უკრაინული დრონები — დეტონატორი რუსული ეკონომიკის კრიზისისათვის

 


უკრაინული დრონებიდეტონატორი რუსული ეკონომიკის კრიზისისათვის

1. შესავალი

2025 წლის ბოლოს ბევრმა ანალიტიკოსმა რუსეთის ეკონომიკის მთავარ საფრთხედ დასავლური სანქციები, ნავთობის დაბალი ფასები ან სამხედრო ხარჯების ტვირთი დაასახელა. თუმცა 2026 წლის შუაში სულ სხვა სურათი გვაქვს. რუსული ეკონომიკისათვის ყველაზე მტკივნეული არც სანქციაა და არც ნავთობის ბირჟის შედეგები. ეს არის უკრაინული დრონი, რომელიც ათასობით კილომეტრზე ღამით ჰორიზონტს გადაუფრენს და ერთ კონკრეტულ სამიზნეს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ესხმის თავს.

ერთი შეხედვით, ეს სამხედრო ეპიზოდია: ქარხანა იწვის, მაშველები აქრობენ, მეორე დღეს მედია ფოტოებით ივსება და მერე ეს ამბავი ყველას ავიწყდება. სინამდვილეში, ეს არის ის მომენტი, საიდანაც იწყება ჯაჭვური რეაქცია, რომელიც პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტს, ინფლაციასა და საკვანძო რეფინანსირების განაკვეთს ეხება.

ეს ბლოგი გიჩვენებთ, თუ როგორ გადაიქცა სამხედრო ოპერაცია მაკროეკონომიკურ ინსტრუმენტად. ციფრები, რომლებსაც ქვემოთ ნახავთ, არა უბრალო სტატისტიკა, არამედ იმის მტკიცებულებაა, რომ ინფრასტრუქტურაზე ზუსტი დარტყმა შეიძლება უფრო ეფექტიანი აღმოჩნდეს, ვიდრე ათასობით ჯარისკაცის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა.

 

თავი 2. დრონი მეფობენ

რომ გავიგოთ, რატომ იქცნენ ეს დრონები ასეთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფაქტორად, ჯერ მონაცემებს გადავხედოთ.

ომის დაწყებამდე რუსეთში 35 უზარმაზარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (1 მილიონ ტონაზე მეტი წლიური სიმძლავრით ) ფუნქციონირებდა. დღეს მათგან მხოლოდ ერთია მთლიანად ხელუხლებელი - ანგარსკის ნავთობქიმიური კომბინატი, აღმოსავლეთ ციმბირში, სადაც უკრაინული დრონები სიშორის გამო ჯერ არ მოფრენილა. 6 ივლისს 2500 კილომეტრზე მეტ მანძილზე არსებული ომსკის უდიდესი ქარხანაც დაზიანდა, ომის ერთ-ერთი ყველაზე შორეული დარტყმით. დანარჩენი, თითქმის ყველა, რუსეთის ევროპულ ნაწილშია განლაგებული, რაც მათ უკრაინელებისათვის იდეალურ სამიზნეებად აქცევს. ანუ, 34 ქარხანა მეტ-ნაკლები სიმძიმით დაზიანდა და ზოგიერთი მათგანი წლის ბოლომდე ვერ აღდგება.


ქარხნების პარალელურად, უკრაინა თავს ესხმის რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებსაც. 6 ივლისს უკრაინამ დაიწყო ოპერაცია „მოლოჩკა" და აზოვის ზღვაში 9 დღეში 116 გემს დაესხა თავს. ამ ტანკერების უმეტესობა საწვავი ოკუპირებულ ყირიმში შეჰქონდა და ამით რუსული სამხედრო ლოგისტიკა ნახევარკუნძულზე სერიოზულად დაზიანდა. 14-15 ივლისს კი სამხედრო კამპანიის ახალი ფაზა დაიწყო: ოპერაციის მეთაურმა განაცხადა, რომ აზოვის ეტაპი დასრულდა და სამიზნე ახლა შავი ზღვაა - რუსეთის ნავთობის საერთაშორისო ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი დერეფანი. ერთ ღამეში დაზიანდა 20 გემი, მათ შორის 17 ნავთობტანკერი. აქ უკვე საუბარია არა შიდა ლოგისტიკაზე, არამედ პირდაპირ საექსპორტო შემოსავალზე, რომელიც ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

რას ნიშნავს ეს რეალურ ცხოვრებაში?

ამ დარტყმების რეალური შედეგი იზომება არა მხოლოდ დაზიანებული შენობებით და ტანკერებით, არამედ საწვავის რეალური დეფიციტით. Reuters-ის უახლესი მონაცემებით, წელს რუსეთის საწვავის წარმოება მიმდინარე მოთხოვნაზე დაბალია დაახლოებით 20%-ით, ხოლო წლიურ ჭრილში (წინა წელთან შედარებით) წარმოება 25%-ით შემცირდა. ეს ხარვეზი სახელმწიფო სტრატეგიული მარაგებით ნაწილობრივ ივსება, თუმცა მარაგებიც ლიმიტირებულია.

The image shows a series of rectangular, monochrome icons, each representing a different stage or element, arranged in a horizontal sequence.

AI-generated content may be incorrect.

რიგები გასამართ სადგურებზე, შეზღუდვები ერთ ხელში საწვავის რაოდენობაზე (ზოგან 30-40 ლიტრამდე) და აკრძალვა კანისტრებში ჩასხმაზე - ეს აღარ არის აბსტრაქტული სტატისტიკა, ეს არის რუტინა ჩვეულებრივი რუსი მოქალაქისათვის.  50-ზე მეტი რეგიონი ოფიციალურად აცხადებს მიწოდების პრობლემებზე, თითქმის ყველა 83 რეგიონში არაფორმალური სირთულეებია (CNN, 7 ივლისი, 2026). 38 რეგიონში ოფიციალურად შემოღებულია შეზღუდვები გაყიდვებზე. 

ერთი შეხედვით, სახელმწიფოს შეუძლია ბენზინის ფასი თავისუფალ ცურვაში გაუშვას, რაც ბაზარს დეფიციტის მოგვარების საშუალებას თავად მისცემდა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, საწვავის ფასი პირდაპირ აისახება ინფლაციაზე, რომელიც ისედაც 6% გახდა, დაგეგმილი 4%-ის ნაცვლად და ინფლაციის ძირითადი მამოძრავებელი ზუსტად ბენზინია. საწვავზე ფასების სრული გათავისუფლება ინფლაციას მყისვე ორნიშნა გახდიდა, რაც ომის პირობებში პოლიტიკურად მიუღებელია. ამიტომ სახელმწიფოს ერთადერთი გამოსავალი რჩება ფასების ხელოვნურად დაჭერა სუბსიდირების (ე. წ. „დემფერის“) მეშვეობით, თუნდაც ეს ბიუჯეტს მილიარდობით დოლარი უჯდებოდეს. რა თქმა უნდა, საწვავის დეფიციტმა ფასი უკვე გაზარდა. ახლა საკითხავია, ვინ იხდის ამ ფასნამატს:  მომხმარებელი პირდაპირ ბენზოგასამართი სადგურის აპარატთან, თუ სახელმწიფო ინფლაციისა და ვალის საშუალებით?

 

თავი 3. სად იმალება დანახარჯი?

ბენზინის ფასნამატს სახელმწიფო ასუბსიდირებს ირიბი გზით და ამ მექანიზმს „დემფერი" ეწოდება. პრინციპი მარტივია: დავუშვათ, 1 ლიტრი ბენზინის საექსპორტო ფასი 3 ლარია, ხოლო შიდა, სახელმწიფოსთან წინასწარ შეთანხმებული ფასი, 2 ლარი. სახელმწიფო ამ 1 ლარიანი სხვაობას კომპანიებს (მაგალითად, ლუკოილს) ბიუჯეტიდან უნაზღაურებს და ასე ინარჩუნებს დაბალ შიდა ფასს.

რა ჯდება ეს რეალურად?

სუბსიდირების ეს მეთოდი ძალიან ძვირი სიამოვნებაა. 2025 წლის განმავლობაში დემფერზე დაიხარჯა 881.8 მილიარდი რუბლი, დაახლოებით 11.4 მილიარდი დოლარი. 2026 წელს კი, მხოლოდ აპრილიდან ივნისამდე, სამ თვეში, ამ მაჩვენებელმა უკვე 567.3 მილიარდ რუბლს, ანუ 7.4 მლრდ დოლარს მიაღწია. ეს არის ნავთობგაზის სექტორიდან ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 28%, მაშინ, როცა ჩვეულებრივ ეს წილი დაახლოებით 10% იყო.

 

სწორედ სუბსიდირებული ფასების გამო არსებობს რიგები გასამართ სადგურებზე და ყოველგვარი შეზღუდვებიც. არაქსელურ, მცირე გასამართ სადგურებზე (რომლებზეც მთლიანი საწვავის დაახლოებით 30% იყიდება) ფასები თავისუფალია და იქ ბენზინი 30-40 რუბლით უფრო ძვირია. ფასებზეც ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ: ქსელურ სადგურებზე 1 ლიტრი  აი 95 საშუალოდ 2,5 ლარი ღირს, მცირე სადგურებზე კი 4 ლარის ფარგლებშია.

აქედან იწყება საკითხის ნამდვილად საინტერესო ნაწილი: რატომ არის სახელმწიფოსთვის იაფი ბენზინის შენარჩუნება ისეთივე ძვირი, როგორც თავად ომის გაგრძელება?

რატომ ვერ შეამცირებს სახელმწიფო ფასებს?

როგორც აღინიშნა, ერთი შეხედვით, გამოსავალი მარტივია, ფასების გათავისუფლება შემდეგ საწვავს ის შეიძენდა, ვისაც ის მეტად სჭირდება და ბაზარი თავად დაარეგულირებდა მოთხოვნა/მიწოდებას. მაგრამ ამ გეგმას ერთი უმნიშვნელოვანესი ხარვეზი აქვს: ბენზინის ფასი ინფლაციაში პირდაპირ და სწრაფად აისახება. ინფლაცია კი უკვე 6%-ია, ცენტრობანკის 4%-იანი სამიზნის ნაცვლად და ეს ზრდა თითქმის მთლიანად ბენზინის ხარჯზეა. ფასების გათავისუფლება ინფლაციის მაჩვენებელს მყისიერად ორნიშნა დონემდე აიყვანდა, რაც, ომის პირობებში, პოლიტიკურად მიუღებელია. სწორედ აქ იწყება ის მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოს არჩევანს არ უტოვებს.

 

თავი 4: ჯადოსნური წრე შეიკრა

მაღალი ინფლაციური რისკების პირობებში, ცენტრობანკის მანევრირების უნარები მაქსიმალურად იზღუდება. საპროცენტო განაკვეთის შემცირება ინფლაციას კიდევ უფრო გაზრდის, ამიტომ ცენტრობანკი განაკვეთს ვერ შეამცირებს. ეს კი ნიშნავს, რომ კრედიტი ძვირდება ყველასთვის, ჩვეულებრივი მოქალაქიდან დაწყებული, სახელმწიფოთი დამთავრებული. და აქ იმალება მორიგი მარყუჟი: სახელმწიფოს თავად უწევს სესხება, რადგან სამხედრო მრეწველობის კომპანიებს კომპენსაციას უხდის ძვირი კრედიტისთვის, ხოლო პენსიებისა და ხელფასების ინდექსირებაც  ინფლაციაზეა მიბმული.

სახელმწიფო სესხს ძირითადად „ფლოტერების" სახით იღებს. ეს არის სახელმწიფო ობლიგაციები, რომელთა საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) ფიქსირებული კი არ არის, არამედ ინფლაციაზეა მიბმული. ანუ, რაც უფრო იზრდება ინფლაცია, მით მეტს უხდის სახელმწიფო ობლიგაციების მფლობელებს, ავტომატურ რეჟიმში.

 

დეფიციტის დასაფარად აღებული ეს დამატებითი ვალი კი ისევ ბაზარზე გადის, ფულის მასა იზრდება და, თავად ეს პროცესი, ინფლაციას ისევ ზრდის. სწორედ აქ იკვრება წრე: ის, რაც სახელმწიფომ ინფლაციასთან საბრძოლველად გააკეთა (მეტი სესხის აღება), საბოლოო ჯამში თავად ხდება იმ ინფლაციის ერთ-ერთი მიზეზი. მექანიზმი არ წყდება ერთ რომელიმე  წერტილში, ის მუშაობს როგორც წრიული სისტემა, სადაც ყოველი შემდეგი ბრუნი წინაზე ცოტა უფრო ძვირი გამოდის. აქვე, ლირიკული სტატისტიკური გადახვევა: 2026 წლის პირველ კვარტალში ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა $58.6 მილიარდი შეადგინა (მშპ-ის დაახლოებით 2%), რაც ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელია.

 

დასკვნა

ყველაფრის მიღმა, რაც აქამდე განვიხილეთ, დგას ორი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც დღეს რუსეთის ეკონომიკას განსაზღვრავს და რომელთა კონტროლიც არც ფინანსთა სამინისტროს და არც ცენტრობანკს არ შეუძლია. პირველი ფაქტორია სამხედრო ხარჯები, რაც პოლიტიკურად ხელშეუხებელია და ფინანსთა სამინისტროს არ შეუძლია მისი შემცირება, რადგან ეს ომის გაგრძელების პირდაპირი პირობაა. მეორე ფაქტორი კი უკრაინული დრონები გახდა. რუსეთის საჰაერო თავდაცვა თავს ვერ ართმევს დრონების ნაკადს,  ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეკეთების სისწრაფე ჩამორჩება მათ დაზიანების ინტენსივობას და ესაა რეალური მიზეზი, რის გამოც რუსეთის ეკონომიკაში ქაოსი სუფევს.

ამ ორ ფაქტორს შორის კი, სწორედ უკრაინული დრონია ის, რაც ბოლო თვეებში ეკონომიკის ნამდვილ დეტონატორად იქცა. სამხედრო ხარჯები რუსეთის ეკონომიკის მუდმივი, წლების განმავლობაში ცნობილი ტვირთია. დრონი კი არის ის ახალი ცვლადი, რომელსაც ძალიან მაღალი კორელაცია გააჩნია ეკონომიკურ კრიზისთან. ის ფაქტი, რომ ერთი ღამის იერიშმა ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეიძლება უფრო მეტი გავლენა იქონიოს ინფლაციაზე, ვიდრე ცენტრობანკის მონეტარულმა პოლიტიკამ, ზუსტად აჩვენებს, რომ ეს ომი დღეს ისეთივე ეკონომიკური ფრონტია, როგორც სამხედრო.

უკრაინული დრონი დღეს ყველაზე ეფექტიანი მაკროეკონომიკური ინსტრუმენტია, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ბიუჯეტზე, ინფლაციაზე და საბოლოო ჯამში, თითოეული რუსის ჯიბეზე.


Comments

Popular posts from this blog

Big Little Lies: როგორ იქმნება ანტიევროპული ნარატივები საქართველოში

Big Little Numbers: ციფრებს ლავროვის ცრემლების არ სჯერა!

Big Little Lies: How Anti-European Narratives Are Manufactured in Georgia (English version)