რუსეთის ეკონომიკა 2009-2021: გზა ომისკენ
რუსეთის ეკონომიკა 2009-2021:
გზა ომისკენ
შესავალი
წინა ბლოგში ვნახეთ, როგორ ჩამოაყალიბა
პუტინმა 2000-იან წლებში ძლიერი და ცენტრალიზებული ეკონომიკური სისტემა. ამ ნაწილში
პასუხი უნდა გავცეთ კითხვას: როგორ იქცა ეს
სისტემა კრემლის მთავარ დასაყრდენად დასავლეთის სანქციებთან, საერთაშორისო იზოლაციასა და
ხანგრძლივ ომთან გასამკლავებლად?
ტრანსფორმაციის საკვანძო თარიღი 2014 წელია. ყირიმის
ანექსიის შემდგომ დაწესებულმა დასავლეთის სანქციებმა და ნავთობის ფასის მკვეთრმა
ვარდნამ კრემლი დაარწმუნა, რომ რუსეთის ეკონომიკურ უსაფრთხოებას მხოლოდ საექსპორტო შემოსავლები
ვერ უზრუნველყოფდა. საჭირო გახდა რეზერვების დაგროვება, ფინანსური არხების დაცვა
(რუსული SWIFT და
VISA-ის შექმნა)
და სახელმწიფოსთვის
სტრატეგიულ სექტორებზე უფრო მჭიდრო კონტროლი.
ასე დაიწყო
ე.წ.
„ციხესიმაგრის ეკონომიკის“ მშენებლობა - მოდელის, რომელიც არა
მოქალაქეთა კეთილდღეობაზე, არამედ
სახელმწიფოს გამძლეობაზე იყო ორიენტირებული. სწორედ
ამ მოდელმა
შექმნა ის
ფინანსური და
ინსტიტუციური საფუძველი,
რომელმაც რუსეთს
2022 წელს უპრეცედენტო სანქციების პირველი დარტყმის გადატანის შესაძლებლობა მისცა.
ერთი რამ ამ არქიტექტურაში თავიდანვე უნდა გამოვკვეთოთ: კორუფცია.
მას, როგორც წესი, ცალკე თემად განიხილავენ, ამ შემთხვევაში კი ის ამ ციხესიმაგრის
კონსტრუქციის განუყოფელი ნაწილია. კრემლი ერთდროულად აშენებდა თავდაცვისა
და რესურსების განაწილების მექანიზმებს. სახელმწიფო რესურსებზე კონტროლი ნიშნავდა
კონტროლს იმაზე, თუ ვისთან მიდიოდა ფული (მათ შორის კორუფციული არხებითაც),
ხოლო ამ ფულზე წვდომის ბოძება ერთგულების ყიდვის მთავარი ინსტრუმენტი იყო.
ამიტომ, ამ ტექსტში კორუფცია გამოიკვეთება არა როგორც ცალკეული სკანდალების
ჩამონათვალი, არამედ, როგორც ციხესიმაგრის დუღაბი: სწორედ ის აკავებს აგურებს ერთად
და ისაა კედლის ყველაზე სუსტი ადგილიც.
გარდამავალი 2009-2013,
მშვიდი წლები
2008
წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა ბევრს გაუჩინა შთაბეჭდილება, რომ პუტინის
„ეკონომიკური სასწაული“ დასრულდა. ნავთობის ფასზე დამყარებულმა ზრდამ თავისი სისუსტე
გამოავლინა, ხოლო რუსეთს, ეკონომიკის დივერსიფიკაცია და კომპლექსური ინსტიტუციური რეფორმები სჭირდებოდა.
კრემლმა
კრიზისი სხვაგვარად აღიქვა. იგი არა ძველი მოდელი შეცვლას,
არამედ მის გამაგრებას
შეუდგა.
ერთი
შეხედვით, 2009–2013 წლები რუსეთის ეკონომიკურ ისტორიაში მშვიდი პერიოდია. ეკონომიკა
რეცესიიდან ნელ-ნელა გამოდიოდა, ნავთობის ფასი კვლავ იზრდებოდა, ხოლო პრეზიდენტი დიმიტრი
მედვედევი მოდერნიზაციაზე, ინოვაციებსა და დივერსიფიკაციაზე საუბრობდა. მისი
ხელდასმით შეიქმნა
„სკოლკოვო“, სახელმწიფო ინოვაციებისა და მაღალტექნოლოგიური სტარტაპების ცენტრი,
რომელსაც რუსეთის „სილიკონის ველად“ გახდომის ამბიცია
გააჩნდა.
|
სკოლკოვო - რუსული "სილიკონის ველი" თუ „ვასიუკი“? 2009 წლის ბოლოს დიმიტრი
მედვედევმა წამოიწყო პროექტი, რომელზეც 3-იდან 5 მილიარდ დოლარამდე უნდა დახარჯულიყო.
ინიციატივაში 300-ზე მეტი გლობალური გიგანტი უნდა ჩართულიყო, მათ შორის:
Siemens, IBM, Intel, Microsoft და Cisco. მოკლედ, ყველაფერი ძალიან ჰგავდა ერთ საკულტო
საბჭოთა წიგნში აღწერილ უტოპიური ქალაქ „ვასიუკის“ ისტორიას. თუმცა, 2012 წელს ვლადიმერ
პუტინის კვლავ გაპრეზიდენტების შემდეგ, პროექტისადმი პოლიტიკური ინტერესიც ნელ-ნელა
განელდა. ხოლო 2013 წლის აპრილში „სკოლკოვოს“ ოფისებში ანტიკორუფციული სამსახური
შევიდა და სერიოზული კორუფციული დარღვევები გამოავლინა. აუდიტმა 45 მილიონ დოლარზე
მეტის მითვისება დააფიქსირა. გამომძიებლებმა ორი
უფროსი მენეჯერი დააკავეს და ამ პროცესში შემთხვევით Intel-ის უცხოელი
წარმომადგენელიც მოჰყვა. გამოძიების პერიოდში პროექტის დაფინანსება გაყინეს, შემდგომში
კი მისი ბიუჯეტი რამდენჯერმე 20-40%-ით შეკვეცეს. თავად მედვედევმა, უკვე
პრემიერ-მინისტრის რანგში, 2017 წელს ღიად განაცხადა: „დღეს ჩვენ ახალი ტექნოლოგიების
ნაცვლად ნავთობის, გაზისა და, სამწუხაროდ, ტვინების ექსპორტს ვახდენთ“.
2022 წელს კი აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ „სკოლკოვოს“ ფონდი სანქცირებულ ორგანიზაციათა
სიაში შეიყვანა. |
მედვედევის ცვლილებები უმეტესად დეკლარირებულად დარჩა,
ხოლო ძალაუფლების რეალურ ცენტრს კვლავ
პრემიერ-მინისტრი პუტინი წარმოადგენდა.
რუსეთი კვლავ
ნედლეულის ექსპორტზე
იყო დამოკიდებული, სახელმწიფო კორპორაციები კიდევ უფრო
გაძლიერდნენ. მედვედევი
ფორმალური და
სუსტი მმართველი
იყო და ის ეკონომიკურ და სტრუქტურულ ცვლილებებს ვერ განახორციელებდა.
ამ პერსპექტივიდან, 2009–2013
წლები უფრო ზუსტად შეიძლება შეფასდეს არა როგორც მოჩვენებითი სტაბილურობის,
არამედ როგორც გარდამავალი პერიოდი, ხიდი 2000-იანების ეკონომიკურ ზრდასა და
2014 წლის შემდგომ თავდაცვით არქიტექტურას შორის. სისტემას ამ პერიოდში არცერთ
ბერკეტზე უარი არ უთქვამს; ის უბრალოდ ელოდებოდა დროს, როდესაც ეს ინსტრუმენტები
საჭირო გახდებოდა.
1. 2014 - საკვანძო
წელი
თანამედროვე რუსეთის ეკონომიკურ
ისტორიაში 2014 წელი წყალგამყოფია. თუ მანამდე კრემლის მთავარი ამოცანა შემოსავლების
და ეკონომიკის ზრდის შენარჩუნება იყო, ამ მომენტიდან პრიორიტეტი
შეიცვალა: სისტემას გარე ზეწოლისთვის უნდა გაეძლო.
ტრადიციულად, რუსეთი თითქმის ერთდროულად ორი ძლიერი შოკის
წინაშე აღმოჩნდა. პირველი პოლიტიკური იყო, მეორე - ბაზრის. თითოეული მათგანი დამოუკიდებლადაც
მძიმე დარტყმა იქნებოდა, ხოლო მათი დამთხვევა კი მთელი სისტემის უფრო
სერიოზულ გამოცდად
იქცა.
ყირიმი - ანექსია და
სანქციები
2014
წლის მარტში რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა. დასავლეთის პირველი რეაქცია
ძალიან მოკრძალებული და არაეფექტიანი იყო. სანქციები მხოლოდ
რამდენიმე კონკრეტულ
პირს შეეხო, გაიყინა მათი აქტივები და დაწესდა სავიზო შეზღუდვები.
რამდენიმე
თვეში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. იმავე წლის 17 ივლისს, აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის კონტროლს
დაქვემდებარებულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა, სავარაუდოდ,
შეცდომით ჩამოაგდეს Malaysia Airlines-ის
რეისი MH17. შედეგად, 298 უდანაშაულო
ადამიანი
დაიღუპა. ამის
შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ფართომასშტაბიანი სექტორული შეზღუდვები
და ქმედითი სანქციები აამოქმედეს. შეზღუდვები შეეხო სახელმწიფო ბანკებს, ენერგეტიკულ კომპანიებს,
თავდაცვის ინდუსტრიას, დასავლურ კაპიტალზე წვდომასა და ნავთობის მოპოვებისთვის
საჭირო გარკვეულ თანამედროვე ტექნოლოგიებს. კრემლმა პირველად მკაფიოდ დაინახა,
რას ნიშნავდა თანამედროვე ეკონომიკისთვის ფინანსური და ტექნოლოგიური იზოლაციის საფრთხე.
მეორე
დარტყმა: 2014 წლის ნავთობის კრიზისი
სანქციებთან ერთად, რუსეთის ეკონომიკას იმავე წელს კიდევ ერთი, ამჯერად, მისგან დამოუკიდებელი დარტყმა
მიადგა.
2014
წლის ივნისში
Brent-ის ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით 115 დოლარი იყო. წლის ბოლოსთვის კი
ის თითქმის
განახევრდა. ამის
მიზეზი რამდენიმე
ფაქტორის დროში დამთხვევა იყო. აშშ-ში ფიქლის ნავთობის (shale oil) წარმოების სწრაფმა
ზრდამ მსოფლიო
ბაზარზე მიწოდება
მნიშვნელოვნად გაზარდა,
ხოლო ჩინეთისა
და ევროპის
ეკონომიკური ზრდის
შენელებამ ნავთობზე მოთხოვნა შეამცირა. ამ
ფონზე, ნოემბერში
OPEC-მა, საუდის არაბეთის
ინიციატივით, ნავთობის მოპოვების შემცირებაზე უარი თქვა და
ბაზრის წილის
შენარჩუნება არჩია.
შედეგად, ჭარბმა მიწოდებამ ნავთობის ფასების ვარდნა კიდევ უფრო დააჩქარა.
რუსეთისთვის ეს მხოლოდ ენერგეტიკული
ბაზრის მორიგი ფლუქტუაცია არ ყოფილა. ქვეყნის ექსპორტისა და ბიუჯეტის
მნიშვნელოვანი ნაწილი ნავთობისა და გაზის შემოსავლებზე იყო დამოკიდებული. შედეგად,
სანქციებისა და ფასების ვარდნის ეფექტები ერთმანეთს დაემატა: რუსეთს ერთდროულად
შეუმცირდა როგორც ფინანსურ რესურსებზე წვდომა, ისე მათი გამომუშავების შესაძლებლობა.
რუბლის კრიზისი
ყველაზე
თვალსაჩინო შედეგი, ეკონომიკის ლაკმუსის ქაღალდის, ეროვნული ვალუტის გაუფასურება
იყო. 2014 წლის განმავლობაში რუბლმა დოლართან მიმართებით ღირებულების თითქმის ნახევარი
დაკარგა.
კრიზისის
კულმინაცია 16 დეკემბერს, ე.წ. „შავ სამშაბათს“, დადგა. ბაზარზე პანიკის ფონზე,
რუბლის კურსმა დღის განმავლობაში დოლარზე 80 რუბლსაც გადააჭარბა (2014 წლის
დასაწყისში კურსი 33 რუბლი/დოლარზე შეადგენდა). ცენტრალურმა ბანკმა ღამის საგანგებო სხდომაზე
ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 10.5%-დან 17%-მდე გაზარდა, რაც
პუტინის მმართველობის
პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური მონეტარული გადაწყვეტილება იყო.
ვალუტის
კურსის დასაცავად
ცენტრალურმა ბანკმა ათეულობით მილიარდი დოლარი დახარჯა, თუმცა საბოლოოდ მაინც
მცურავ გაცვლით
კურსზე გადასვლა
მოუწია.
ამ გადაწყვეტილებას 2008–2009 წლების გამოცდილებაც ამყარებდა: რუბლის ხელოვნურად
შენარჩუნება საერთაშორისო რეზერვებს სწრაფად ამცირებდა, ხოლო შოკს მხოლოდ დროებით
აყოვნებდა.
პირველი გამოცდა, რომელიც
სისტემამ ჩააბარა
ეკონომიკური
მაჩვენებლები მძიმე სურათს აჩვენებდა. 2014 წელს რუსეთიდან კერძო კაპიტალის წმინდა
გადინებამ დაახლოებით 152 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც იმ წლის ფედერალური
ბიუჯეტის შემოსავლების 40%-ს შეადგენდა. ეკონომიკა ინერციით ჯერ კიდევ მცირედ გაიზარდა,
მაგრამ 2015 წელს რეცესიაში შევიდა და წლის ბოლოს მშპ 3.7%-ით შემცირდა; სამომხმარებლო ფასების (CPI)
ზრდამ კი წლის დასაწყისში
დაახლოებით 17%-ს მიაღწია.
თუმცა
ამ ისტორიის მთავარი დასკვნა ეკონომიკური კი არა, პოლიტიკურია.
1998
წლის ფინანსურმა კრიზისმა რუსეთის პოლიტიკური ელიტა საფუძვლიანად შეარყია: მთავრობა გადადგა, პრემიერ-მინისტრები
ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, შეიცვალა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობაც. 2014–2015
წლებში მსგავსი არაფერი მომხდარა. არც გავლენიანი მაღალჩინოსნები გადამდგარან,
არც მასობრივი საპროტესტო მოძრაობა დაწყებულა. პირიქით, ყირიმის ანექსიის ფონზე, პუტინის რეიტინგი ისტორიულ მაქსიმუმთან
ახლოს დარჩა.
სწორედ
აქ გამოჩნდა განსხვავება 1998-სა და 2014 წლებს შორის. პირველ შემთხვევაში ეკონომიკური
კრიზისი ხელისუფლების კრიზისად გადაიქცა; მეორეში კი ეკონომიკური შოკი პოლიტიკურმა
სისტემამ შეიწოვა.
კრემლმა დაინახა, რომ ავტორიტარული მართვა მას ეკონომიკური შოკების პოლიტიკური შედეგებისგან კარგად იცავდა. ამ გამოცდილებაზე აიგო მომდევნო წლების „ციხესიმაგრის ეკონომიკა“ - მოდელი, რომელიც სწრაფ ზრდაზე მეტად სანქციების, იზოლაციისა და ხანგრძლივი დაპირისპირებისაგან თავის დაძვრენაზე იყო გათვლილი.
|
რუსულ-ქართული
პარალელები: როცა სისტემა შთანთქავს შოკს 2024-2025 წლების საქართველოში
ეს პატერნი არ არის უცხო. გაყალბებული არჩევნები, სასტიკად ჩახშობილი ქუჩის მასობრივი
პროტესტი, ევროინტეგრაციის გაყინვა, პირადი სანქციები კონკრეტულ ჩინოვნიკებზე - ეს
ყველაფერი ცალსახად პოლიტიკური კრიზისია. თუმცა, არავინ გადამდგარა.
კურსი არ შეცვლილა. პროტესტმა პოლიტიკურ პასუხისმგებლობამდე ჯერჯერობით ვერ მიაღწია. რუსულ-ქართული მიზეზები
და მასშტაბი განსხვავებულია, მაგრამ მექანიზმი იგივეა: საკმარისად ცენტრალიზებულ
სისტემას შეუძლია ეკონომიკური თუ რეპუტაციული ფასი გადაიხადოს და მაინც არაფერი დათმოს.
ეს არის ზუსტად ის გაკვეთილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ კრემლისაგან ზედმიწევნით
შეისწავლა. |
2. ეროვნული კეთილდღეობის
ფონდი - ახალი ფაზა
2014
წლის შემოდგომაზე კრემლის წინაშე ერთი შეხედვით ტექნიკური, სინამდვილეში კი პრინციპული
კითხვა დაისვა: რისთვის არსებობდა რუსეთის ფინანსური რეზერვები?
დასავლურმა სანქციებმა როსნეფტს, სხვა სახელმწიფო კომპანიების მსგავსად, გრძელვადიან საერთაშორისო დაფინანსებაზე წვდომა მოუსპო,
ხოლო რუბლის
კრახმა და
ნავთობის ფასის
ვარდნამ კომპანიის
უზარმაზარი საგარეო
ვალის მომსახურება მნიშვნელოვნად გაართულა,
ამიტომ, „როსნეფტის“
ხელმძღვანელმა, პუტინის ერთ-ერთმა ყველაზე
ახლო მოკავშირე, იგორ სეჩინმა მთავრობას ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან 2,4 ტრილიონი
რუბლის გამოყოფა სთხოვა. იმდროინდელი კურსით ეს დაახლოებით 42 მილიარდი დოლარი იყო
და ფონდის თითქმის 65%-ს
შეადგენდა.
ფორმალურად
ფონდი საპენსიო სისტემის გრძელვადიანი მდგრადობისთვის იყო შექმნილი. ქვეყანაში ეკონომისტების
ნაწილს (მაგალითად რუსეთის ფინანსთა ყოფილ მინისტრს,
ალექსეი კუდრინს) მიაჩნდა, რომ ფონდის ფულადი სახსრები
არ იყო მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად განკუთვნილი.
ანუ,
ერთმანეთს ორი ეკონომიკური
ლოგიკა დაუპირისპირდა: პირველი რეზერვებს მომავალი კრიზისებისთვის ინახავდა; მეორე
კი მათ სტრატეგიული კომპანიებისა და რეჟიმისთვის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების
დასაფინანსებლად განიხილავდა.
საბოლოოდ
მეორე პოზიციის მხარდამჭერებმა გაიმარჯვეს. თუმცა „როსნეფტმა“ მოთხოვნილი 2.4 ტრილიონი
რუბლიდან მხოლოდ 300
მილიარდი რუბლი (დაახლოებით $4.8-5 მილიარდი) მიიღო. ამასთან,
პრეცედენტი უკვე
შეიქმნა: ფონდი, რომელიც სამომავალოდ პენსიონერებსა და გრძელვადიან სტაბილურობას უნდა მომსახურებოდა, სანქცირებული
სახელმწიფო კომპანიების მხარდასაჭერ ინსტრუმენტადაც გადაიქცა.
რენტის განაწილება
- კორუფციის დახვეწილი მექანიზმი
აქ ერთი
მნიშვნელოვანი ნიუანსია:
სეჩინის მოთხოვნა
მხოლოდ სანქცირებული კომპანიის გადარჩენას არ ემსახურებოდა. ეს იყო
სახელმწიფო ფულზე
წვდომის განაწილება პოლიტიკური სიახლოვის
მიხედვით, რასაც
ეკონომისტები „რენტის განაწილებას“ უწოდებენ.
კრემლთან დაახლოვებულთათვის სახელმწიფო რეზერვის კარი
იღებოდა. სწორედ
ამ მომენტიდან ფონდი აღარ
წარმოადგენდა მხოლოდ
ფინანსურ ბუფერს;
ის ერთგულების დაფასების ინსტრუმენტად იქცა,
ფუნქციად, რომელიც
მას შემდგომ
წლებში აღარ
დაუკარგავს.
ეს არ იყო გამჭვირვალე
პროცესი. გადაწყვეტილებები ფორმდებოდა მთავრობის დადგენილებებით, მაგრამ თავად შერჩევის
კრიტერიუმი თუ ვინ იმსახურებდა წვდომას და ვინ არა, არ არსებობდა. სწორედ
აქ იმალება კორუფციის ყველაზე დახვეწილი ფორმა: ქრთამები კონვერტით კი არ რიგდებოდა,
არამედ სისტემისადმი პოლიტიკური ერთგულება თავად იქცა ვალუტად, რომლითაც სახელმწიფო
რესურსებზე წვდომას ყიდულობდნენ.
ამ პერიოდიდან ეროვნული კეთილდღეობის ფონდი პრაქტიკაში თანდათან გარდაიქმნა უნივერსალურ სახელმწიფო რეზერვად,
რომლის გამოყენებაც ერთნაირად შეიძლებოდა როგორც ბიუჯეტის
დეფიციტის შესავსებად, ისე სტრატეგიული კომპანიებისა და
მსხვილი პროექტების დასაფინანსებლად და სამხედრო
მრეწველობის დასახმარებლად.
ასეთი ტრანსფორმაციები ყოველთვის ხმაურიანი
რეფორმებით არ
ხდება - ხშირად
ინსტიტუტი სახელს
ინარჩუნებს, თუმცა
მისი რეალური
დანიშნულება თვისობრივად იცვლება.
ერთი ფონდი ყველა კრიზისისათვის
2014
წლის დასაწყისში სარეზერვო ფონდში 87.4 მილიარდი დოლარი ირიცხებოდა. ნავთობის დაბალი ფასი ბიუჯეტის დეფიციტს ზრდიდა, ამ დეფიციტის დასაფარად კი სარეზერვო ფონდის რესურსი გამოიყენებოდა და, შედეგად, ოთხ წელიწადში იგი პრაქტიკულად სრულად დაიხარჯა.
2018
წლის 1 იანვარს სარეზერვო ფონდი ოფიციალურად გაუქმდა და ეროვნულ კეთილდღეობის ფონდს
შეუერთდა. ერთი
შეხედვით, ეს მხოლოდ ტექნიკური რეორგანიზაცია იყო. სინამდვილეში კი მთელი ეკონომიკური
ეპოქა დასრულდა.
2004–2008
წლებში შექმნილი ორფონდიანი არქიტექტურა მოკლევადიან სტაბილიზაციასა და გრძელვადიან
დანაზოგს ერთმანეთისგან მკაფიოდ ყოფდა. ერთი ფონდი ბიუჯეტის შოკებს უმკლავდებოდა, მეორე
კი მომავალი ვალდებულებებისთვის იყო დარეზერვებული.
პარალელური ისტორია: პუტინი მოქალაქეების დანაზოგებსაც მიადგა ეროვნული კეთილდღეობის ფონდის დრამის პარალელურად, იმავე 2014 წელს,
სახელმწიფომ პირდაპირ მიითვისა მოქალაქეების ინდივიდუალური საპენსიო დანაზოგებიც.
8 დეკემბერს
პუტინმა ხელი
მოაწერა კანონს,
რომლითაც დაგროვებითი
საპენსიო სისტემის
სავალდებულო ნაწილი
„გაიყინა“. ხელფასის
6%, რომელიც აქამდე
მოქალაქეთა პირად
საპენსიო ანგარიშებზე
ირიცხებოდა, სრულად
მიემართა საპენსიო ფონდში,
მიმდინარე პენსიების
დასაფინანსებლად. 2014 წელს მიღებული ეს „დროებითი“ ზომა დღემდე მოქმედებს. მხოლოდ პირველ
წელს ბიუჯეტმა ამით დამატებით დაახლოებით $6.4 მილიარდი (244 მილიარდი რუბლი) მიიღო. ერთსა და იმავე წელს, ორი სხვადასხვა გზით, სახელმწიფომ მომავლისთვის
განკუთვნილი ფულადი სახსრები მიმდინარე საჭიროებებისთვის გამოიყენა. |
2018
წლის შემდეგ დარჩა ერთი ფონდი, რომელსაც
ერთდროულად უნდა
შეესრულებინა კრიზისის
მართვის, ბიუჯეტის
მხარდაჭერის, სახელმწიფო ინვესტიციებისა და
სტრატეგიული კომპანიების დახმარების ფუნქცია.
ამასთან, საპენსიო უზრუნველყოფაზე საუბარი პრაქტიკულად შეწყდა.
2014 წლის კრიზისის შემდგომ რეზერვები, რომლებიც აქამდე მხოლოდ მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის იყო გამიზნული, ეროვნული უსაფრთხოების პირდაპირ ინსტრუმენტად გადაიქცა. მომდევნო ოთხი წლის განავლობაში ეს ლოგიკა ერთ კონკრეტულ, საკმაოდ რადიკალურ გადაწყვეტილებაში აისახა.
3. სავალუტო რეზერვები და დედოლარიზაცია
2018 წლის აპრილში აშშ-მა სანქციები დააწესა ალუმინის
მაგნატის, ოლეგ დერიპასკასა და მისი კომპანია „რუსალის“ წინააღმდეგ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დასავლეთმა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს, გლობალურად ინტეგრირებულ ბიზნესს სერიოზული დარტყმა მიაყენა.
რუსეთმა საპასუხო ნაბიჯი სულ სხვა ფრონტზე გადადგა. ცენტრალურმა ბანკმა აპრილ-მაისში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების რუსული პორტფელის თითქმის ოთხი მეხუთედი გაყიდა. მხოლოდ აპრილში ეს პორტფელი $96.1 მილიარდიდან $48.7 მილიარდამდე განახევრდა. 2019 წლის დასაწყისისთვის ცენტრალურმა ბანკმა ჯამში $101 მილიარდზე მეტი ამერიკული სახაზინო ვალდებულებები გაასხვისა. შედეგად, ექვს თვეში დოლარის წილი რეზერვებში 22%-მდე ჩამოვიდა.
გამოთავისუფლებული რესურსი ერთი მიმართულებით - ოქროსკენ, წავიდა.
ცენტრალური ბანკის პირველმა მოადგილემ, დმიტრი ტულინმა, ეს ლოგიკა მარტივად ჩამოაყალიბა: ოქრო არის „100%-იანი გარანტია სამართლებრივი და პოლიტიკური რისკების წინააღმდეგ“. მას საერთაშორისო სანქციები ვერ გაყინავს.
2015-2020 წლებში რუსეთმა ოქროს შესყიდვაზე $40 მილიარდზე მეტი დახარჯა და მსოფლიოში ყველაზე დიდ მყიდველად იქცა. 2020 წელს, პირველად ისტორიაში, რუსეთის რეზერვებში ოქროს ღირებულებამ დოლარის რეზერვებს გადააჭარბა.
ცვლილების მასშტაბი კარგად ჩანს წლების მიხედვით: 2014 წელს დოლარს რეზერვების 43% ეკავა; 2021 წლისთვის - მხოლოდ 16.4%. იუანის წილი კი ნულიდან 13%-მდე გაიზარდა - რუსეთი მსოფლიოში, ჩინეთის გარეთ, იუანის ყველაზე დიდი მფლობელი გახდა („გოლდმან საქსის“ შეფასებით, ის მსოფლიოს იუანის სავალუტო რეზერვების 70%-ზე მეტს ფლობდა).
ამ პოლიტიკას თავისი ფასი ჰქონდა. დოლარიდან გასვლამ და დაბალშემოსავლიან აქტივებზე (ოქრო, ევრო, იუანი) გადართვამ რუსეთს დაახლოებით $8 მილიარდი დააკარგვინა, ხელიდან გაშვებული შემოსავლის სახით - იმ პერიოდში დოლარი გამყარდა და დოლარის აქტივების მფლობელებმა მეტი მოგება მიიღეს. ელვირა ნაბიულინამ, ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, იხტიბარი არ გაიტეხა და განაცხადა: „ჩვენ არ ვართ სავალუტო სპეკულანტები და არ ვცდილობთ, მოკლევადიან პერსპექტივაში კურსის ცვალებადობით მოგება მივიღოთ“.
სხვა სიტყვებით, ცენტრალურმა ბანკმა შეგნებულად აირჩია დაბალი მოგება უსაფრთხოების სანაცვლოდ. ეს ზუსტად ის ლოგიკაა, რომელიც მთელ ამ ბლოგში მეორდება - მოკლევადიანი ფინანსური სარგებლის დათმობა გრძელვადიანი ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების სასარგებლოდ.
4. ცენტრალური ბანკის
პოლიტიკა
ელვირა ნაბიულინა ცენტრალურ ბანკს სათავეში 2013 წელს ჩაუდგა. სულ რამდენიმე თვეში მას მემკვიდრეობით ერგო ის კრიზისი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ - ნავთობის ფასის კოლაფსი, სანქციები და რუბლის მკვეთრი გაუფასურება.
2014
წლის ნოემბერ-დეკემბერში მან ერთდროულად სამი რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო: რუბლი „თავისუფალ ცურვაში“ გაუშვა, ოფიციალურად გამოაცხადა 4%-იან სამიზნე ნიშნულზე ინფლაციის თარგეთირებაზე გადასვლა (თუმცა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე გადასვლა მანამდე დაგეგმილი პროცესი იყო) და ძირითადი (რეფინანსირების) განაკვეთი 17%-მდე გაზარდა.
სამივე ნაბიჯი ერთდროულად, კრიზისის ეპიცენტრში, გადაიდგა, და ეს
არ ყოფილა ფრთხილი, ეტაპობრივი რეფორმა; ეს იყო დიდი ფსონი, რომელმაც გაამართლა.
2015 წლის ბოლოს წლიურმა ინფლაციამ 12.9% შეადგინა, წლის განმავლობაში კი 17%-მდეც
ავიდა, თუმცა, გატარებული რეფორმების შედეგად, უკვე 2016 წელს 5.4%-მდე, ხოლო
2017 წელს 2.5%-მდე ჩამოვიდა (როგორც აღინიშნა, სამიზნე მაჩვენებელი 4% იყო). პარალელურად,
რეფინანსირების განაკვეთიც თანდათან 17%-დან 7.75%-მდე შემცირდა.
ნაბიულინას ამ შედეგებმა
საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა: „Euromoney“-მ ნაბიულინა 2015 წლის საუკეთესო
ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად, ხოლო „The Banker“-მა ევროპაში 2016 წლის საუკეთესო
ცენტრალურ ბანკირად დაასახელეს.
თუმცა ამ წარმატებას თავისი
სოციალური ფასი ჰქონდა. მაღალმა რეფინანსირების
განაკვეთმა კრედიტები გააძვირა, ინვესტიციები შეაფერხა და ეკონომიკური ზრდა წლების
განმავლობაში მინიმალურ დონეზე დატოვა. რეალური შემოსავლები 2014–2017 წლებში მუდმივად
იკლებდა. ეკონომიკური რეფორმების ფასი იყო
სტაგნაცია და ცხოვრების დონის დაცემა, თუმცა მოსახლეობას ექმნებოდა შთაბეჭდილება,
რომ ცხოვრება მეტ-ნაკლებად ნორმალურ კალაპოტში მიედინებოდა.
სწორედ ეს არის ამ ბლოგის
მორიგი ცენტრალური ფორმულა: სტაბილურობა შენარჩუნებულია, ზრდა - შენელებული, ხოლო
მოქალაქეები ამ გარიგებას ეგუებიან, რადგან მათ მეხსიერებაში 1998 წლის ტიპის კოლაფსი
ჯერ კიდევ ცოცხლობდა.
ნაწილი II: ციხესიმაგრის მშენებლობა
(2018–2021)
2014 წლის კრიზისიდან კრემლმა ერთი მკაფიო დასკვნა გამოიტანა: სისტემა, რომელიც ნაკლებადაა დამოკიდებული გარე სამყაროზე, ნაკლებად მოწყვლადია საგარეო ზეწოლის მიმართ. მომდევნო წლებში ამ მიდგომამ უფრო ჩამოყალიბებული „ციხესიმაგრის ეკონომიკის“
(Fortress Economy), სახე მიიღო. ეს არის მოდელი, რომელიც არა ეკონომიკურ ზრდასა და კეთილდღეობაზე, არამედ გამძლეობასა და იზოლაციის პირობებში ავტონომიურ გადარჩენაზეა ორიენტირებული.
თვითონ ტერმინი ზუსტად ასახავს ამ მოდელის ლოგიკას: ციხესიმაგრის მთავარი ამოცანა ალყისთვის გაძლებაა. მომდევნო ოთხი ქვეთავი სწორედ ამ „ციხესიმაგრის“ ფუნდამენტურ საყრდენებს მიმოიხილავს: ფისკალურ წესებს, ტექნოლოგიურ დამოუკიდებლობას, სტრატეგიული აქტივების კონტროლსა და სამხედრო-სამრეწველო სიმძლავრეებს.
|
რა არის "ციხესიმაგრის ეკონომიკა" ტერმინი „Fortress
Russia“ („ციხესიმაგრე რუსეთი“) დასავლურ ანალიტიკურ წრეებში 2014-2015 წლებში დამკვიდრდა,
ზუსტად იმ პერიოდში, საიდანაც ჩვენი მიმოხილვა იწყება. ეს არ წარმოადგენს ოფიციალურ
რუსულ დოქტრინალურ ტერმინს; ეს არის საერთაშორისო მკვლევრების მიერ იმ პროცესის შეფასება,
რომელსაც ისინი გარედან აკვირდებოდნენ. აღნიშნული კონცეფცია იმაზე
უფრო ვიწრო და სპეციფიკურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ის გულისხმობს არა მთლიანი
ეკონომიკის დაცვას გარე შოკებისგან, არამედ კონკრეტულად სახელმწიფოს ბალანსის (სავალუტო
რეზერვების, საგარეო ვალისა და საგადახდო სისტემების) სრულ იზოლირებას დასავლური
ბერკეტებისგან. ამ მოდელს საკმაოდ ახლო
ისტორიული ანალოგი მოეპოვება: ირანმა მსგავსი გზა ათწლეულებით ადრე გაიარა, როდესაც
1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ თანდათან შექმნა ალტერნატიული საბანკო არხები,
ოქროზე დაფუძნებული სავაჭრო სქემები და შიდა საგადახდო სისტემები. 2022 წლის შემდეგ
სწორედ ირანი და ჩრდილოეთ კორეა იქცნენ რუსეთის მთავარ პარტნიორებად სანქციების გვერდის
ავლის პროცესში, ხოლო მათ მიერ დაგროვილი გამოცდილება პირდაპირ ინტეგრირდა რუსულ
პრაქტიკაში. რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა
ეს მოდელი? ანალიტიკოსთა შეფასებით,
პასუხი ცალსახა არ არის. 2022 წლის თებერვალმა აჩვენა, რომ მოკლევადიან ჭრილში მოდელმა
თავისი ფუნქცია შეასრულა - რუსული ეკონომიკა მყისიერად არ ჩამოშლილა. თუმცა, იმავე
მოვლენებმა გამოააშკარავა ფუნდამენტური სტრუქტურული სისუსტეც: დოლარიდან ევროსა და
ოქროში გადასვლამ ვერ გადაჭრა მთავარი საფრთხე - გეოგრაფიული და სამართლებრივი დაქვემდებარების
რისკი. დასავლეთმა უბრალოდ გაყინა რუსული რეზერვების დაახლოებით
260 მილიარდი ევრო, რომლებიც, მიუხედავად დოლარზე უარის თქმისა, მაინც დასავლურ ფინანსურ
ინსტიტუტებში ინახებოდა. როგორც კარნეგის ფონდის
მკვლევრები აღნიშნავენ: გლობალური შოკებისგან იზოლირებით, სანქციებმა „ციხესიმაგრე“
მოკლევადიან პერსპექტივაში მართლაც გაამყარეს,
თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მისი სტრუქტურული დასუსტება გამოიწვიეს. |
5. ფისკალური წესები
და დაბალი სახელმწიფო ვალი
2017 წელს რუსეთმა, წინა
წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მესამედ სცადა კანონით შეეზღუდა ნავთობზე დამოკიდებულება.
ახალი ფისკალური წესი მარტივი იყო: ბიუჯეტში ნავთობის გაყიდვიდან მხოლოდ $40 ბარელზე
(benchmark) მიემართებოდა (2017 წლის ფასებში), ყოველწლიურად 2%-იანი ინდექსაციით. $40-ს ზემოთ მიღებული შემოსავლები ავტომატურად ირიცხებოდა
ეროვნული კეთილდღეობის ფონდში. IMF-მა ეს წესი შეაფასა, როგორც "ზოგადად
ადეკვატური”.
ამ წესმა მნიშვნელოვანი
არაპირდაპირი ეფექტი მოახდინა სახელმწიფო
ვალზეც. ნავთობის დაბალი ფასის თუ სხვა მიზეზების გამო წარმოქმნილი ბიუჯეტს
დეფიციტისას, მთავრობას ორი ალტერნატივა გააჩნდა: ესესხა ბაზარზე, ან ამოეღო
თანხა ფონდიდან. რუსეთი თანმიმდევრულად მეორე გზას ირჩევდა და, ფაქტობრივად, ახალი
ვალის აღება ფონდის სახსრებით ჩაანაცვლა. შედეგად, 2017 წელს რუსეთის სახელმწიფო
ვალი მშპ-ის მხოლოდ 14.3%-ს შეადგენდა. შედარებისთვის, ევროზონის მაშინდელი საშუალო
მაჩვენებელი 85-90%-ის ფარგლებში იყო.
ეს მხოლოდ სიფრთხილის
გამო არ მომხდარა. 2014 წლის სანქციების შემდეგ რუსეთს დასავლურ სასესხო ბაზრებზე წვდომა
ისედაც შეეზღუდა და დიდ თანხებს უბრალოდ ვერც ისესხებდა.
თავის მხრივ, დაბალი საგარეო
ვალი კრემლის სასარგებლოდ ორმაგად მუშაობდა:
- ეკონომიკურად: ბიუჯეტი აღარ იყო დამოკიდებული ნავთობის
ფასების მერყეობასა თუ უცხოელ კრედიტორებზე;
- პოლიტიკურად: დასავლეთს შეზღუდული ჰქონდა ზეწოლის ბერკეტები ვალის რესტრუქტურიზაციისა თუ საპროცენტო განაკვეთების
სახით.
თუმცა ემიგრაციაში მყოფი
რუსი ეკონომისტი იგორ ლიპსიცი აქ მნიშვნელოვან დათქმას აკეთებს: დაბალი ვალი
და მკაცრი ფისკალური წესი თავისთავად არ ნიშნავდა გარე სამყაროზე რეალური დამოკიდებულების
დაძლევას. მისი 2023 წლის შეფასებით, ნავთობ-გაზის სექტორი კვლავ ფედერალური ბიუჯეტის
შემოსავლების დაახლოებით 57%-ს უზრუნველყოფდა, თითქმის იმავე წილს, რაც 2000-იანი
წლების შუა პერიოდში ფიქსირდებოდა. ფისკალურმა წესმა შეზღუდა ის, თუ რამდენს ხარჯავდა
სახელმწიფო ერთბაშად, თუმცა ვერ შეცვალა მთავარი - ფულის წარმოშობის წყარო.
6. დასავლური ფინანსური
სისტემისგან იზოლაციის მზადება
2014 წლის მარტში, ყირიმის
ანექსიისთანავე, Visa-მა და Mastercard-მა ამერიკულ სანქციებში მოყოლილ რუსულ
ბანკებს მომსახურება გაუუქმეს. შედეგად, ამ ბანკების მომხმარებლებმა საგადახდო ბარათებით
სარგებლობა ვეღარ შეძლეს.
ეს ფაქტი კრემლისთვის
მკაფიო სიგნალი გახდა: ეროვნული ფინანსური ინფრასტრუქტურა სრულად იყო დამოკიდებული
უცხოურ საგადახდო სისტემებზე. საკუთარი მოწყვლადობის გაცნობიერების შემდეგ, კრემლმა
მომდევნო ხუთი წელი ალტერნატივების შექმნას დაუთმო. შედეგად, შეიქმნა სამი პარალელური
სისტემა, რომელთაც 2014 წელს გამოვლენილი ხვრელები უნდა დაეფარათ.
პირველი ნაბიჯი
SWIFT-ის პირდაპირი რუსული ალტერნატივის, ცენტრალური ბანკის
საგადახდო შეტყობინებების სისტემის - SPFS-ის შექმნა იყო (СПФС - Система передачи финансовых сообщений, ფინანსური
შეტყობინებების გადაცემის სისტემა). მისი შემუშავება 2014 წელსვე დაიწყო,
მას შემდეგ,
რაც დასავლეთში რუსეთის SWIFT-იდან შესაძლო გარიცხვაზე მსჯელობა გააქტიურდა. 2024 წლის იანვრის
მონაცემებით, სისტემას
20 ქვეყნის 557 ინსტიტუცია მიუერთდა (ძირითადად ყოფილი
საბჭოთა სივრცისა (სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) და გლობალური
სამხრეთის ქვეყნები (ირანი, თურქეთი, კუბა)),
თუმცა მათ
შორის ჩინეთიდან მხოლოდ ერთი - Bank of China (ერთ-ერთი უმსხვილესი
სახელმწიფო
კომერციული
ბანკი)
ფიგურირებდა. ეს
ფაქტები მკაფიოდ
უსვამს ხაზს აღნიშნული
„დამოუკიდებლობის“ რეალურ
მასშტაბებსა და
ზღვარს.
მეორე ინსტრუმენტი ეროვნული საგადახდო სისტემა
„მირის“ დანერგვა იყო (ვიზა და მასტერქარდის ალტერნატივა). შესაბამისი კანონმდებლობა 2014 წლის მაისში
მიიღეს, ხოლო
პირველი ბარათები
2015 წლის დეკემბერში გამოუშვეს. დღეისთვის „მირზე“
რუსეთის შიდა
საბარათე ტრანზაქციების დაახლოებით 75% მოდის. თუმცა,
მისი საერთაშორისო გამოყენება მკვეთრად შეზღუდულია
და ძირითადად რამდენიმე რუსეთის პარტნიორ სახელმწიფოსა და ცალკეულ უცხოურ ბანკზეა დამოკიდებული.
|
Visa-დან „მირამდე“ - რატომ შექმნა კრემლმა საკუთარი საგადახდო
სისტემა? Visa და
Mastercard მხოლოდ გლობალური
ბრენდები არ არის - ისინი საერთაშორისო ფინანსურ ინფრასტრუქტურას წარმოადგენენ. როდესაც მომხმარებელი რუსული ბანკის ბარათით ტრანზაქციას ახორციელებდა, მონაცემთა დამუშავება ფიზიკურად ამ კომპანიების უცხოურ სერვერებზე ხდებოდა. სწორედ ამიტომ გახდა შესაძლებელი 2014 წელს კონკრეტული ბანკების მყისიერი დაბლოკვა: „გამორთვის ღილაკი“ დასავლური მხარის ხელში იმყოფებოდა. „მირის“ შემთხვევაში ეს ტექნიკური ბერკეტი საზღვარგარეთ აღარ არსებობს. კლირინგის სრული ციკლი - ტრანზაქციის დამუშავება, ავტორიზაცია და საბოლოო ანგარიშსწორება,
მთლიანად რუსეთის შიდა სისტემაში, ცენტრალური ბანკის უშუალო კონტროლქვეშ, ხორციელდება. შედეგად, გარე აქტორებს ტექნიკურად აღარ ძალუძთ პროცესის შეჩერება. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ბლოგების სერიის მთავარ სათქმელს: საკუთარი ეროვნული ინფრასტრუქტურის შექმნა მოკლევადიან პერსპექტივაში ბევრად ძვირი და ნაკლებად მოსახერხებელია, თუმცა გრძელვადიან ჭრილში ის გარე დამოკიდებულებას ან ანეიტრალებს, ან თავად ხდის მას გეოპოლიტიკურ ბერკეტად. ეს დამოუკიდებლობა საბოლოოდ 2022-2026 წლებში დადასტურდა: Visa-სა და Mastercard-ის ოფიციალურმა გასვლამ რუსეთის ბაზრიდან ქვეყნის შიდა გადახდები ვერ შეაჩერა - ძველი ბარათები განაგრძობდნენ მუშაობას იმავე შიდა ინფრასტრუქტურით, სანამ "მირი" მათ ადგილს მთლიანად არ დაიკავებს (75% წილი 2026 წლის შუა პერიოდისთვის). |
მესამე ნაბიჯი ატარებდა არა საპასუხო, არამედ პრევენციულ ხასიათს. 2019 წლის მაისში პუტინმა ხელი მოაწერა „სუვერენული ინტერნეტის“ კანონს (ძალაში შევიდა 1 ნოემბერს). განმარტებით ბარათში პირდაპირ იყო მითითებული მისი დანერგვის მიზეზი - აშშ-ის 2018 წლის ეროვნული კიბერსტრატეგია, რომელიც კრემლმა აგრესიულად შეაფასა. საკანონმდებლო ცვლილებებით „როსკომნადზორს“ მიენიჭა უფლებამოსილება, კრიზისულ სიტუაციაში რუსული ინტერნეტ-სივრცე გლობალური ქსელისგან სრულად იზოლირებულ რეჟიმში გადაეყვანა.
სამივე ინიციატივის საფუძველში ერთი
და იგივე
ლოგიკა იდო:
უცხოურ ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებულების შემცირებით, კრემლს დასავლეთისათვის საპასუხო ზეწოლის
ბერკეტების წართმევა სურდა.
7. სტრატეგიული სექტორების
კონტროლი
2019 წლის ივნისში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ერთი შეხედვით უწყინარი,
ერთი აბზაცის სიგრძის კანონპროექტი შევიდა. ინიციატივა „მნიშვნელოვან საინფორმაციო
რესურსებში“ უცხოური კაპიტალის წილის 20%-მდე შეზღუდვას ითვალისწინებდა. დოკუმენტში
კონკრეტული ადრესატი დასახელებული არ ყოფილა, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ სამიზნე
„იანდექსი“ გახლდათ - რუსეთის უდიდესი საძიებო სისტემა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე
ძვირადღირებული ტექნოლოგიური კომპანია. იმ პერიოდისთვის „იანდექსი“ ნიდერლანდებში
იყო რეგისტრირებული, მისი აქციების 85% Nasdaq-ის ბირჟაზე იყო განთავსებული, ხოლო
კომპანიის დამფუძნებელი, არკადი ვოლოჟი, ხმის უფლების 48%-ს აკონტროლებდა.
ეს იანდექსზე პირველი შეტევა არ ყოფილა. ჯერ კიდევ 2009 წელს, ხელისუფლებასთან
დაახლოებული ბიზნესმენების მხრიდან შთანთქმის (Hostile Takeover) საფრთხის ფონზე, კომპანია
იძულებული გახდა სახელმწიფო „სბერბანკისთვის“ ე.წ. „ოქროს აქცია“ გადაეცა. ეს
სახელმწიფო ბანკს ვეტოს უფლებას ანიჭებდა ნებისმიერ გარიგებაზე, რომელიც „იანდექსის“
25%-ზე მეტ წილს შეეხებოდა. თუმცა 2019 წლის კანონპროექტი სრულიად სხვა მასშტაბის
საფრთხეს წარმოადგენდა: ეს არ იყო უბრალოდ ცალკეული გარიგების დაბლოკვა - საქმე ეხებოდა
კომპანიის სტრუქტურის იძულებით, ძალისმიერ გარდაქმნას.
ბაზრის რეაქციამაც არ დააყოვნა. მხოლოდ იმის გამო, რომ კრემლმა კანონპროექტს
საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა, „იანდექსის“ საბაზრო კაპიტალიზაცია სულ რაღაც ერთ
დღეში $1.5 მილიარდით შემცირდა.
ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების
შემდეგ, 2019 წლის ნოემბერში, მხარეებმა კომპრომისს მიაღწიეს. „იანდექსმა“ შექმნა
„საზოგადოებრივი ინტერესების ფონდი“ - 11 რუსეთის მოქალაქისგან შემდგარი საბჭო,
რომელსაც გადაეცა ე.წ. „ოქროს აქცია“. ფონდმა მიიღო ვეტოს უფლება ნებისმიერ
გარიგებაზე, რომელიც რომელიმე მხარის ხელში ხმის უფლების 10%-ზე მეტის კონცენტრაციას
ითვალისწინებდა. ამასთან, კანონპროექტის ავტორმა დოკუმენტი იმავე დღეს „შემდგომი დამუშავებისთვის“
უკან გაიწვია.
ფორმალურად „იანდექსი“
კვლავ უცხოურ კომპანიად რჩებოდა, თუმცა პრაქტიკულად, მისი ყველა საკვანძო გადაწყვეტილება
უკვე აღნიშნული 11 ფიზიკური პირის კონტროლქვეშ მოექცა.
საბოლოოდ, 2024 წლის
თებერვალში მრავალტანჯულმა „იანდექსმა“ საკუთარი რუსული ბიზნესი $5.4 მილიარდად მთლიანად
გაასხვისა კრემლთან დაახლოებულ მყიდველთა კონსორციუმზე, რომლის შემადგენლობაშიც
კომპანიის ტოპ-მენეჯმენტი და ნავთობგიგანტ „ლუკოილის“ წარმომადგენლები შევიდნენ.
„იანდექსის“ შემთხვევა ყურადღებას იპყრობს, ვინაიდან ეს არის სისტემის
მოქმედების კლასიკური მაგალითი. იგივე სქემა - ჯერ ფორმალური კომპრომისი, შემდეგ
კონტროლის ეტაპობრივი გამკაცრება და, საბოლოოდ, აქტივების სრული გადასვლა „სანდო ხელებში“,
გავრცელდა მედიაზე, ტელეკომუნიკაციებზე, საბანკო სექტორსა და ენერგეტიკაზე (მსგავსი
გახმაურებული საქმეები მოცემულია ცხრილში). ამ პროცესის სამართლებრივი საფუძველი ჯერ კიდევ
2008 წელს მიღებული კანონი გახლდათ, რომლითაც 42 დარგს „სტრატეგიული მნიშვნელობა“
მიენიჭა და უცხოურ ინვესტიციებზე სახელმწიფო ნებართვა დაწესდა. 2018 წლის შემდეგ
ეს მექანიზმი სულ უფრო ხშირად გამოიყენებოდა არა მხოლოდ ახალი ინვესტიციების გასაკონტროლებლად,
არამედ უკვე არსებული, წარმატებული კომპანიების ხელახალი გადანაწილებისა და ნაციონალიზაციისთვის.
სახელმწიფოს მიერ ბიზნესის მისაკუთრების რამდენიმე
მაგალითი
|
ინდუსტრია |
წელი |
კომპანია |
კონტროლის მექანიზმი |
|
ენერგეტიკა |
2014-2016 |
ბაშნეფტი |
სასამართლომ
გააუქმა 1990-იანების პრივატიზაცია; საკონტროლო პაკეტი გადაეცა როსნეფტს |
|
საბანკო სექტორი |
2014 |
სბერბანკი |
სახელმწიფოს საკონტროლო წილი (>50%); სექტორული
სანქციები (იხ. ნაწილი 1) |
|
საბანკო
სექტორი |
2017 |
"ოტკრიტიე" |
ცენტრალურმა
ბანკმა, იმ დროისთვის უმსხვილესი კერძო ბანკის, ნაციონალიზაცია მოახდინა. 2025 წელს
„ოტკრიტიე“ (რუსულად ნიშნავს „გახსნას“) დაიკეტა (სხვა ბანკს შეერწყა). |
|
მედია |
2014-2015 |
CTC Media |
2014 წლის კანონმა უცხოური წილი 20%-მდე შეზღუდა;
ამიტომ, ამ ამერიკული ჰოლდინგის 75% უსმანოვმა $200 მლნ-ად შეიძინა. |
|
ტელეკომუნიკაციები |
2014-დღემდე |
როსტელეკომი |
სახელმწიფო
ფლობს აქციათა 51.4%-ს. 2024 წელს როსტელეკომის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
გახდა დიმიტრი მედვედევი. |
კორუფცია - როგორც სამუშაო მექანიზმი
აქტივების
გადანაწილების სქემა მარტივია: კრემლი ენდობა არა პატიოსან, არამედ სუსტ,
კომპრომეტირებულ ადამიანებს. უკანონოდ გადაცემული ქონების წართმევა ნებისმიერ
მომენტში ისევე ადვილად შეიძლება, როგორც გადაცემა. მკვლევარი ალენა ლედენევა ამ
მოვლენას „სისტემას“ (Система) უწოდებს: ის ერთის მხრივ სარგებელს იღებს
კორუფციისგან, ხოლო მეორეს მხრივ მას შიდა ბერკეტებით აკონტროლებს. სისტემა
ინარჩუნებს არაფორმალურ გავლენებს აქტივებსა და დანიშნულ პირებზე, რაციონალურად
იტოვებს რა საკუთრების უფლებებისა და თანამდებობების გადანაწილების მექანიზმს. კარენ დავიშა იმავეს უფრო პირდაპირ აღწერს: „ეს არის ხარკის სისტემა, სადაც რუსეთში ბიზნესის კეთების უფლება სრული ერთგულებისა და კონკრეტულ პროექტებში შენატანების სანაცვლოდ გაიცემა“.
ამიტომ, კორუფცია ამ სისტემაში არა კონტროლის შემასუსტებელი დეფექტი, არამედ თავად კონტროლის მექანიზმია. თითოეული ბენეფიციარი ერთდროულად მოსარგებლეცაა და მსხვერპლიც, ხოლო შერჩევითი დასჯის მუდმივი საფრთხე კრემლს ბერკეტს უნარჩუნებს იქაც კი, სადაც ფორმალური ინსტრუმენტები არ გააჩნია.
სწორედ ეს ხსნის, თუ რატომ არ გაჩენილა „ციხესიმაგრის“ მშენებლობის არცერთ ეტაპზე რეალური ინსტიტუციური ზედამხედველობა. დამოუკიდებელი აუდიტი, თავისუფალი მედია და საპარლამენტო კონტროლი სისტემასთან ფუნდამენტურად შეუთავსებელი აღმოჩნდა. მექანიზმი, რომელიც ერთგულებას ყიდულობს, გამჭვირვალობას ვერ იტანს.
|
მორიგი პარალელი თანამედროვე საქართველოსთან იგივე სურათი საქართველოშიც
იკვეთება: აქაც არ არსებობს დამოუკიდებელი აუდიტი, თავისუფალი მედია და საპარლამენტო
კონტროლი - სახელმწიფო არქიტექტურა თანამედროვე საქართველოშიც ფუნდამენტურად შეუთავსებელი
აღმოჩნდა დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან. ჯამში, არც ერთი ინსტიტუტი აქ დამოუკიდებელი
აღარ არის - მათ შორის მთავარიც, სასამართლო. მსგავსება შემთხვევითი არ
არის: ნებისმიერი სისტემა, რომელიც ერთგულებას ყიდულობს არაფორმალური არხებით, საფრთხედ
აღიქვამს ყველა დამოუკიდებელ აქტორს. განსხვავება არა ლოგიკაში, არამედ მხოლოდ მასშტაბსა
და სიღრმეშია. |
ეს არ არის მხოლოდ თეორიული მსჯელობა. „ბაშნეფტის" ისტორია სწორედ ასე დასრულდა: 2016 წლის ნოემბერში, „როსნეფტისთვის" კომპანიის 5 მილიარდ დოლარად მიყიდვის დამტკიცებიდან რამდენიმე კვირაში, FSB-მ სწორედ „როსნეფტის" სათაო ოფისში დააკავა ეკონომიკური განვითარების მინისტრი ალექსეი ულიუკაევი. ოფიციალური ბრალდება იგორ სეჩინისგან 2 მილიონი დოლარის გამოძალვა იყო. გამოძიების მიხედვით ფულით სავსე ჩანთა ულიუკაევს თავად სეჩინმა გადასცა. ულიუკაევმა ბრალი არ აღიარა და პროცესს პროვოკაცია უწოდა, თუმცა მას 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეს 1990-იანი წლების შემდეგ ყველაზე მაღალი რანგის რუსი მოხელის დაკავება იყო და გზავნილიც ცალსახა გახლდათ: „ხელშეუხებელი არავინ არის“. 2022 წლის მაისში ულიუკაევი პირობით ვადამდე ადრე გაათავისუფლეს. დღეს ის მოსკოვში ცხოვრობს და ლექსებს წერს.
იმავე პერიოდში კიდევ
ერთი კითხვა გაჩნდა: ვინ აკონტროლებს მაკონტროლებლებს? 2016 წლის სექტემბერში
დააკავეს შსს ანტიკორუფციული სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი
ზახარჩენკო. მასთან და მის ახლობლებთან ჩხრეკისას დაახლოებით $140 მლნ (9 მილიარდი
რუბლი) ნაღდი ფული აღმოაჩინეს. 2019 წელს ეს „რეკორდიც" მოიხსნა, როდესაც
FSB-ის ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკ ჩერკალინს $185 მლნ (12 მილიარდი
რუბლი) ამოუღეს. ორივე მათგანს ოფიციალურად სწორედ კორუფციასთან ბრძოლა ევალებოდათ.
ეს შემთხვევები ერთმანეთს
ორ დონეზე ავსებს: ულიუკაევის ქეისმა აჩვენა, რომ შერჩევითი რეპრესიები მინისტრის დონესაც
სწვდება, პოლკოვნიკების დაჭერებმა კი დაამტკიცა, რომ საზედამხედველო ორგანოები თავად
იყვნენ კორუფციის ნაწილი. საბოლოოდ, ეს მაგალითები ნათლად ხსნის, თუ რატომ ვერ იმუშავებდა
შიდა კონტროლი - მეთვალყურეები თავად გასაკონტროლებელნი იყვნენ.
8. სამხედრო-სამრეწველო
კომპლექსის გაძლიერება
სერგეი ჩემეზოვისა და ვლადიმერ პუტინის თანამშრომლობა ჯერ კიდევ 1980-იანი წლების დრეზდენიდან იწყება, სადაც ორივე „სუკ“-ის (KGB) ოფიცრად მსახურობდა. 2007 წელს პუტინმა ჩემეზოვს ახლად შექმნილი სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხი“ ჩააბარა - გიგანტური ჰოლდინგი, რომელმაც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის უდიდესი ნაწილი გააერთიანა, მათ შორის კონცერნი „კალაშნიკოვი“, „როსიისკიე ვერტოლიოტი“, ავიაციის, ელექტრონიკისა და მაღალი ტექნოლოგიების სექტორები.
2018
წელს ძალაში შევიდა შეიარაღების ახალი, 2018–2027 ათწლიანი სახელმწიფო პროგრამა. მისი ბიუჯეტი და მასშტაბი წინა პროგრამებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. 2018-2021 წლებში რუსეთის სამხედრო ხარჯები დოლარის ექვივალენტში სტაბილურად
$61-იდან $66 მილიარდამდე მერყეობდა. სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) შეფასებით, ეს არ ყოფილა შეიარაღების დრამატული ზრდის პერიოდი. მკვეთრი ნახტომი მხოლოდ 2022 წელს, ომის დაწყების შემდეგ დაფიქსირდა, როდესაც მაჩვენებელმა $86.4 მილიარდს მიაღწია.
შესაბამისად, 2018–2021
წლები ინფრასტრუქტურის, სამრეწველო სიმძლავრეებისა და მიწოდების ჯაჭვების ფარული მომზადების ფაზა იყო. შეიქმნა ბაზისი, რომელმაც 2022 წლიდან წარმოების მასშტაბური ზრდა შესაძლებელი გახადა.
|
Да здравствует российская коррупция - самая гуманная коррупция в
мире! რუსული სამხედრო მრეწველობის
შემხედვარე, გახსენდება ცნობილი საბჭოთა გამოთქმის პერეფრაზი: გაუმარჯოს რუსულ კორუფციას, ყველაზე ჰუმანურ კორუფციას
მსოფლიოში! რა თქმა უნდა, პროცესები
ყოველთვის გეგმის მიხედვით არ ვითარდებოდა და კორუფცია რუსეთში „მოწოდების სიმაღლეზე
იყო“. მაგალითად, შეიარაღების წინა სახელმწიფო პროგრამა (2011–2020) 2020 წლისთვის
2,300 ერთეულ ახალი თაობის ტანკ „არმატასა“ და სულ მცირე 55 ერთეულ Su-57 ტიპის გამანადგურებლის
წარმოებას ითვალისწინებდა. თუმცა, SIPRI-ის მონაცემებით,
2019 წლისთვის ორივე პროექტი ჯერ კიდევ პროტოტიპების დონეზე იმყოფებოდა და შეიარაღებულ
ძალებს არცერთი სერიული ერთეული არ მიუღია. შედეგად, აქცენტი კვლავ ძველი ტექნიკის
მოდერნიზაციასა და მოძველებული მოდელების წარმოებაზე გაკეთდა. ეს ფაქტი არ უარყოფს ინფრასტრუქტურისა
და დაფინანსების რეალურ ზრდას, თუმცა მკაფიოდ აჩვენებს, რომ კრემლის ოფიციალურ დეკლარაციებსა
და რეალურ სამხედრო შესაძლებლობებს შორის ხშირად არსებითი აცდენა იყო. |
ამ სურათს ერთი აუცილებელი განზომილება აკლია: შეიარაღების პროგრამები არა მხოლოდ იგეგმებოდა და ფინანსდებოდა, არამედ იძარცვებოდა კიდეც, რასაც შესაბამისი რუსული სახელმწიფო სტრუქტურებიც ადასტურებდნენ. 2011 წელს რუსეთის მთავარმა სამხედრო პროკურორმა, სერგეი ფრიდინსკიმ საჯაროდ განაცხადა, რომ ახალი შეიარაღების შესყიდვისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების დაახლოებით 20%-ს იპარავდნენ. ეს ითქვა მაშინ, როდესაც მთავრობამ 2020 წლამდე შეიარაღების პროგრამისთვის 22 ტრილიონი რუბლის (დაახლოებით 730 მილიარდი დოლარის) გამოყოფა დააანონსა.
2012 წელს ვიცე-პრემიერმა როგოზინმა სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას აღნიშნა, რომ თავდაცვის სახსრების გამფლანგველები მოღალატეები იყვნენ, რადგან მექრთამეები პირდაპირ პოტენციურ მტერს ეხმარებოდნენ. ეს არ ყოფილა უსაფუძვლო განაცხადი. იმავე წელს საგამოძიებო კომიტეტმა თავდაცვის სამინისტროს ჰოლდინგი „ობორონსერვისი“ ბიუჯეტის მითვისებაში დაადანაშაულა. თავდაპირველი შეფასებით ზარალმა 3 მილიარდი რუბლი შეადგინა, ერთი წლის შემდეგ კი კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა ეს ციფრი 13 მილიარდ რუბლამდე (დაახლოებით 433 მილიონი დოლარი) გაზარდა და დასძინა, რომ სუსტი ფინანსური კონტროლის გამო, თავდაცვის სამინისტროში კორუფცია ღრმად იყო ფესვგადგმული. შედეგად, თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ადგილას სერგეი შოიგუ (პუტინის დიდი ხნის მეგობარი) დანიშნეს.
მნიშვნელოვანია, თუ როგორ წავიკითხავთ ამ ციფრებს. 20%-იანი დანაკარგი არ ნიშნავს, რომ სამხედრო მრეწველობა არ მუშაობდა. ეს ნიშნავს, რომ სისტემა საკუთარ თავს „გადასახადს“ უწესებდა, რაც მშვიდობიან პერიოდში ასატანი ტვირთი იყო. რეალური პრობლემა არა მხოლოდ წარმოების საერთო რაოდენობაში, არამედ
ხარისხშიც გამოჩნდა - იქ, სადაც მაღალი სიზუსტე, თანამედროვე ტექნოლოგიები და
ვადების დაცვა იყო საჭირო.
საბოლოოდ, ტანკი „არმატა“ სერიულ წარმოებაში არასოდეს შესულა (ზოგიერთი შეფასებით, სულ 20-50 ერთეული ააწყვეს), ხოლო 2024 წელს თავად სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა, რომ ეს ტანკი რეალური ომისთვის „ზედმეტად ძვირია“. Su-57-ის შემთხვევაში, 2019 წელს გაფორმებული კონტრაქტი 2027 წლისთვის 76 ერთეულის წარმოებას ითვალისწინებდა, თუმცა 2026 წლის დასაწყისისთვის შეიარაღებაში მხოლოდ 30-მდე თვითმფრინავი ირიცხებოდა. სამაგიეროდ, იმავე მრეწველობამ 2022 წლის შემდეგ საბჭოთა კონსტრუქციის ჭურვებისა და იაფი დრონების მასობრივი წარმოების დაწყება შეძლო. ეს სწორედ ის სურათია, რომელსაც 20%-იანი „კორუფციული გადასახადი“ ქმნის: მასშტაბი შენარჩუნებულია, ინოვაცია - ვერა.
სწორედ ამ ფონზე დადგა 2022 წლის თებერვალი. ეს იყო სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში სისტემატურად აშენებდა ფინანსურ ბუფერს, ტექნოლოგიურ დამოუკიდებლობასა და სამრეწველო სიმძლავრეს - თუმცა, იმაზე ნაკლები ეფექტიანობითა და მასშტაბით, ვიდრე ამას ოფიციალური რიტორიკა იუწყებოდა.
დასკვნა
დავუბრუნდეთ საწყის კითხვას: რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა მოდელი, რომელსაც ამ სტატიაში „ციხესიმაგრის ეკონომიკა“ (Fortress Economy) ვუწოდეთ?
პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა კრიტერიუმით შევაფასებთ „ეფექტიანობას“.
თუ მიზანი ეკონომიკური ზრდა იყო, მოდელმა ვერ გაამართლა. 2009–2021 წლებში საშუალო წლიური ზრდის ტემპი დაახლოებით 1%-ს შეადგენდა, ხოლო მოსახლეობის რეალური შემოსავლები წლების განმავლობაში სტაგნაციას განიცდიდა. ეს ნამდვილად არ იყო წინა ათწლეულის „ეკონომიკური სასწაულის“ გაგრძელება.
თუმცა, თუ ამოცანა იყო არა აყვავება, არამედ გამძლეობა; არა ზრდა, არამედ გადარჩენა, მაშინ სურათი რადიკალურად იცვლება.
თითოეული ინსტრუმენტი, რომელიც განვიხილეთ, ერთსა და იმავე ლოგიკას ემსახურებოდა: გარე დამოკიდებულების შემცირებასა და შიდა კონტროლის გაძლიერებას:
- ეროვნული კეთილდღეობის ფონდი, რომელიც თავდაპირველად საპენსიო სისტემის მხარდასაჭერად შეიქმნა, სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიების გადასარჩენ და მილიტარისტული ხარჯების დასაფინანსებელ რესურსად იქცა (2022 წელს, ომის დაწყების წინ, ფონდის ლიკვიდურმა ნაწილმა $114 მილიარდამდე შეადგინა).
- ცენტრალურმა ბანკმა მაღალი უსაფრთხოების სანაცვლოდ შეგნებულად თქვა უარი მოგებაზე: დოლარის აქტივების გაყიდვით და ოქროს ყიდვით მინიმუმ $8 მილიარდის შემოსავლები ვერ მიიღო, თუმცა მიიღო სანქციებისგან დაცული რეზერვები.
- სახელმწიფომ შექმნა ალტერნატიული ინფრასტრუქტურა (SPFS - რუსული SWIFT, „მირი“ - რუსული VISA და „სუვერენული ინტერნეტი“), რომლის გარედან გამორთვაც შეუძლებელი გახდა.
- სტრატეგიული აქტივების კონტროლი ეტაპობრივად გადავიდა კრემლისადმი „სანდო სუბიექტების“ ხელში.
ცალ-ცალკე ეს ნაბიჯები კონკრეტულ საფრთხეებზე აცილებელ რეაგირებად აღიქმებოდა, თუმცა ერთობლიობაში მათ სულ სხვა არქიტექტურა შექმნეს - სახელმწიფო, რომელმაც საგარეო წნეხისადმი
იმუნიტეტი გამოიმუშავა.
ეს სტრატეგია, ვიწრო გაგებით, შედეგიანი აღმოჩნდა: 2014 წლის ეკონომიკურ კრიზისს პოლიტიკური რეჟიმი არ შეურყევია, ხოლო სანქციებმა სისტემის კოლაფსი ვერ გამოიწვია. დასავლეთის ტრადიციულმა ბერკეტებმა - SWIFT-იდან გათიშვის მუქარით დაწყებული, საგადახდო სისტემების ბლოკირებით დამთავრებული, ვერ დააზიანა ის, რაც უკვე დუბლირებული და ჩანაცვლებული იყო.
თუმცა, აქ სამი ფუნდამენტური დათქმა იკვეთება:
პირველი: ეს მდგრადობა მაინც დროებითი და ილუზორული აღმოჩნდა. რუსეთი ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას ვერსად გაექცა (ნავთობსა და გაზზე ბიუჯეტის შემოსავლების 57% მოდიოდა). ამასთან, დაბალი საგარეო ვალიც დროებითი აღმოჩნდა - 2022 წლის შემდეგ შიდა ვალმა ბიუჯეტის შემოსავლების 74%-ს მიაღწია. სისტემამ დარტყმების მოგერიება ისწავლა, თუმცა მათი გამომწვევი სიღრმისეული მიზეზები ვერ აღმოფხვრა.
მეორე: მთელი ეს არქიტექტურა აშენდა დაშვებაზე, რომ ყველაზე უარესი სცენარი უკვე 2014 წელს განხორციელდა. რვა წლის განმავლობაში დაგროვილი ბუფერები - ოქროსა და სავალუტო რეზერვები, დაბალი ვალი და ალტერნატიული ინფრასტრუქტურა, 2014 წლის მასშტაბის კრიზისზე უფრო იყო გათვლილი. 2022 წელს კი რუსეთმა სულ სხვა ხარისხის შოკი განიცადა, როდესაც
დასავლური ეკონომიკური სივრციდან
სისტემურად გაითიშა.
ამასთან, ისტორიაში
პირველად, G20-ის
წევრი ქვეყნის
ცენტრალური ბანკის
რეზერვები გაიყინა.
მესამე პრობლემა: „ციხესიმაგრეს“ საკუთარი რეალური მდგომარეობის შეფასების უნარი არ აღმოაჩნდა - ეს კი სწორედ იმ კორუფციული სისტემის შედეგი იყო, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით. ერთგული მმართველები სახელმწიფო კორპორაციებში, დამოუკიდებელი აუდიტის გარეშე გაცემული სახსრები და მედია, რომელსაც ცუდი ამბების გავრცელება ეკრძალებოდა: ეს სამი ფაქტორი ერთდროულად ქმნიდა კორუფციისთვის ხელსაყრელ პირობებს და სისტემას საკუთარი თავის ობიექტურად შეფასების უნარს ართმევდა. შეიძლება
ისიც ითქვას, რომ სისტემას არც სჭირდებოდა საკუთარი თავის ობიექტური შეფასება...
ასეთ სისტემაში
ანგარიშების გაყალბება ქვემოდან ზემოთ მიემართება: ყოველი ქვედა რგოლი ზემდგომს
ატყობინებს, რომ „ყველაფერი გენიალურადაა". ამ იერარქიის მწვერვალზე
კრემლი იდგა, სადაც თავს მაქსიმალურად „შელამაზებული" ინფორმაცია იყრიდა. შედეგმა
ორი
მიმართულებით იჩინა
თავი:
1.
პირველი - შეიარაღების პროგრამაა: რაც ქაღალდზე 2 300 ტანკ „არმატად“ და ათეულობით Su-57-ად იწერებოდა, რეალურად მხოლოდ ერთეულები აღმოჩნდა.
2.
მეორე - უკრაინის მიმართულებაა: თუ ანტიკორუფციული
სამმართველოსა და FSB-ის პოლკოვნიკები სახლებში მილიარდებს მალავდნენ, გასაკვირი არ არის, რომ ანალოგიური კითხვები უკრაინაში დივერსიული საქმიანობისთვის განკუთვნილ სახსრებზეც გაჩნდა. დასავლური მედიისა და FSB-ის მკვლევრების ცნობით, 2022 წლის მარტში შინაპატიმრობაში აღმოჩნდა FSB-ის მეხუთე სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ბესედა. ბრალდება მოიცავდა როგორც სახსრების არამიზნობრივ გამოყენებას, ასევე კრემლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას.
კრემლს დასავლეთი სისტემატურად შეცდომაში შეჰყავდა და უკრაინაში თავდასხმის გეგმას ბოლო მომენტამდე უარყოფდა. ამავე დროს, მას საკუთარი შესაძლებლობებიც არარეალისტურად ჰქონდა შეფასებული: ვერტიკალი, სადაც რეალური ინფორმაციის ზემდგომებისთვის მიწოდება ისჯებოდა, თავად კრემლმა შექმნა. 2022 წლის თებერვალში მოსკოვმა ომი დაიწყო ჯარით, რომელიც რეალურად მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა.
გაუძლო თუ არა 2009–2021 წლებში აშენებულმა მოდელმა ამ ახალ, გაცილებით მძიმე გამოცდას? სწორედ ამ საკითხს დავუთმობთ ჩვენს მომდევნო ბლოგს.
Comments
Post a Comment