ნაწილმა ტრანზაქციების დამუშავების დრო 2-3 კვირამდე გაზარდა. ამასთან, 2024 წლის მარტში ჩინურმა ბანკებმა ტრანზაქციების დაახლოებით 80% უარყვეს (Kommersant/RBC). აქაც იგივე კანონზომიერება იჩენს თავს: სანქციების გვერდის ავლის გზა ყოველთვის არსებობს, თუმცა ის არც იაფია და არც სრულად საიმედო. ეს არ იყო მხოლოდ ტექნიკური გადართვა - ეს იყო ახალი ეკონომიკური დამოკიდებულების დასაწყისი, რომელსაც ნაწილ III-ში დავუბრუნდებით.

ნაწილი III. 2023-2026: გზა ჩიხისკენ

2023-2024: გასამხედროებული ზრდა

2022 წელს „ეკონომიკურმა ციხესიმაგრემ“ პირველ დარტყმას გაუძლო. 2023-2024 წლებმა კი, ერთი შეხედვით, კიდევ უფრო შთამბეჭდავი სურათი დახატა: რუსეთის ეკონომიკა არათუ არ დაეცა, არამედ წელიწადში საშუალოდ 4.5%-ით გაიზარდა - გაცილებით სწრაფად, ვიდრე ევროპის ქვეყნების უმეტესობა. თუმცა ეს ზრდა ჯანსაღი და ორგანული არ ყოფილა და მნიშვნელოვანწილად სამხედრო ხარჯებსა და სამხედრო წარმოებას ეყრდნობოდა: ფინეთის ბანკის (BOFIT) შეფასებით, ომთან დაკავშირებული დარგები 2023 წლის პირველი ნახევრის ზრდის დაახლოებით 40%-ს უზრუნველყოფდა. ამავე დროს, ზრდას კერძო მოხმარებაც უწყობდა ხელს: Bloomberg Economics-ის გამოთვლით, 2023 წლის (როსსტატის წინასწარი შეფასებით) 3.6%-იან ზრდაში შინამეურნეობების მოხმარების წვლილი 2.9 პროცენტული პუნქტი იყო, რასაც ცენტრალური ბანკი რეკორდულად დაბალი უმუშევრობითა და ხელფასების ზრდით ხსნიდა.

ამ დეკომპოზიციას ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა აქვს: სამხედრო პროდუქცია სხვადასხვა კომპონენტში (სახელმწიფო მოხმარება, მარაგები, ინვესტიციები) ნაწილდება, რის გამოც ხარჯვის მხრიდან სამხედრო სექტორის რეალური წვლილი მკაფიოდ არ ჩანს. ეს სურათი ბევრად უკეთ იკვეთება წარმოების მხრიდან: 2024 წელს დამამუშავებელი მრეწველობა (სადაც თავდაცვის საწარმოებიც შედის) 8.6%-ით გაიზარდა, ხოლო სამხედრო დარგების გარეშე ინდუსტრიული სექტორი 2023 წლის შუა პერიოდიდან ფაქტობრივად სტაგნაციაშია (მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრი CMACP, Meduza-ს მიხედვით). 2025 წელსაც ზრდას ძირითადად ომთან დაკავშირებული დარგები უზრუნველყოფდა (სხვა სატრანსპორტო საშუალებები +32%, ლითონის მზა ნაწარმი +18%, კომპიუტერები და ელექტრონიკა +11.7%), მაშინ როცა სამოქალაქო დარგების უმეტესობა გაჩერებული იყო.

ყველა ეს მაჩვენებელი სიფრთხილით უნდა შეფასდეს: როსსტატის მონაცემები არაერთხელ გადაისინჯა (მაგალითად, 2023 წლის ზრდა 3.6%-დან 4.1%-მდე შეასწორეს), ხოლო სამხედრო პროდუქციას რეალური საბაზრო ფასი არ გააჩნია.

2025-2026 წლებში კი აშკარა გახდა, თუ რა მძიმე ფასი დაუჯდა ეკონომიკას ეს სამხედრო მოთხოვნაზე დაფუძნებული აღმავლობა.

სწორედ ეს არის ამ ნაწილის საკვანძო კითხვა: არის თუ არა ომზე დაფუძნებული ეს ზრდა მდგრადი, თუ ეკონომიკა რეზერვების შთანთქმის ხარჯზე ფუნქციონირებს?

ეროვნული კეთილდღეობის ფონდი: ბალიში იჩუტება?

ამ კითხვაზე პასუხს რეზერვების დინამიკა იძლევა. პირველ ნაწილში უკვე ვახსენეთ ეროვნული კეთილდღეობის ფონდი. ცენტრალური ბანკის 2,280-ტონიანი გიგანტური რეზერვისგან განსხვავებით, ეს არის გაცილებით მცირე და ლიკვიდური „უსაფრთხოების ბალიში“. 2022 წლის ნოემბრისთვის ფონდი 554.9 ტონა ოქროს ფლობდა, რაც სწორედ ის მარაგია, რომელსაც კრემლი 2023 წლიდან ინტენსიურად ხარჯავს.

ფონდის ლიკვიდური აქტივები, რომლებიც ომის დაწყებამდე $116.5 მილიარდს შეადგენდა, 2026 წლის 1 სექტემბრისთვის $46.7 მილიარდამდე შემცირდა, რაც თითქმის 60%-იანი კლებაა. ეს მაჩვენებელი მხოლოდ რესურსების ხარჯვას არ ასახავს, რადგან მასზე ოქროსა და იუანის ფასები, რუბლის კურსი და აქტივების გადაფასებაც ახდენს გავლენას: 2026 წლის 1 სექტემბრისთვის ლიკვიდური აქტივები 4.0 ტრილიონი რუბლი იყო, რაც დაახლოებით 86-რუბლიან კურსს შეესაბამება. ამიტომ სამი რამ უნდა გაიმიჯნოს: აქტივების ფიზიკური შემცირება, საბაზრო ღირებულების ცვლილება და ბიუჯეტის დასაფინანსებლად რეალურად გამოყენებული თანხა. ფიზიკური შემცირება ძირითადად ოქროზე მოდის (მისი ტონაჟი ფასებსა და კურსებზე არ არის დამოკიდებული): 554.9 ტონიდან 2026 წლის 1 სექტემბრისთვის მხოლოდ 131.5 ტონა დარჩა (76.3%-იანი შემცირება). ეს არ მომხდარა ერთბაშად:

·      2023 წელს გაიყიდა 196 ტონა;

·      2024 წელს კიდევ 171 ტონა გაიყიდა;

·      2025 წელს ფონდის ოქრო 27.5 ტონით შემცირდა: ფონდმა დაახლოებით 100 ტონა გაყიდა, თუმცა ივნისში ბიუჯეტის დამატებითი ნავთობგაზის შემოსავლებით შეძენილი 72.4 ტონა ოქრო დაემატა;

·      2026 წელს პროცესი ისევ აჩქარდა: წლის პირველ რვა თვეში ფონდის ოქრო უკვე 28.7 ტონით შემცირდა, აქედან 9.75 ტონა აგვისტოში გაიყიდა როსტეხის საავიაციო პროექტების დასაფინანსებლად.

Screenshot

ორი დეტალი: ოქროს გაძვირება და ცენტრალური ბანკის რეზერვი

ფონდიდან ოქროს გაყიდვებთან ერთად ორი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ. პირველი: ოქრო მხოლოდ გასაყიდი რესურსი კი არ არის, არამედ ფასის ზრდის გამო მკვეთრად გაძვირებული აქტივიცაა. 2023 წლის ოქტომბერში უნცია დაახლოებით $1,800 ღირდა, 2025 წელს ფასი $2,600-დან $4,400-მდე გაიზარდა (1.7-ჯერ), 2026 წლის დასაწყისში პიკმა $5,600-ს გადააჭარბა, ხოლო სექტემბრის ბოლოს დაახლოებით $4,158 შეადგინა. ამიტომ ფონდიდან გაყიდული ოქრო ბიუჯეტის დეფიციტს დღეს გაცილებით მეტი რუბლით ფარავს, ვიდრე 2023 წელს, როცა გაყიდვები დაიწყო. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში კურსთა სხვაობისა და ოქროს გადაფასების ჯამური ეფექტი თითქმის ნულოვანი იყო (-27.4 მილიარდი რუბლი), ხოლო ფონდიდან ვალუტისა და ოქროს გაყიდვით ბიუჯეტში გადატანილი თანხა იანვარ-მარტში, ყოველთვიური მონაცემების ჯამით, დაახლოებით 458.7 მილიარდ რუბლს შეადგენდა. ამიტომ ფონდის ღირებულების კლება ბიუჯეტზე დახარჯული თანხის ზუსტ საზომად არ გამოდგება.

მეორე დეტალი ცენტრალური ბანკის ოქროს რეზერვია. 2022-2025 წლებში ბანკი მას თითქმის არ ეხებოდა: მარაგი 2,299 ტონიდან დაახლოებით 2,330 ტონამდე გაიზარდა და ამ დონეზე რჩებოდა. თუმცა ფასის ზრდის წყალობით მისი ღირებულება $127 მილიარდიდან (2022 წლის თებერვალი) $402.7 მილიარდამდე (2026 წლის 1 თებერვალი) გაიზარდა და საერთაშორისო რეზერვების 48.3% შეადგინა, რაც 1995 წლის შემდეგ უმაღლესი წილია. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მარტიდან 2026 წლის თებერვლამდე მონეტარული ოქროს ღირებულება $261 მილიარდზე მეტით გაიზარდა. თუმცა 2026 წელს ამ „ხელშეუხებელ“ მარაგსაც მიადგნენ: 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე ცენტრალური ბანკის ოქრო დაახლოებით 2,326-დან 2,271 ტონამდე შემცირდა. მხოლოდ წლის პირველ ნახევარში 43.5 ტონა გაიყიდა, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე დიდი ექვსთვიანი შემცირებაა.

ოქროს მარაგი 2022-2026 წლებში: ეროვნული კეთილდღეობის ფონდი და ცენტრალური ბანკი

წლის ბოლო

ფონდის ოქრო, ტონა

ცვლილება წლის განმავლობაში, ტონა

2022

554.9

-

2023

359.0

-196

2024

187.7

-171

2025

160.2

-27.5*

2026 (1 სექტემბერი)

131.5

-28.7

* 2025 წელს ფონდმა დაახლოებით 100 ტონა გაყიდა, თუმცა ივნისში მას ბიუჯეტის დამატებითი ნავთობგაზის შემოსავლებით შეძენილი 72.4 ტონა ოქრო დაემატა.

თარიღი

ცენტრალური ბანკის ოქრო, ტონა

ღირებულება, $ მლრდ

წილი რეზერვებში, %

2022 წლის თებერვალი

2,298.5

127

21.7

2026 წლის 1 იანვარი

2,325.5

326.5

43.3

2026 წლის 1 თებერვალი

2,317

402.7

48.3

2026 წლის 1 სექტემბერი

2,271

333.5

43.4

წყარო: რუსეთის ფინანსთა სამინისტრო, რუსეთის ცენტრალური ბანკი, Interfax, The Moscow Times, Kommersant, Kitco, Fortune. ცენტრალური ბანკის ოქროს გადაყვანა მილიონი უნციიდან ტონებში (1 მლნ უნცია = 31.1 ტ) ავტორის გამოთვლაა.

შეუზღუდავი სამხედრო ხარჯები

ირონიულია, რომ რუსეთის „ეროვნული კეთილდღეობის ფონდის“ ამოწურვა ძირითადად ომის ხარჯების გამო ხდება, რასაც ქვეყნის კეთილდღეობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. 2025 წლის ოფიციალური თავდაცვის ბიუჯეტი 13.5 ტრილიონ რუბლს (დაახლოებით $169 მილიარდს) შეადგენდა, თუმცა თავად თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა აღიარა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების რეალურმა ხარჯებმა, ყველა კატეგორიის ჩათვლით, დაახლოებით 15.9 ტრილიონ რუბლს (დაახლ. $199 მილიარდს), ანუ მშპ-ის 7.3%-ს, მიაღწია. შედარებისთვის: ომამდე, 2021 წელს, ოფიციალური თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 3 პროცენტს არ აღემატებოდა.

ეს ტრაექტორია 2026-2027 წლებში უარესდება. ხარჯების შეფასებისას ორი განსხვავებული მაჩვენებელი უნდა გავარჩიოთ. პირველია ოფიციალური ბიუჯეტის მუხლი „ეროვნული თავდაცვა“: 2026 წლისთვის ის 12.93 ტრილიონ რუბლს (დაახლოებით $140 მილიარდი, ბიუჯეტით გათვალისწინებული 92.2-რუბლიანი კურსით) შეადგენდა, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით კი 17.1 ტრილიონი რუბლია გათვალისწინებული, რაც მშპ-ის 7%-მდეა (დაახლ. $195.6 მილიარდი, 2027 წლის პროგნოზირებული 87.4-რუბლიანი კურსით). მეორეა საომარი ხარჯების დამოუკიდებელი შეფასება, რომელიც ფედერალური ბიუჯეტის ღია და გასაიდუმლოებულ მუხლებს აერთიანებს. იანის კლუგეს (SWP, ბერლინი) გამოთვლით, 2026 წლის პირველ ნახევარში მხოლოდ ფედერალური ბიუჯეტიდან (რეგიონული და გარე-საბიუჯეტო არხების გარეშე) ამგვარ ხარჯებზე 10.7 ტრილიონი რუბლი (დაახლ. $140 მლრდ, ფაქტობრივი ~76.5-რუბლიანი საშუალო კურსით) დაიხარჯა, რაც ფედერალური ბიუჯეტის ხარჯების 43.8%-ია. ეს ორი მაჩვენებელი არითმეტიკულად, პირდაპირ შედარებადი არ არის, ამიტომ 10.7 ტრილიონის შედარება 12.93-ტრილიონიან წლიურ გეგმასთან არ შეიძლება. თუ პირველი ნახევრის ტემპი წლის ბოლომდე შენარჩუნდა, ასეთი ხარჯები წელიწადში დაახლოებით 20-21 ტრილიონ რუბლს მიაღწევს, ანუ მშპ-ის დაახლოებით 9 პროცენტს (ეს მარტივი ექსტრაპოლაციაა და არა ოფიციალური პროგნოზი). თუ ომის ინტენსივობა არ შემცირდა, ფაქტობრივი ხარჯები სავარაუდოდ ოფიციალურ გეგმას 2027 წელშიც კვლავ მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.

The image depicts a line graph illustrating a fluctuating trend in percentage values over a span from 2020 to 2027.

AI-generated content may be incorrect.

საომარი მოქმედებების ხარჯების დაახლოებით ორი მესამედი გასაიდუმლოებულია. ხელმისაწვდომი მონაცემებით, ძირითადად ორ მიმართულებაზე იხარჯება:

·      პირადი შემადგენლობის ანაზღაურება (რომელიც ნაწილობრივ რეგიონული ბიუჯეტებიდან, საპენსიო ფონდიდან და სადაზღვევო კომპანია „სოგაზიდან“ იფარება);

·      საბრძოლო მასალების შესყიდვა, რომლის ღირებულებაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალი, უფრო ძვირადღირებული რეაქტიული დრონების გამოჩენის გამო (ადრინდელ „გერან-2“-თან შედარებით).

საკონტრაქტო სამსახურის პრემიების ყოველწლიური (ათეულობით პროცენტით) ზრდის დასაფინანსებლად რეგიონები სულ უფრო ხშირად მიმართავენ კომერციული ბანკების სესხებს - ეს არის ტენდენცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საბანკო სექტორში არსებულ დაძაბულობას.

გადასახადების ახალი ტალღა

მთავრობის არჩევანი აშკარაა: მუდმივად მზარდ სამხედრო ხარჯებს ის გადასახადების ზრდით აკომპენსირებს. 2025 წლიდან კორპორატიული მოგების გადასახადი 20-დან 25 პროცენტამდე გაიზარდა (რამაც ფედერალურ ბიუჯეტს დამატებით დაახლოებით 1.7-1.75 ტრილიონი რუბლი (დაახლ. $21-22 მლრდ) მოუტანა), ხოლო 2026 წლის 1 იანვრიდან დღგ-ის ძირითადი განაკვეთი 20-დან 22 პროცენტამდე გაიზარდა (შემცირებული 10-პროცენტიანი განაკვეთი სოციალურად მნიშვნელოვან საქონელზე, მაგალითად საკვებზე, მედიკამენტებზე, საბავშვო ნაწარმსა და წიგნებზე, და ნულოვანი განაკვეთი ექსპორტზე, უცვლელი დარჩა). პარალელურად, მკვეთრად შემცირდა დღგ-ის გადახდისგან გათავისუფლების ზღვარიც მარტივი რეჟიმის მქონე ბიზნესებისთვის: 60 მილიონი რუბლიდან 20 მილიონამდე (დაახლოებით $250,000), რაც ნიშნავს, რომ ათასობით მცირე ბიზნესი, რომელიც აქამდე დღგ-ისგან გათავისუფლებული იყო, ახლა მას გადაიხდის. ზღვრის შემდგომი შემცირება 2030 წლისთვის გადაიდო. ამასთანავე, 1 დეკემბრიდან იგეგმება ახალი ტექნოლოგიური მოსაკრებელი ლეპტოპებსა და სმარტფონებზე (ერთეულზე 5,000 რუბლამდე).

ჩინოვნიკების ფანტაზია ამაზე არ ჩერდება და 2027 წლის ბიუჯეტთან ერთად ფინანსთა სამინისტრომ დამატებითი საგადასახადო პაკეტი წარადგინა, რომლიდანაც დაახლოებით 1.1 ტრილიონი რუბლის (დაახლ. $13-14 მლრდ) მობილიზებას გეგმავს. პაკეტში შედის პასიურ შემოსავალზე (დივიდენდები, დეპოზიტების პროცენტი, ფასიანი ქაღალდები, ქონების გაყიდვა) საშემოსავლო გადასახადის გაზრდა პროგრესული სკალით 13-15 პროცენტიდან 22 პროცენტამდე, 22-პროცენტიანი დღგ უცხოურ ონლაინ-შენაძენებზე და 100-რუბლიანი საბაჟო მოსაკრებელი იაფ ამანათებზე, 15-პროცენტიანი გადასახადი საინვესტიციო ფონდების (ПИФ) შემოსავალზე, 35-პროცენტიანი გადასახადი უცხოელი ინვესტორების დივიდენდებზე „C ტიპის“ ანგარიშებზე, ზეგანაკვეთური მოგების გადასახადი ფერადი ლითონების, სასუქებისა და ოქროს ექსპორტიორებზე, ასევე ავტომობილების უტილიზაციის მოსაკრებლის ზრდა. კანონპროექტები ჯერ სრულად გამოქვეყნებული არ არის, ამიტომ პარამეტრები წინასწარია. ლოგიკა კი ერთია: ომისათვის რესურსი ჩვეულებრივი მოხმარების ხარჯზე უნდა მოიძებნოს.

ამ ორმაგი წნეხის ქვეშ (ერთ მხრივ, მზარდი სამხედრო-საბიუჯეტო ტვირთი, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესსა და მოსახლეობაზე გადანაწილებული საგადასახადო წნეხი) ეკონომიკური ზრდის ინერცია საბოლოოდ ჩერდება.

ინფლაცია და შრომის ბაზრის დეფიციტი

ომზე ორიენტირებული ხარჯვის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარება მონეტარულ პოლიტიკასაც მოუწია. საბიუჯეტო ხარჯების (ძირითადად თავდაცვის) უპრეცედენტო ზრდამ ეკონომიკა გადაახურა და ინფლაციური წნეხი გაზარდა: 2023 წელს წლიური ინფლაცია 7.4% იყო, 2024 წელს კი 9.5%-მდე აიწია, ხოლო 2025 წლის დასაწყისში 10%-ს გადააჭარბა.

ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის შესამცირებლად საბაზისო განაკვეთი 2024 წლის ოქტომბერში 21%-მდე აწია და ის 2025 წლის ივნისამდე შეინარჩუნა. შემდეგ დაიწყო ეტაპობრივი შემცირება: 2025 წლის ივლისში 18%-მდე, წლის ბოლოსთვის კი 16%-მდე. 2026 წლის ივლისში განაკვეთი 14% გახდა, თუმცა სექტემბერში ცენტრალურმა ბანკმა შემცირება შეაჩერა, რადგან ძირითადი ინფლაცია კვლავ იზრდებოდა. ეს ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება იყო ჩვეულებრივი ბიზნესებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო შეკვეთები არ ჰქონდათ: მაღალმა განაკვეთმა შეანელა ინფლაცია, თუმცა, ამავდროულად, კრედიტიც გააძვირა.

ამასთან, ასობით ათასი ადამიანის სამხედრო სამსახურსა და თავდაცვის მრეწველობაში გადასვლის ფონზე, უმუშევრობა 2.1-2.4 პროცენტამდე დაიწია. ეს ისტორიული მინიმუმია, თუმცა არა ჯანსაღი ეკონომიკის, არამედ შრომის ბაზრის მწვავე დეფიციტის ნიშანია. განსაკუთრებით მწვავეა კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, რომელსაც შუა აზიიდან შემოსული შრომითი მიგრანტების ნაკადი ვერ ავსებს. გარდა ამისა, 2023-2024 წლებში რუბლის გაუფასურება და მაღალი ინფლაცია შრომითი მიგრანტების ანაზღაურებას ვალუტაში ამცირებდა და რუსეთში სამუშაოდ ჩამოსვლის სტიმულს უკარგავდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამავდროულად რუსეთის მოსახლეობის რეალური შემოსავლები გაიზარდა: 2026 წლის პირველ ნახევარში რეალური განკარგვადი შემოსავალი 1.5%-ით, რეალური ხელფასები კი 6.5%-ით გაიზარდა (როსსტატი), თუმცა ზრდის ტემპი ეცემა.

ვადაგადაცილებული სესხების ტალღა

ეკონომიკაში ყველა კომპონენტი ერთმანეთთან დაკავშირებულია, ამიტომ მაღალი განაკვეთისა და ომზე ორიენტირებული ხარჯვის შედეგები გარდაუვლად აისახება საბანკო სექტორზეც. მაღალი განაკვეთების პირობებში იმ კომპანიების სესხები, რომლებსაც ომის შემკვეთები არ ჰყავდათ (განსაკუთრებით მოპოვებით და მეტალურგიულ სექტორებში, სადაც ფასები და მოთხოვნა დაეცა), თანდათან პრობლემურ აქტივებად იქცა. 2026 წლის ივნისისთვის ბანკების პრობლემურმა სესხებმა (რესტრუქტურიზებული და საეჭვო სესხების ჩათვლით) 13.4 ტრილიონ რუბლს (დაახლოებით $175 მილიარდს) მიაღწია. აქედან კორპორატიული სექტორის წილი 11.3 ტრილიონია (დაახლოებით $148 მილიარდი), რაც კორპორატიული პორტფელის 11.7 პროცენტია. ვადაგადაცილებული კორპორატიული დავალიანება 2026 წლის 1 აგვისტოსთვის 3.2 ტრილიონ რუბლს (დაახლოებით $42 მილიარდი) შეადგენდა.

იმავე თარიღისთვის ვადაგადაცილებული სესხების მქონე კომპანიებისა და ინდმეწარმეების რაოდენობამ 195,700-ს მიაღწია, რაც კორპორატიული მსესხებლების 27.6 პროცენტია. შედარებისთვის: 2025 წლის ბოლოს ეს წილი 23.8 პროცენტი იყო, ომის დაწყებამდე, 2022 წლის თებერვალში კი 13.1 პროცენტი (60,900 მსესხებელი). ანუ ომის დაწყებიდან პრობლემური მსესხებლების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. მოსკოვის საკრედიტო ბანკმა (МКБ), ერთ-ერთმა უმსხვილესმა კერძო ბანკმა, გაასაჯაროვა, რომ მისი 61-180 დღით ვადაგადაცილებული სესხები 2025 წლის იანვარ-სექტემბერში 7.5-ჯერ გაიზარდა (632 მილიარდ რუბლამდე) და პორტფელის 26.8 პროცენტს მიაღწია.

ცენტრალური ბანკი სისტემურ რისკებს ჯერ არ აღიარებს, მაგრამ რისკები აშკარაა: პრობლემური სესხების ის ნაწილი, რომელსაც არც რეზერვი და არც საიმედო უზრუნველყოფა არ ფარავს, 5.5 ტრილიონ რუბლს (დაახლოებით $72 მილიარდს) შეადგენს. ეს ბანკების სარეზერვო კაპიტალის, ანუ მინიმალურ მოთხოვნაზე მეტი კაპიტალის, დაახლოებით 60 პროცენტია. საბანკო სექტორში დაძაბულობის მზარდი ნიშნები ჩანს, თუმცა ეს ჯერ სისტემურ საბანკო კრიზისს არ ნიშნავს: ბუფერი ჯერ არ არის ამოწურული.

რუბლის სიმტკიცე და ამის ფასი

2024 წლის 92.8 რუბლიდან დოლარის საშუალო წლიური კურსი 2025 წელს 80.1 რუბლამდე გამყარდა, 2026 წლის მაისში კი ბირჟაზე 75 რუბლსაც ქვემოთ ჩავიდა, მაშინ როცა ბიუჯეტი 92.2 რუბლს ვარაუდობდა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა იჭერს ამ კურსს? ოფიციალურად - არცერთი უწყება. ცენტრალური ბანკი 2014 წლის ნოემბრიდან მცურავ კურსს იყენებს და ჩვეულებრივ პირობებში ვალუტის ბაზარზე პირდაპირ არ ერევა; ინტერვენციას მხოლოდ ფინანსური სტაბილურობის საფრთხის შემთხვევისთვის იტოვებს, როგორც ეს 2022 წელს მოხდა. პრაქტიკაში კი ბაზარზე ვალუტის მიწოდებას „ბიუჯეტის წესი“ არეგულირებს.

ბიუჯეტის წესი ნავთობის ზღვრულ ფასზე (2026 წელს Urals-ის ნავთობისთვის $59 ბარელზე) მიბმული მექანიზმია. როდესაც ნავთობის ფასი ამ ნიშნულზე მაღალია, ფინანსთა სამინისტრო დამატებით შემოსავალს ვალუტასა და ოქროში აქცევს. თუ დაბალია, სამინისტრო საბიუჯეტო დანაკლისის დასაფარად ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან ოქროსა და იუანს ცენტრალურ ბანკზე ყიდის და სანაცვლოდ რუბლს იღებს. თავის მხრივ, ცენტრალური ბანკი იმავე მოცულობის უცხოურ ვალუტას შიდა სავალუტო ბაზარზე ყიდის (ამ ოპერაციას „ასახვას“ ან „სარკისებურ ოპერაციას“ უწოდებენ). ამგვარად, ბაზარზე ვალუტის მიწოდება იზრდება, რაც რუბლის კურსს ამყარებს.

ამას ემატება ცენტრალური ბანკის საკუთარი, ბიუჯეტის წესისგან დამოუკიდებელი ვალუტის გაყიდვები. მათი მოცულობა 2025 წელს დღეში საშუალოდ დაახლოებით $111 მლნ (დაახლ. 8.9 მლრდ რუბლი), 2026 წლის პირველ ნახევარში კი დაახლოებით $60 მლნ (დაახლ. 4.62 მლრდ რუბლი) იყო. 2026 წლის 16 იანვრიდან 5 თებერვლამდე ბანკმა დღეში ჯამში 17.42 მლრდ რუბლის ღირებულების ვალუტის (დაახლ. $222 მლნ) გაყიდვა გამოაცხადა: 12.8 მლრდ რუბლი (დაახლ. $162 მლნ) ფინანსთა სამინისტროს ოპერაციებს შეესაბამებოდა, 4.62 მლრდ რუბლი (დაახლ. $60 მლნ) კი ბანკის საკუთარი გაყიდვა იყო. NEST[2]-ის გამოთვლებით, რომელიც ცენტრალური ბანკის სტატისტიკას ეყრდნობა, ბანკის ვალუტის გაყიდვები 2023 წლის საშუალო თვიური $834 მლნ-დან 2025 წელს $2.75 მლრდ-მდე გაიზარდა, 2026 წლის იანვარ-თებერვალში კი $3.6 მლრდ-ს მიაღწია. იმავე გამოთვლით, 2025 წელს ბანკის ვალუტის გაყიდვები რუსეთის 29 უმსხვილესი ექსპორტიორის ვალუტის შემოსავლის 34%-ს უდრიდა (2024 წელს 12%-ს). ანუ რუბლის კურსს სულ უფრო მეტად თავად ბანკი ინარჩუნებს.

ბანკის მიერ ვალუტის გაყიდვა მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია. რუბლს ამყარებს მაღალი საბაზისო განაკვეთიც (ის რუბლის დეპოზიტებს მიმზიდველს, იმპორტს კი ძვირს ხდის), სანქციებითა და ძვირი სესხებით გამოწვეული იმპორტის შემცირება, სავაჭრო ბალანსის დიდი სიჭარბე და კაპიტალის გადინების კლება.

რუბლის სიმყარეს ომის დაფინანსებაც უწყობს ხელს. გერმანული კვლევითი ინსტიტუტის SWP-ის (www.swp-berlin.org) ექსპერტის, იანის კლუგეს, შეფასებით, სამხედრო მრეწველობა ძირითადად ადგილობრივ წარმოებას, ხელფასებსა და მომსახურებას ეხება, ამიტომ რუბლს არ ასუსტებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამხედრო წარმოება იმპორტისგან დამოუკიდებელია: კრიტიკული კომპონენტების დიდი ნაწილი, მაგალითად დრონების ელექტრონიკა და ჩარხები, ჩინეთიდან შემოდის, ადგილზე კი ძირითადად აწყობენ.

2026 წლის გაზაფხულზე რუბლის გამყარებას კიდევ ერთმა გარემოებამ შეუწყო ხელი: მარტ-აპრილში ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის წესით ვალუტის ოპერაციები შეაჩერა, რამაც ბაზარს მსხვილი მყიდველი ჩამოაცილა. 8 მაისს ოპერაციები განახლდა, თუმცა დღიური მოცულობა ბაზრის მოლოდინზე ორჯერ ნაკლები აღმოჩნდა. შემდეგ სურათი შეიცვალა: სექტემბრის ბოლოს ცენტრალური ბანკის ოფიციალური კურსი უკვე დაახლოებით 84-85 რუბლს შეადგენდა, ხოლო ფინანსთა სამინისტრომ 7 სექტემბრიდან ვალუტის დღიური ყიდვა 6.5 მლრდ რუბლიდან (დაახლ. $77 მლნ) 2.5 მლრდ რუბლამდე (დაახლ. $30 მლნ) შეამცირა.

რატომ ხარჯავს პუტინის რუსეთი ამხელა ძალისხმევას რუბლის სტაბილურობისთვის? კურსის შენარჩუნებაში ფსიქოლოგიური ფაქტორი ეკონომიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. რუსეთში რუბლის გაუფასურებას, განსაკუთრებით მკვეთრ რყევას, მოსახლეობა ეკონომიკის მდგომარეობის სწრაფ გაუარესებად აღიქვამს (1998 და 2014 წლების გამოცდილების გამო), ამიტომ კურსი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სიგნალია, რომლითაც ადამიანები სტაბილურობას ზომავენ. გარდა ამისა, გაუფასურება ფასებში სწრაფად აისახება და უკვე მაღალ ინფლაციურ მოლოდინებს კიდევ უფრო ამძაფრებს. ამიტომ ხელისუფლება და ცენტრალური ბანკი კურსის სტაბილურობისათვის მნიშვნელოვან ფასს იხდიან: ფონდის ლიკვიდური ოქროს (554.9 ტონიდან 131.5 ტონამდე) და ბანკის საკუთარი ვალუტის რეზერვების ხარჯვით.

2026: ბიუჯეტის უფსკრული და მოთხოვნის ზრდა ნაღდი ფულზე

ეკონომიკის პრობლემები ბიუჯეტშიც აისახა: ხარჯები გეგმას ბევრად აჭარბებს. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 5.8 ტრილიონ რუბლს (დაახლოებით $76 მილიარდს), ანუ მშპ-ის 2.5 პროცენტს მიაღწია, მაშინ როცა ფინანსთა სამინისტრო მთელი წლისთვის მხოლოდ 3.8 ტრილიონ რუბლს (დაახლოებით $50 მილიარდს, მშპ-ის 1.6 პროცენტს) გეგმავდა. ამ პერიოდში ხარჯები 14.7 პროცენტით გაიზარდა, შემოსავლები კი მხოლოდ 9.2 პროცენტით. ამასთან, შემოსავლების ზრდა მთლიანად გადასახადების ზრდამ უზრუნველყო: ნავთობგაზის სექტორის გარეშე შემოსავლები 18.1 პროცენტით გაიზარდა, ნავთობისა და გაზის შემოსავლებმა კი 16.7 პროცენტით დაიკლო. ივლისში სამინისტრომ ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის პროგნოზი 5 ტრილიონ რუბლამდე (დაახლ. $58 მლრდ) გაზარდა, დამოუკიდებელი ეკონომისტები კი 6-7 ტრილიონ რუბლს (დაახლ. $70-81 მლრდ), ანუ მშპ-ის თითქმის 3 პროცენტს ასახელებენ. მათი გამოთვლებით, 2026 წლის ბოლოსთვის კონსოლიდირებული (რეგიონული ბიუჯეტებისა და გარე-საბიუჯეტო ფონდების დამატებით) დეფიციტი 9-10 ტრილიონ რუბლს (დაახლ. $105-116 მლრდ), ანუ მშპ-ის დაახლოებით 4.5-5 პროცენტს მიუახლოვდება.

ამ გამოწვევების საპასუხოდ, ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო განაკვეთი 14%-ზე გაყინა, თუმცა ინფლაციის შეკავება მაინც ვერ ხერხდება: აგვისტოში წლიურმა მაჩვენებელმა 6.3%-ს მიაღწია (ივლისის 6.0%-ის შემდეგ), რაც 2025 წლის ნოემბრის შემდეგ მაქსიმალური ნიშნულია. ამას ნაწილობრივ ხელი შეუწყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულმა უკრაინული დრონების იერიშებმაც (ბენზინის ფასების ზრდამ 24.6%-ს მიაღწია). ლონდონის ბიზნეს-სკოლის დეკანი, სერგეი გურიევი, ნათლად ხსნის ამ ფენომენის სტრუქტურულ ხასიათს: როდესაც სახელმწიფო ჯარისკაცს ან სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს მილიარდ რუბლს (დაახლ. $12 მლნ) უხდის, ეკონომიკისთვის ეს ფაქტობრივად ფულის ბეჭდვის ტოლფასია. ეს პროდუქტი სამოქალაქო ბრუნვაში აღარ ბრუნდება - ტანკი ომის ველზე იწვის. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, თავად სახელმწიფო ხარჯების სტრუქტურა მუდმივ ინფლაციურ წნეხს ქმნის.

კიდევ უფრო საყურადღებოა აცდენა ოფიციალურ სტატისტიკასა და საზოგადოებრივ აღქმას შორის: ცენტრალური ბანკის დაკვეთით, კომპანია „ინფომის“ მიერ ჩატარებული 2026 წლის სექტემბრის გამოკითხვით, მოსახლეობა ბოლო 12 თვის ინფლაციას მედიანურად 15.1%-ად აფასებს, ხოლო მომდევნო წლისთვის 14.2%-იან ზრდას ელის, რაც ოფიციალურ ციფრზე (6.3%) გაცილებით მეტია. ეს განსხვავება თავისთავად სერიოზულ რისკს შეიცავს: მაღალი ინფლაციური მოლოდინების პირობებში მოსახლეობა ცდილობს სწრაფად დახარჯოს ფული, რაც ინფლაციური სპირალის ეფექტს კიდევ უფრო ზრდის. საბანკო სისტემაშიც დაძაბულობა თვალსაჩინო გახდა და გურიევის თქმით, ეს ნაწილობრივ თავად სისტემის სტრუქტურამ განაპირობა: თავდაცვის სექტორი წლის დასაწყისში ბიუჯეტიდან წინასწარ გადახდილ თანხას იღებს და საპროცენტო განაკვეთებზე დამოკიდებული არ არის, ხოლო ბიზნესი იძულებულია ბანკიდან 14-პროცენტიანი საბაზისო განაკვეთის პირობებში ისესხოს, რაც მასზე დამატებით „გადასახადს“ აწესებს და სწორედ ამან შექმნა ვადაგადაცილებული სესხების ტალღა. კომერციული ბანკების ლიკვიდურობის დეფიციტი (ცენტრობანკში ანგარიშსწორების თანხების ნაკლებობა) 2026 წელს დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა: 0.6 ტრილიონი რუბლიდან ($6.9 მლრდ) 2.6 ტრილიონამდე ($30 მლრდ), თუმცა ეს ჯერჯერობით ცენტრობანკის საკუთარი წლიური პროგნოზის (2.4-3.6 ტრილიონი რუბლი, დაახლ. $28-42 მლრდ) ფარგლებშია. ეს არ უნდა აგვერიოს ბანკების ჯამურ 6-ტრილიონიან ($69 მლრდ) დავალიანებასთან თავად ცენტრობანკის მიმართ, რაც სულ სხვა მაჩვენებელია.

Screenshot

პარალელურად, მოთხოვნა ნაღდი ფულზე სწრაფად იზრდება: 2026 წლის თებერვლიდან ივლისამდე ბანკებიდან ნაღდი სახით დაახლოებით 2.5 ტრილიონი რუბლი (დაახლოებით $33 მილიარდი) გავიდა, მხოლოდ ივლისში კი რეკორდული 643 მილიარდი რუბლი ($8.4 მილიარდი). მოსახლეობის სახსრების მთლიან მოცულობასთან (68.5 ტრილიონი რუბლი, დაახლოებით $815 მილიარდი, 1 სექტემბრის მდგომარეობით) შედარებით ეს ჯერჯერობით მხოლოდ 3-4 პროცენტია და მასობრივ პანიკას ვერ ვუწოდებთ. ნაღდ ფულზე მოთხოვნა ინფლაციური მოლოდინებითაც შეიძლება იზრდებოდეს და ავტომატურად ბანკების მიმართ ნდობის დაკარგვას არ ნიშნავს. თუმცა ტენდენცია შესამჩნევია: ივლისში 301 ბანკიდან მინიმუმ 152-მა ვადიან ანაბრებზე შემცირება დააფიქსირა, გამოკითხულთა 37% კი ნაღდ ფულს საუკეთესო დანაზოგად მიიჩნევს, რაც 2022 წლის შემოდგომის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დასავლური მედია (Washington Post, Euronews, Fortune) ამ პროცესს „ნელი ტემპის საბანკო პანიკას“ (slow-motion bank run) უწოდებს.

მოქალაქეთა შიშს კიდევ ერთი დეტალი ამძაფრებს: 2026 წლის ივნისში მილიარდერ ვადიმ მოშკოვიჩს $7.6 მილიარდის ოდენობის აქტივი ჩამოერთვა. ეს პრეცედენტი მსხვილ ბიზნესს ეხება და ტექნიკურად სულ სხვა სამართლებრივი მექანიზმია, ვიდრე მასობრივი ანაბრების გაყინვა, თუმცა რიგით მეანაბრეს ლოგიკური კითხვა უჩნდება: „საიდან ვიცი, ეს ჩემამდე არ მივა?“. ამასთან, კაპიტალის გადინებაც აჩქარდა: მხოლოდ 2026 წლის მეორე კვარტალში $9.4 მილიარდზე მეტი კაპიტალი გავიდა ქვეყნიდან.

ნავთობის ფასის ზრდა, რაც ბიუჯეტს ვერ გადაარჩენს

ბიუჯეტსა და საბანკო სექტორზე არსებულ წნეხს პირველ რიგში ნავთობის მაღალ ფასად რეალიზაცია შეამსუბუქებდა. 2026 წელს ასეთი შესაძლებლობა მართლაც გამოიკვეთა. მარტში, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ წამოწყებულმა სამხედრო ოპერაციამ ჰორმუზის სრუტე, საიდანაც გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით 20% მოდის, ფაქტობრივად ბლოკადის ზღვარზე მიიყვანა. თებერვალში $56.6-მდე დაცემული Urals-ის ნავთობის ფასი აპრილისთვის $112.3-მდე ნახტომისებურად გაიზარდა და ორ თვეში თითქმის გაორმაგდა. ამასთან, 2026 წლის რუსეთის ბიუჯეტი ნავთობის ზღვრულ ფასად $59-ს ითვალისწინებდა. მსოფლიო დეფიციტის შესამსუბუქებლად, ვაშინგტონმა 2026 წლის მარტში რუსული ნავთობის რეალიზებას ზღვაში მყოფი ტვირთების ნაწილში დროებით ნება დართო (OFAC-ის ლიცენზია რამდენჯერმე გაგრძელდა და 17 ივნისს ამოიწურა). ამ ყველაფერს, ერთი შეხედვით, კრემლისთვის დამატებითი, ზეგეგმითი შემოსავლები უნდა მოეტანა.

თუმცა შესაძლებლობების ეს ფანჯარა სწრაფად დაიხურა. ივლისისთვის ფასები კვლავ $60-იან ნიშნულს დაუბრუნდა, გლობალურმა ბაზარმა ალტერნატიული ლოგისტიკური მარშრუტებისა და სტრატეგიული მარაგების მართვით სწრაფი ადაპტაცია შეძლო, ხოლო ჩინეთმა ნედლი ნავთობის იმპორტი შეამცირა და საკუთარი რეზერვების გახსნაც კი დაიწყო. აგვისტო-სექტემბერში რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაცია ხელახლა გამწვავდა (მათ შორის საუდის არაბეთის მთავარი აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენის დაზიანების გამო, რამაც გლობალური მიწოდების 4%-ს საფრთხე შეუქმნა) და Brent-ის ფასმა $100-ს ისევ გადააჭარბა, თუმცა ამჯერად უკვე მკვეთრად მერყევი და არასტაბილური ტრაექტორიით.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ ორი მექანიზმის გამო, ფასის ეს ზრდაც კი რუსეთის ბიუჯეტს ეფექტიანად ვერ ეხმარება. პირველი - მყარი რუბლი: 2026 წლის ბიუჯეტი დოლარს 92.2 რუბლად ითვლიდა, რეალურად კი საშუალო კურსი 76.5 რუბლი იყო. ამ სიმყარის მიზეზები ზემოთ უკვე განვიხილეთ. ნავთობი დოლარებში იყიდება, ბიუჯეტი კი რუბლებს ხარჯავს. რაც უფრო ძლიერია რუბლი, მით ნაკლებ რუბლად იცვლება იგივე დოლარი და ბიუჯეტის შემოსავალი მცირდება. მეორე - ეგრეთ წოდებული „საწვავის დემფერი“: მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ბიუჯეტი თავად უხდის კომპენსაციას ნავთობგადამამუშავებელ კომპანიებს იმისთვის, რომ შიდა ბაზარზე საწვავის ფასი არ აწიონ საერთაშორისო დონემდე. რაც უფრო იზრდება საწვავის გლობალური ფასი, მით მეტია დემფერის გადასახდელიც - მხოლოდ სექტემბერში ბიუჯეტმა ნავთობკომპანიებს დემფერის სახით 305.5 მლრდ რუბლი (დაახლ. $3.6 მლრდ) გადაუხადა, რაც 2022 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2026 წლის პირველ რვა თვეში დემფერმა 1.204 ტრილიონ რუბლს (დაახლ. $15 მლრდ) მიაღწია. ანუ ერთი მხრივ, ნავთობიდან ფული ბიუჯეტში შემოდის, მეორე მხრივ კი ნავთობკომპანიებს უბრუნდება.

შედეგად, საერთაშორისო ფასების მკვეთრი მატების მიუხედავად, 2026 წლის იანვარ-ივლისში რუსეთმა ნავთობ-გაზის გადასახადებიდან სულ 4.6 ტრილიონი რუბლი ($55.2 მილიარდი) მიიღო - გეგმასთან შედარებით მხოლოდ 127.6 მილიარდი რუბლით ($1.5 მილიარდით) მეტი. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ეს შემოსავალი 20%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის ბუმთან შედარებით 35%-ით. ანალიტიკოსების შეფასებით, საუკეთესო შემთხვევაში, 2026 წლის ნავთობ-გაზის შემოსავალი მხოლოდ წინა წელს გაუტოლდება. ნავთობგაზიდან შემოსავალი ოთხ ფაქტორზეა დამოკიდებული: ფასზე, ექსპორტის მოცულობაზე, საგადასახადო რეჟიმსა და რუბლის კურსზე, ამიტომ ფასის ზრდა თავისთავად ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას არ ნიშნავს.

ეს ყველაფერი ერთად ხსნის, რატომ შენელდა ეკონომიკური ზრდა ასე მკვეთრად. 2023-2024 წლების 4.1-4.3-პროცენტიანი ზრდის შემდეგ, ცენტრალური ბანკი 2026 წლისთვის მხოლოდ 0.5-1.5-პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს, ხოლო IMF-იც მსგავს, 0.9-1.5-პროცენტიან დიაპაზონს ასახელებს. ომის ეკონომიკის აღმავლობის ეტაპი დასრულდა. როგორც ზოგიერთი ეკონომისტი უწოდებს, ეს არის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ეკონომიკის შენელებიდან („მართული გაცივება“, managed cooling) ღია სტაგნაციაში (outright stagnation) გადასვლა.

დიაგრამა ნათლად აჩვენებს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ნეგატიურ დინამიკას:

The image shows a graph with two bars, one depicting an increase of 4.1% and the other showing an increase of 4.3%, indicating a trend of growth in the years 2022 to 2026.

AI-generated content may be incorrect.

 

როცა სახელმწიფო ბანკის მთავარი ეკონომისტი სიმართლეს ამბობს

2026 წლის მაისში, მოსკოვის ბირჟასთან არსებულ „ნიკიტსკის კლუბში“, რუსეთის სახელმწიფო განვითარების ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, ანდრეი კლეპაჩმა, საჯაროდ განაცხადა: „ამ გამოფიტვის ომში ჩვენ კონკურენციას ვერ მოვიგებთ.“ მისი შეფასებით, რუსეთის ეკონომიკა წელიწადში 2-2.5 პროცენტზე მეტად ვერ გაიზრდება, 2027 წელს კი ზრდა შესაძლოა 1-1.5 პროცენტსაც ვერ გადააჭარბოს. რეალური განკარგვადი შემოსავალი წელს მხოლოდ 0.6 პროცენტით იზრდება; მარცვლეულის რენტაბელობა, მისივე მაგალითით, საშუალოდ დაახლოებით 40 პროცენტიდან 4-5 პროცენტამდე დაეცა; ძირითად კაპიტალში ინვესტიციები კი 2026 წელს რეალურად 2.5 პროცენტით შემცირდება. მან განსაკუთრებით აღნიშნა, რომ რუსეთი ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ კონკურენციას აგებს არა მხოლოდ ჩინეთსა და აშშ-სთან, არამედ, გარკვეულწილად, უკრაინასთანაც - ომისაგან გამოფიტულ და მძიმე დემოგრაფიული კრიზისში მყოფ ქვეყანასთან. მისი ყველაზე მკვეთრი გაფრთხილება ასე ჟღერდა: „ეკონომიკა გაუძლებს, მაგრამ ჩვენ სოციალურ კრიზისს შევეჯახებით მაშინ, როცა ამას არავინ ელოდება.“ ამასთან, მან პარალელი გაავლო 1917 წლის თებერვლის რევოლუციასა და საბჭოთა კავშირის დაშლასთან.

ეს ეპიზოდი კარგად აჯამებს ამ ნაწილის მთავარ დასკვნას: სახელმწიფოს საკუთარი ეკონომისტებიც კი ხედავენ, რომ ციხესიმაგრე შიგნიდან „ტყდება“.

 

ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ დღეისათვის რუსეთის ეკონომიკა კოლაფსის პირასაა: საბიუჯეტო სისტემა ჯერ კიდევ ინარჩუნებს ლიკვიდურობას, ეროვნული ვალუტა კი შედარებით სიმყარეს. თუმცა ამ მაკროეკონომიკურ ინერციას კრემლი უზარმაზარი ფასის სანაცვლოდ ყიდულობს. ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ლიკვიდური ოქრო 2022 წლის 554.9 ტონიდან 131.5 ტონამდე შემცირდა, ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება, ეკონომიკური ზრდა თითქმის შეჩერდა, ხოლო საბიუჯეტო ხვრელებს ნავთობის მაღალი ფასიც ვეღარ ავსებს. წნეხი სისტემურ კრიზისად მხოლოდ გარკვეულ პირობებში გადაიქცევა: თუ ნავთობის ფასი ხანგრძლივად ბიუჯეტის წესის ზღვარზე (2026 წელს Urals-ისთვის $59) ქვემოთ დარჩება, ფონდის ლიკვიდური აქტივები ამოიწურება ან ბანკების კაპიტალის ბუფერი მკვეთრად შემცირდება. სანამ ეს არ მოხდება, მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ბიუჯეტის დეფიციტი და შრომის დეფიციტი შეიძლება ხანგრძლივად არსებობდეს ეკონომიკური კოლაფსის გარეშე, ანუ ხანგრძლივი სტაგნაციის რეჟიმში.

2022 წლის კითხვას, გაუძლებდა თუ არა ციხესიმაგრე, ახლა ახალი, უფრო კრიტიკული კითხვა ემატება: რამდენ ხანს შეუძლია მას გაძლება ისე, რომ საკუთარი საძირკველი არ გამოხრას? პასუხი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, როდის და როგორ დასრულდება ომი და რა მდგომარეობაში შეხვდება რუსეთი მშვიდობიან პერიოდს. ამ ბლოგში აღწერილი პრობლემები - ეკონომიკური ზრდის შენელება, მაღალი საპროცენტო განაკვეთი, გადასახადების ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი, ნავთობგაზის შემოსავლების შემცირება და საბანკო სექტორში პრობლემური სესხების მატება - ომის დასრულებით თავისთავად არ გაქრება. მათ დემოგრაფიული კრიზისი და ტექნოლოგიური ჩამორჩენაც ემატება. ამ თემებს სერიის მომდევნო ბლოგში განვიხილავთ.

 

მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, 2020-2026 წწ.

რუსეთის ეკონომიკის შესახებ სანამ დასკვნით ბლოგპოსტზე გადავალთ, ერთ სურათში მოვაქციოთ 2020-2026 წლები. ცხრილი აჩვენებს ომამდელ ორ წელს და შემდგომ პერიოდს, რათა ნათლად გამოჩნდეს, რა შეიცვალა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ.

მაჩვენებელი

2020

2021

2022

2023

2024

2025

2026

ეროვნული ანგარიშები

მშპ-ის რეალური ზრდა, წლიური, %

-3.0

+5.6

-2.1

+4.1

+4.3

+1.0

+1.0*

მშპ მიმდინარე ფასებში, მლრდ $

1,488

1,829

2,296

2,035

2,186

2,665

1,333^

მშპ ერთ სულ მოსახლეზე, დაახლ. $

~10,200

~12,500

~15,800

~14,000

~15,100

~18,500

~18,600^

მიმდინარე ანგარიშის სალდო, მლრდ $

35.4

125.0

237.7

49.4

62.5

43.1

34.1^

ფასები და მონეტარული პოლიტიკა

ინფლაცია, წლის ბოლოს, %

4.9

8.4

11.9

7.4

9.5

5.6

6.3^

ძირითადი საპროცენტო განაკვეთი, წლის ბოლოს, %

4.25

8.5

7.5

16.0

21.0

16.0

14.0^

გაცვლითი კურსი, რუბ/$, წლიური საშუალო

72.3

73.7

69.9

85.5

92.8

80.1

84.3^

შრომის ბაზარი

უმუშევრობის დონე, %

5.6

4.8

3.9

3.1

2.5

~2.2

~2.0-2.2*

საგარეო ვაჭრობა (საქონელი)

ექსპორტი, მლრდ $

337

494

592

425

434

419

219.5^

იმპორტი, მლრდ $

243

301

277

303

302

303

146.1^

სავაჭრო ბალანსი, მლრდ $

+93

+193

+316

+122

+132

+117

+73.4^

ფისკალური სექტორი

ფედერალური ბიუჯეტის სალდო, % მშპ

-3.8

+0.4

-2.1

-1.9

-1.7

-2.6

-2.5^

კონსოლიდირებული ბიუჯეტის სალდო, % მშპ

არ არის

არ არის

არ არის

არ არის

არ არის

-3.9

~-4.5-5◇

თავდაცვის ბიუჯეტი („ეროვნული თავდაცვა“), % მშპ

არ არის

2.5

3.0

3.6

5.3

6.2†

არ არის

რეზერვები და ფონდები

საერთაშორისო რეზერვები (ცენტრ. ბანკი), მლრდ $

~596

~630

~582

~599

~609

754.9

769.0^

 მათ შორის: დასავლეთის მიერ გაყინული, მლრდ $

-

-

~300-330◆

~300-330◆

~300-330◆

~300-330◆

~300-330◆

 მათ შორის: ცენტრ. ბანკის ოქრო, ტონა

~2,295

~2,298

~2,299

~2,317

~2,330

2,325.5

2,282‡

ეროვნული კეთილდღეობის ფონდი (NWF), მლრდ $ (ლიკვიდური)

117.2

116.5§

~86‖

56.6

37.5

52.3¶

46.7^

 მათ შორის: NWF-ის ოქრო, ტონა

-

-

554.9‖‖

359.0

187.7

160.2¶

131.5^

დემოგრაფია

მოსახლეობა, მლნ

146.4

~146.2

145.6

145.4

144.8

144.0

143.4

შობადობა, მლნ

1.44

1.39

1.30

1.26

1.22

არ ქვეყნდება

არ ქვეყნდება

გარდაცვალება, მლნ

2.10

2.44

1.89

1.76

არ არის

არ ქვეყნდება

არ ქვეყნდება

ბუნებრივი კლება, ათასი

-689

-1,050

-590

-500

არ არის

არ ქვეყნდება

არ ქვეყნდება

წყარო: რუსეთის ცენტრალური ბანკი (CBR), ფინანსთა სამინისტრო, Rosstat, IMF, მსოფლიო ბანკი, The Moscow Times, TASS, Interfax, Trading Economics, OSW Centre for Eastern Studies, Free Russia Foundation - ცალკეული მაჩვენებლების მიხედვით შედგენილი. * 2026 - ცენტრალური ბანკის/IMF-ის პროგნოზი (მხოლოდ მშპ-ის ზრდის ტემპი, ინფლაცია და უმუშევრობა). ^ 2026 - ფაქტობრივი, ჯერჯერობით ხელმისაწვდომი მონაცემი (არასრული წელი, არა პროგნოზი): მშპ, საგარეო ვაჭრობა და მიმდინარე ანგარიში - 2026 წლის I ნახევარი (იანვარი-ივნისი); ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი - იანვარი-აგვისტო 2026; საერთაშორისო რეზერვები და NWF-ის ლიკვიდური ნაწილი და ოქრო - 2026 წლის სექტემბრის დასაწყისი; ძირითადი საპროცენტო განაკვეთი და გაცვლითი კურსი - 2026 წლის 11-15 სექტემბრის მდგომარეობით (არა წლიური საშუალო ან წლის ბოლოს მაჩვენებელი, ვინაიდან წელი ჯერ არ დასრულებულა); ინფლაცია - აგვისტოს ფაქტობრივი მაჩვენებელი (არა წლიური პროგნოზი); მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2026 - I ნახევრის მაჩვენებლის გაორმაგებით მიღებული საორიენტაციო წლიური შეფასება. ◇ ავტორისეული შეფასება: ფედერალური დეფიციტის დამოუკიდებელი ეკონომისტების წლიური პროგნოზიდან (6-7 ტრლნ რუბ., ~3% მშპ) და 2025 წლის კონსოლიდირებული/ფედერალური თანაფარდობიდან (დაახლ. 1.5x) გამომდინარე; ოფიციალური სრულწლიური პროგნოზი ამ დრომდე გამოქვეყნებული არ არის. † ოფიციალური „ეროვნული თავდაცვის“ საბიუჯეტო მუხლი - თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელოუსოვის თანახმად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯების სრული მოცულობა 2025 წელს მშპ-ის 7.3%-ს აღწევდა (იხ. ნაწილი III). ‡ ცენტრ. ბანკის ოქროს უახლესი საჯარო მონაცემი 2026 წლის ივლისის მდგომარეობით (სექტემბრის მონაცემი ჯერ არ გამოქვეყნებულა). ◆ დასავლეთის (ძირითადად G7 და ევროკავშირის) მიერ გაყინული ცენტრალური ბანკის რეზერვები - იხ. ნაწილი I. თანხა ზემოთ მოცემულ „საერთაშორისო რეზერვების“ ჯამშია გათვალისწინებული, დამატებითი არ არის; 2022 წლის თებერვლიდან პრაქტიკულად უცვლელი რჩება (მისი დიდი ნაწილი, ≈€193-210 მლრდ, ბელგიურ Euroclear-შია განთავსებული) და არც დაბრუნებულა, არც საბოლოოდ ჩამორთმეულა 2026 წლის სექტემბრისთვის. § NWF-ის ლიკვიდური აქტივები ომის დაწყებამდე, 2022 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით. ‖ 2022 წლის NWF-ის ლიკვიდური ნაწილის შუალედური, დამრგვალებული შეფასება (≈6 ტრლნ რუბლი) ეყრდნობა ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვის 2023 წლის 6 თებერვლის განცხადებას, ვინაიდან ზუსტი წლის ბოლოს მაჩვენებელი ამ ფორმატში საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. ‖‖ NWF-ის ოქროს მაქსიმუმი (554.9 ტონა) დაფიქსირდა 2022 წლის ნოემბერში - თებერვალში, ომის დაწყებამდე, ფონდს მხოლოდ 405.7 ტონა ოქრო ჰქონდა; ზრდა აიხსნება დოლარისა და ევროდან იუანსა და ოქროში კონვერტაციით, სანქციების პასუხად. ¶ 2026 წლის 1 იანვარი, ანუ 2025 წლის ბოლო მდგომარეობა. NWF-ში ოქრო 2020-2021 წლებში ცალკე მუხლად, საკმარისი სიზუსტით, საჯაროდ არ ქვეყნდებოდა, ამიტომ ცხრილში არ არის. შობადობისა და გარდაცვალების 2025-2026 წლების მონაცემები ცხრილში არ ჩანს, რადგან რუსეთის ოფიციალური სტატისტიკა (Rosstat) 2025 წლის გაზაფხულიდან შეწყვიტა დეტალური დემოგრაფიული მონაცემების რეგულარულ საჯარო გამოქვეყნებას (The Moscow Times-ის ცნობით) - ეს თავადაც მნიშვნელოვანი ფაქტია, გამჭვირვალობის შემცირებაზე რომ მეტყველებს. მოსახლეობის მონაცემები საერთაშორისო შეფასებებია და შესაძლოა არ ემთხვეოდეს Rosstat-ის ოფიციალურ ციფრებს, რომლებიც ზოგიერთი დამოუკიდებელი დემოგრაფის აზრით გაზრდილია.



[1] Bruegel - ბრიუსელში დაფუძნებული ევროპული ეკონომიკური კვლევის ცენტრი (think tank), წამყვანი წყარო რუსეთის სანქციებისა და სავაჭრო ნაკადების გადამისამართების ანალიზზე.

 

[2] NEST (New Eurasian Strategies Centre) - ლონდონსა და ვაშინგტონში მოქმედი ანალიტიკური ცენტრი, რომელიც რუსეთის გრძელვადიან განვითარებას იკვლევს. დააარსა რუსმა ბიზნესმენმა და პუტინის რეჟიმის ოპონენტმა მიხეილ ხოდორკოვსკიმ; ეკონომიკის მიმართულებას სერგეი ალექსაშენკო ხელმძღვანელობს, რუსეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრის მოადგილე (1993-1995) და ცენტრალური ბანკის პირველი ვიცე-თავმჯდომარე (1995-1998).

Comments

Popular posts from this blog

Big Little Lies: როგორ იქმნება ანტიევროპული ნარატივები საქართველოში

Big Little Numbers: ციფრებს ლავროვის ცრემლების არ სჯერა!

Big Little Lies: How Anti-European Narratives Are Manufactured in Georgia (English version)