რუსეთის ეკონომიკა 1998–2008: უფსკრულიდან აღმავლობით კრიზისამდე

 



რუსეთის ეკონომიკა 1998-2008: უფსკრულიდან აღმავლობით კრიზისამდე

ნაწილი I: მოდით, დავიწყოთ დეფოლტით!

2022 წლის თებერვალში, როცა რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ბევრმა დასავლელმა ანალიტიკოსმა ივარაუდა, რომ სანქციები რუსეთის ეკონომიკას რამდენიმე თვეში დაშლიდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. რუსეთის ეკონომიკის გამძლეობამ 2022 წლის შემდეგაც არაერთხელ გაგვაკვირვა და ამის მიზეზები ბევრად უფრო ადრეულ პერიოდში უნდა ვეძებოთ, კონკრეტულად კი, იმ ათწლეულში, როცა რუსეთმა გაიარა გზა სრული ეკონომიკური კოლაფსიდან დინამიურად მზარდ ეკონომიკამდე. მაგრამ სანამ ამ აღმავლობაზე გადავალთ, საჭიროა დავუბრუნდეთ ბნელ 90-იანებს, საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო.

90-იანების კოლაფსი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა გაიარა ეკონომიკური ტრანსფორმაცია, რომელსაც ხშირად „შოკურ თერაპიას" უწოდებენ და რომელსაც, მოკლე დროში, გეგმიური ეკონომიკა საბაზრო სისტემად უნდა გადაექცია. ამ დროს განხორციელდა სახელმწიფო ფასების სწრაფი ლიბერალიზაცია, საგარეო ვაჭრობის გახსნა და მასობრივი პრივატიზაცია.  ეს არ იყო წმინდად რუსული პროექტი, მის მამამთავრად ჰარვარდის პროფესორი, ეკონომისტი ჯეფრი საქსი მიიჩნევა, რომელიც 1991-1994 წლებში ელცინის მთავრობის უშუალო მრჩეველი გახლდათ. ჯეფრი საქსს უკვე ჰქონდა „წარმატებული" გამოცდილება: მან იგივე მოდელით (სწრაფი ლიბერალიზაცია, პრივატიზაცია, ინფლაციასთან აგრესიული ბრძოლა) უკვე აურ-დაურია ბოლივიისა და პოლონეთის ეკონომიკები და ამ გამოცდილებით შთაგონებული, რუსეთსაც იგივე რადიკალურ, სწრაფი გზა ურჩია. თუმცა, რუსეთის ეკონომიკა ბევრად უფრო რთული და გეგმიურ მეურნეობაზე დამოკიდებული იყო, ვიდრე მისი წინა „წარმატებული" შემთხვევები.

საქსთან ერთად მუშაობდა ე. წ. ჰარვარდის ბიჭების" ჯგუფიანდრეი შლაიფერი, ლოურენს სამერსი და დევიდ ლიპტონი. შლაიფერი, რუსული წარმოშობის ეკონომისტი, 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა USAID-ის მიერ დაფინანსებულ ჰარვარდის საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტის (HIID) რუსულ პროექტს. იგი პრივატიზაციაზე პასუხისმგებელი ვიცე-პრემიერის,  ანატოლი ჩუბაისის მრჩეველიც იყო.

 პრივატიზაციის პროცესმა, კონკრეტულად კი ვაუჩერულმა სქემამ და მოგვიანებით აქციები სესხების სანაცვლოდ" პროგრამამ, შექმნა ვიწრო ჯგუფი ზე ძლიერი ბიზნესმენებისა, რომლებიც სახელმწიფო ქონების ყველაზე ღირებულ ნაწილს - ნავთობის, გაზისა და მეტალურგიის აქტივებს, მინიმალურ ფასად იგდებდნენ ხელში. ეს იყო მომავალი ოლიგარქების" დაბადების მომენტი. ამავდროულად, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის 90-იანები ასოცირდებოდა სულ სხვა გამოცდილებასთან: ჰიპერინფლაციამ გაანადგურა დანაზოგები, ხელფასების და პენსიების გაცემა თვეობით და წლობითაც კი გვიანდებოდა, ხოლო სიღარიბის დონემ მკვეთრად მოიმატა.

რამდენად პასუხისმგებელია საქსის მოდელი კოლაფსზე?

ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს, მაგრამ საქსის მიმართ კრიტიკა განსაკუთრებით მკვეთრია. ცნობილი ეკონომისტი გრეგორი მენქიუ საქსისა და მისი კოლეგების პოლიტიკას პირდაპირ „ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს შეცდომად" მოიხსენიებდა. მკვლევრები ბლეკი და მისი თანაავტორები კიდევ უფრო კატეგორიულები არიან: „რუსები, რომლებიც დასავლურ რჩევებს ადანაშაულებენ ეკონომიკის განადგურებაში, სრულიად არ ცდებიან". კრიტიკოსების არგუმენტის ცენტრში სწორედ საქსის მოდელის მექანიკური გადატანაა: მან რუსეთს შესთავაზა ისეთივე „ერთი დარტყმით" მიდგომა, რომელმაც პოლონეთისთვის ნაწილობრივ იმუშავა, მაგრამ ვერ გაითვალისწინა, რომ რუსული ეკონომიკა იყო გიგანტური, არაკონკურენტული სამრეწველო კომპლექსებით, სუსტი ინსტიტუტებითა და პრივატიზაციის კორუფციული რისკებით. ამ ფაქტორებმა კი სწრაფი ლიბერალიზაცია კატასტროფად აქციეს.

თავად საქსი მუდმივად იცილებს პირად პასუხისმგებლობას და აღნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები რუსულმა მხარემ - გაიდარმა და ჩუბაისმა, მიიღო, ხოლო დასავლეთმა რეფორმებს საკმარისი ფინანსური მხარდაჭერა არ გამოუყო, რაც წარმატებისათვის აუცილებელი წინაპირობა იყო. თუმცა ეს არგუმენტები ნაკლებად დამაჯერებელი ხდება იმ ფონზე, რაც 1997 წელს გამოვლინდა: შლაიფერი და მისი კოლეგა ჯონათან ჰეი პირადად აბანდებდნენ ფულს რუსულ ფასიან ქაღალდებში, რაც მათ საკონსულტაციო როლთან პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენდა. USAID-მა პროექტის დაფინანსება შეაჩერა, ხოლო აშშ-ის მთავრობის სასამართლო პროცესი ჰარვარდის წინააღმდეგ 2005 წელს $26.5 მილიონიანი ანაზღაურებით დასრულდა. ყველაფერმა ამან კიდევ უფრო შეარყია ნდობა მთელი „მრჩეველთა ჯგუფის" მიმართ და დაადასტურა მათ მიმართ არსებული ეჭვები.

პარალელურად სუსტდებოდა თავად სახელმწიფოც. საგადასახადო ადმინისტრაცია არაეფექტიანი და კორუმპირებული იყო, რეგიონების დამოუკიდებლობის ხარისხი სულ უფრო იზრდებოდა, ხოლო ჩეჩნეთის ორმა ომმა 1994-1996 და 1999 წლებში, თვალნათლივ აჩვენა რუსული სამხედრო მანქანის და მთლიანად სახელმწიფოს სავალალო მდგომარეობა. ეს იყო ინსტიტუციური სისუსტის ათწლეული და ამან სულ სხვა ტიპის სახელმწიფოს შექმნის მოთხოვნა გააჩინა.

უფსკრული: 1998 წლის 17 აგვისტო

არამდგრადი ეკონომიკა ორ განსაკუთრებით მყიფე კონსტრუქციაზე იდგა: ფიქსირებული სავალუტო კურსი და მოკლევადიანი სახელმწიფო ვალდებულებების (GKO) ბაზარი, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთები ზოგჯერ 150%-საც აჭარბებდა. ანუ, სახელმწიფო საკუთარ მიმდინარე ხარჯებს სულ უფრო ძვირი ვალით აფინანსებდა. 1997 წელს დაწყებულმა აზიის ფინანსურმა კრიზისმა და ნავთობის ფასების ვარდნამ ეს ორივე კონსტრუქცია საფუძვლიანად შეარყია.

1997-1998 წლებში ცენტრალური ბანკი დოლარი/რუბლის კურსს 5.3-დან 7.1-მდე ვიწრო დერეფანში აკავებდა და ამისათვის დიდი ოდენობით სავალუტო რეზერვებს ხარჯავდა. 1998 წლის აგვისტოს დასაწყისში ბირჟაზე ვაჭრობა ერთხელ 35 წუთით შეჩერდა კურსების მკვეთრი ვარდნის გამო. 17 აგვისტოს კი რუსეთის მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა ერთდროულად სამი გადაწყვეტილება გამოაცხადეს: დეფოლტი შიდა ვალდებულებებზე, 90-დღიანი მორატორიუმი უცხოელი კრედიტორების მიმართ გადახდებზე და, ფაქტობრივად, რუბლის დევალვაცია. ორი კვირის შემდეგ ცენტრალურმა ბანკმა საერთოდ შეაჩერა ფიქსირებული კურსის დაცვა, რის შემდეგაც, სამი კვირის განმავლობაში ვალუტამ ღირებულების დაახლოებით ორი მესამედი დაკარგა. 1997 წელს მშპ ერთ სულზე მოკრძალებული აღდგენის (+1.6%) შემდეგ, 1998 წლის კატასტროფულად, -5.1%-ით დაეცა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ რუსეთის ეკონომიკური სტაბილურობა კრიზისამდეც ძალიან მყიფე იყო.


შედეგები მძიმე იყო: ოფიციალური მონაცემებით, ეკონომიკა 1998 წელს დაახლოებით 5.1%-ით შემცირდა, ინფლაცია 84.5% გახდა, ბანკები კოლაფსში აღმოჩნდნენ (229 ბანკი გაკოტრდა), ხოლო მილიონობით რუსმა თავისი დანაზოგები დაკარგა. 1998-1999 წლებში რუსეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე $1,300-ს არ აღემატებოდა, რაც პოლონეთისა და უნგრეთის მაჩვენებელზეც სამჯერ, ხოლო დასავლეთ ევროპის წამყვან ეკონომიკებზე კი 20-ჯერ დაბალი იყო. ეს არ იყო უბრალოდ ეკონომიკური კრიზისი, ეს იყო კოლექტიური ტრავმა, რომელმაც საბაზრო ეკონომიკისადმი და მთლიანად სახელმწიფოსადმი ნდობა მთლიანად დაანგრია.

The image appears to be a bar chart or graph with various data points or values, likely representing financial statistics, such as monetary amounts, for different entities or years, with some values in Thai numerals.

AI-generated content may be incorrect.

პარადოქსია, მაგრამ სწორედ ამ კრიზისმა ჩაუყარა საფუძველი შემდგომ აღდგენას. რუბლის მკვეთრმა გაუფასურებამ იმპორტი გააძვირა და საშუალება მისცა ადგილობრივ მრეწველობას, განსაკუთრებით კვების სექტორს, ბაზრის ის ნაწილი დაეკავებინა, რომელსაც ადრე იმპორტული საქონელი ავსებდა. სამრეწველო წარმოება 1999 წლის მარტში, ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრ პრიმაკოვის დროს, დასტაბილურდა. ეს მოხდა, სანამ პუტინი ხელისუფლების ჰორიზონტზე საერთოდ გამოჩნდებოდა.

პუტინის მოსვლა გაშლილ სუფრასთან

პუტინი პრემიერ-მინისტრად 1999 წლის აგვისტოში დაინიშნა, იმ მომენტში, როცა ეკონომიკის აღდგენა უკვე სრული სვლით მიდიოდა. ეს არ ნიშნავს, რომ მისმა შემდგომმა პოლიტიკამ მნიშვნელობა არ იქონია, უბრალოდ მან მემკვიდრეობით მიიღო ეკონომიკა, რომელიც უკვე უკიდურესი ფსკერიდან იწყებდა ამოსვლას: გაუფასურებულმა ვალუტამ ექსპორტი კონკურენტუნარიანი გახადა, ხოლო 1 ბარელი ნავთობის ფასი, რომელიც 1998 წელს $12-13 დოლარამდე იყო დაცემული, თანდათან იზრდებოდა. 1999 წლის 31 დეკემბერს (საბედისწერო დღე, როცა ელცინი გადადგა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად პუტინი დატოვა): ბრენტის ნავთობის ფასი გაორმაგდა და $25-26 დოლარს მიაღწია.

The image shows a comparison between the exchange rates of Baht to US dollars in 1998 and 1999, highlighting a slight increase in value.

AI-generated content may be incorrect.

1998 წლის აგვისტოს დეფოლტიდან 1999 წლის აგვისტომდე განვლილი გზა თვალნათლივ აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლამდე, აშკარად ჩანდა კრიზისიდან სწრაფად  გამოსვლის ნიშნები.

The image appears to be a flowchart or diagram with timelines and coded entries, possibly depicting a sequence of events or data points from the years 1997 to 1999, with specific dates and alphanumeric codes.

AI-generated content may be incorrect.

ბორის ელცინის მიერ ძალაუფლების გადაცემის, ე.წ. „ოპერაცია მემკვიდრის", შედეგად ხელისუფლებაში მოსული პუტინისთვის ეს იყო იშვიათი პოლიტიკური შანსი: მას შეეძლო ეკონომიკის აღდგენის ნაყოფი მიეთვისებინა, სანამ საზოგადოება სათანადოდ გაანალიზებდა, თუ რამდენად იყო ეს ზრდა პუტინისაგან დამოუკიდებელი ფაქტორების (გაუფასურებული რუბლი, ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა) შედეგი. მისი მანდატის ბუნება თავიდანვე ორმაგი იყო — ერთის მხრივ, „მხსნელის" იმიჯი, რომელიც ქვეყანას 90-იანების კოშმარიდან გამოიყვანდა; მეორე მხრივ, ჯერ არავინ იცოდა ბოლომდე, თუ როგორ გამოიყენებდა ეს ახალი ლიდერი ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას პოლიტიკური მიზნებისთვის.

 

ნაწილი II. ეკონომიკური თავისუფლება და პოლიტიკური კონტროლი

ლიბერალური რეფორმები — ვინ მართავდა ეკონომიკურ პოლიტიკას

პუტინის პირველი საპრეზიდენტო ვადა (2000-2004) ხშირად „რეფორმების წლებად" მოიხსენიება. მნიშვნელოვანია გავიგოთ, ვინ იდგა ამ რეფორმების უკან: ეს იყო არა პუტინის პირადი ეკონომიკური ხედვის განხორციელება, არამედ ლიბერალურად განწყობილი ტექნოკრატების ჯგუფის მუშაობა, რომელსაც პუტინი მეტწილად თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევდა  იმ სფეროში, რომელიც კარგად არ იცოდა.

ამ ჯგუფის ბირთვი ჯერ კიდევ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლამდე ჩამოყალიბდა. გერმან გრეფი, რომელიც მანამდე სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, სათავეში ედგა „სტრატეგიული კვლევების ცენტრს" (CSR). ამ  არასამთავრობო ანალიტიკურმა ცენტრმა პუტინის საარჩევნო კამპანიის დროს გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც „სტრატეგია 2010" ან „გრეფის პროგრამის“ სახელითაა ცნობილი. როცა პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა, ამ ცენტრის თანამშრომელთა უმეტესობა, საკუთარი გეგმების განსახორციელებლად, პირდაპირ მთავრობაში გადავიდა ხოლო 2000-2007 წლებში გრეფს ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის პოსტი ეკავა.

ალექსეი კუდრინი პუტინს ჯერ კიდევ ადრეული 90-იან წლებიდან იცნობდა - ორივე სანკტ-პეტერბურგის მერიაში მუშაობდა, ქალაქის მერ სობჩაკის მოადგილეებად (1993-1996). 2000 წლის მაისში პუტინმა კუდრინი ფინანსთა მინისტრად დანიშნა, სადაც ის 11 წელი მუშაობდა, პარალელურად კი 2000-2004 წლებში ვიცე-პრემიერის პოსტიც ეკავა. მისი მთავარი მემკვიდრეობაა ფიქსირებული (ბრტყელი) გადასახადი, დღგ-ის შემცირება, საგარეო ვალის ვადამდე დაფარვა და, პირადად მისი იდეით,  2004 წელს სტაბილიზაციის ფონდის შექმნა.

ამჟამინდელი რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე,  ელვირა ნაბიულინაც სწორედ ამ ჯგუფის ნაწილი იყო. ის 1999-2000 წლებში გრეფის „სტრატეგიული კვლევების ცენტრში" ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა და პირადად მონაწილეობდა „გრეფის სტრატეგიის" შემუშავებაში. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ის გრეფის პირველი მოადგილე გახდა ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროში (2000-2003) და აქტიურად მონაწილეობდა რეფორმების პრაქტიკულ განხორციელებაში, მათ შორის ინფლაციის კლებასა და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებაში. 2007 წელს ის უშუალოდ გრეფის ადგილს დაიკავებს მინისტრის პოსტზე, ხოლო 2013 წლიდან — ცენტრალურ ბანკს უხელმძღვანელებს.

ასევე, მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ანდრეი ილარიონოვი - 2000-2005 წლებში პუტინის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი. სწორედ ილარიონოვი იყო, თავისი შეფასებით, „მამოძრავებელი ძალა" 13%-იანი ბრტყელი გადასახადის შემოღების, სტაბილიზაციის ფონდის შექმნისა და საგარეო ვალის ვადამდე დაფარვის უკან, ანუ ზუსტად იმ სამი რეფორმის, რომლებზეც აქამდე ვსაუბრობდით. საინტერესოა, რომ ილარიონოვი ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე კუდრინის კურსელი იყო, ანუ მთელი ეს „ლიბერალური ბირთვი" (კუდრინი, ილარიონოვი, გრეფი, ნაბიულინა) მეტწილად ერთი და იმავე, პეტერბურგული ინტელექტუალური წრიდან წარმოიშვა.

ეს დეტალები მნიშვნელოვანია იმის დასანახად, რომ პუტინი ეკონომიკურ პოლიტიკაში ენდობოდა თავის თანამოქალაქე ტექნოკრატებს, ხოლო თავად კონცენტრირდებოდა პოლიტიკურ კონტროლზე, უსაფრთხოებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ცენტრალიზაციაზე.

ლიბერალი ეკონომისტების მიერ განხორციელებული ყველაზე თვალსაჩინო რეფორმა 2001 წლის საგადასახადო კოდექსია: სამსაფეხურიანი საშემოსავლო გადასახადი (12%, 20%, 30%) ერთიანმა 13%-იანმა განაკვეთმა ჩაანაცვლა. რუსეთი პირველი დიდი ეკონომიკა გახდა მსოფლიოში, რომელმაც „ბრტყელი გადასახადი" შემოიღო. შედეგად, მომდევნო წელს საშემოსავლო გადასახადიდან რეალურმა შემოსავალმა დაახლოებით 26%-ით მოიმატა. ეს არა იმდენად ხალხის შემოსავლის ზრდამ, არამედ გადასახადების ადმინისტრირების გაუმჯობესებამ და ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებამ გამოიწვია. ასევე, 2002 წელს კორპორატიული მოგების გადასახადი 35%-დან 24%-მდე შემცირდა, რაც პირდაპირ ასტიმულირებდა ინვესტიციებს.

2004 წლის 1 იანვრიდან, საგადასახადო კოდექსის რეფორმის ახალი პაკეტის ფარგლებში, დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) 20%-დან 18%-მდე შემცირდა, რამაც ბიზნესის საგადასახადო ტვირთი შეამცირა.

ეკონომისტების უმეტესობა თანხმდება, რომ საგადასახადო რეფორმა მხოლოდ ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იყო და ამ ცხრაწლიანი ზრდის დაახლოებით ნახევარი, პირდაპირ ნავთობის ფასების ზრდით აიხსნება.  ნავთობის ფასი თითქმის ხუთჯერ - $17.5 დოლარიდან (1999) $97.3 დოლარამდე (2008), გაიზარდა. შედეგად, 2000-იანების შუა პერიოდისთვის ნავთობმა და გაზმა რუსეთის ექსპორტის 60%-ზე მეტი და საბიუჯეტო შემოსავლების ნახევარზე მეტი შეადგინა.

ეკონომიკის ზრდას შემდეგი დადებითი თანმდევი ფაქტორები მოჰყვა:

  • საბიუჯეტო შემოსავლები მშპ-ს 12.6%-დან (2000) 22.6%-მდე (2008) გაიზარდა - ძირითადად ნავთობ-გაზის სექტორიდან შემოსავლებით. ამ სექტორიდან საბიუჯეტო შემოსავალი 2000-2008 წლებში ნომინალურად 40-ჯერ, ხოლო რეალურ ფასებში - რვაჯერ გაიზარდა.
  • პირდაპირი უცხოურ ინვესტიციები თითქმის 18-ჯერ გაიზრდა: $3.3 მილიარდიდან (1999) $60 მილიარდამდე (2008).
  • 2003-2008 წლებში ბიზნესის ძირითადი კაპიტალის ინვესტიციები და მოსახლეობის რეალური შემოსავლები წლიურად საშუალოდ 10%-ზე მეტით იზრდებოდა. 
  • რუბლის სტაბილური კურსი (2008-მდე დაახლოებით 28 რუბლი დოლარზე) იმპორტს ხელმისაწვდომს ხდიდა და ცენტრალურ ბანკს ინფლაციის მართვაში ეხმარებოდა.

შედეგად, პუტინის მმართველობის თავდაპირველი ცხრა წლის განმავლობაში (2000-2008) რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ სოლიდურად იზრდებოდა და მშპ-ის საშუალო წლიური ზრდა თითქმის 7%-ს შეადგენდა.  

 The image shows a downward trend in some percentage-based metric, likely economic or financial, over the years from 2000 to 2008, as reported by the World Bank.

AI-generated content may be incorrect.

ვერტიკალის მშენებლობა - ავტორიტარიზმის ზრდა

ეკონომიკური ლიბერალიზაციის პარალელურად, სულ სხვა ტიპის პროცესი -  პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრალიზაცია, მიმდინარეობდა. ეს იყო არა ცალკეული ეპიზოდები, არამედ სისტემური, კარგად დაგეგმილი პროცესი.

2000 წლის მაისში, პრეზიდენტად ინაუგურაციიდან სულ რამდენიმე დღეში, პუტინმა ქვეყანა შვიდ ფედერალურ ოლქად დაჰყო. თითოეულ ოლქს პრეზიდენტის დანიშნული წარმომადგენელი ჩაუდგა სათავეში, რომლის ამოცანა რეგიონული გუბერნატორების ზედამხედველობა და ცენტრის ინტერესების გატარება იყო. იმავე კვირას სამხედროებმა, დამოუკიდებელი არხი NTV-ის მფლობელის, გაუსინსკის ოფისი დაარბიეს. თითქმის ორწლიანი ზეწოლის შემდეგ (სასამართლოები, საგადასახადო სამსახური, პროკურატურა) 2001 წლის აპრილში NTV სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის" კონტროლქვეშ გადავიდა. იმავე ბედს გაიზიარა ბორის ბერეზოვსკის არხმაც (ORT), ხოლო თავად ბერეზოვსკი ლონდონში გაიქცა. 2000-იანების დასაწყისისთვის რუსეთის სამივე მთავარი სატელევიზიო არხი (RTR, ORT, NTV) სახელმწიფოს ან მასთან დაახლოებული სტრუქტურების ხელში იყო.

ცენტრალიზაციის მომდევნო, მძლავრი ნაბიჯი 2004 წელს გადაიდგა. სექტემბერში მოხდა ბესლანის საშინელი ტრაგედია, როცა ჩეჩნებმა სკოლა დაიკავეს და ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 334 ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი, დაიღუპა. პუტინმა ეს ფაქტი სათავისო არგუმენტად გამოიყენა და განაცხადა, რომ მეტი ცენტრალიზებული კონტროლი სჭირდებოდა. მან გააუქმა გუბერნატორთა პირდაპირი არჩევნები და თავად დაიწყო მათი დანიშვნა. იმავე წელს, Freedom House-მა რუსეთი „ნაწილობრივ თავისუფალი" კატეგორიიდან „არათავისუფალ" კატეგორიაში გადაიყვანა. რუსეთი ერთადერთი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც იმ წელს ასეთი უარყოფითი ცვლილება განიცადა.

The diagram illustrates a timeline of events and entities related to the House of Tiles in Thailand, including various NTV-U and ORT-U developments, and affiliations with organizations such as Freedom House and Moscow Times from 2000 to 2004.

AI-generated content may be incorrect.

პარადოქსი - ზრდა და კონტროლი ერთდროულად

ეს არის ამ პერიოდის მთავარი პარადოქსი: ეკონომიკური თავისუფლება პოლიტიკურ კონტროლთან ერთად იზრდებოდა.  ეს ორი პროცესი ერთმანეთს კი არ ეწინააღმდეგებოდა, პირიქით, ავსებდა.

The image is a line graph depicting the percentage of countries with a high level of press freedom from 2000 to 2008, as reported by Freedom House and the World Bank.

AI-generated content may be incorrect.

ეს დიაგრამა ზუსტად აჩვენებს ზემოაღნიშნულ პარადოქსს: ეკონომიკის  (მშპ-ის) ზრდის პარალელურად, პოლიტიკური თავისუფლების მაჩვენებელი მკვეთრად უარესდებოდა.  

   

ნაწილი III: ნავთობის ბუმი და ფისკალური ბალიში

როგორც აღინიშნა, 1998 წლის აზიური კრიზისისა და ნავთობის გლობალური ფასების ვარდნის შემდეგ 2008 წლამდე  ნავთობის ფასი პრაქტიკულად შეუჩერებლივ იზრდებოდა და $97.3 დოლარამდე მიაღწია. ანუ, ერთი ათწლეულის მანძილზე ნავთობის ფასი თითქმის ხუთჯერ გაიზრდა.

რა თქმა უნდა, ეს ზრდა რუსეთის ბიუჯეტში პირდაპირ აისახა და 2000-2008 წლებში ნავთობ-გაზის სექტორიდან საბიუჯეტო  შემოსავლები ნომინალურად 40-ჯერ გაიზარდა (და დაახლოებით 8-ჯერ რეალურ, ინფლაციაზე მორგებულ ფასებში). ამასთან, ერთის მხრივ, ეს ფული აფინანსებდა ხელფასებს, პენსიებს და სხვა საბიუჯეტო ხარჯებს, რაც პირდაპირ კვებავდა შიდა მოხმარებას და ეკონომიკურ ზრდას; მეორეს მხრივ კი, სახელმწიფო ამ ფულზე სულ უფრო დამოკიდებული ხდებოდა. 2000-იან წლებშივე ჩნდება ის სტრუქტურული პრობლემა, რომელიც, ლიფშიცის შეფასებით, ორი ათწლეულის შემდეგაც, 2022-2023 წლებშიც უცვლელი დარჩა: ნავთობ-გაზის სექტორი ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 57%-ს ავსებდა.

ეს დამოკიდებულება ცნობილი პრობლემის, „ჰოლანდიური სინდრომის“, რისკს ქმნიდა: მზარდი სავალუტო ნაკადი რუბლის გამყარებას იწვევდა , რაც, თავის მხრივ, არანავთობის სექტორის საექსპორტო კონკურენტუნარიანობას აზარალებდა. ამასთანავე, მზარდი ფულადი შემოდინებები ინფლაციას ზრდიდა. ხელისუფლების ეკონომიკურ ბლოკს (კუდრინი, ილარიონოვი) ეს ყველაფერი კარგად ესმოდა და 2003-2004 წლებში სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას შეუდგნენ.

სტაბილიზაციის ფონდი - „ჭარბი“ შემოსავლის იზოლირების პირველი მცდელობა

2004 წლის 1 იანვრიდან, კუდრინის ინიციატივით მიღებული კანონის საფუძველზე,  რუსეთში სტაბილიზაციის ფონდი შეიქმნა. მისი მექანიზმი მარტივი და ეფექტიანი იყო: შეიქმნა ზღვარი (ყოველ ექსპორტირებულ ბარელ ნავთობზე თავდაპირველად $20 დოლარი, 2006 წლიდან კი $27 დოლარი) და ყველა შემოსავალი, რომელიც ამ ზღვარს აღემატებოდა, ავტომატურად გადადიოდა სტაბილიზაციის ფონდში და არა ბიუჯეტში.

შედეგად, 2004 წლის ბოლოს სტაბილიზაციის ფონდში უკვე $18.8 მილიარდზე მეტი (522 მილიარდ რუბლი) მოგროვდა, 2006 წლის ბოლოსათვის - $89.1 მლრდ (2.35 ტრილიონი რუბლი), ხოლო 2008 წლის 1 იანვარს ფონდის ზომამ დაახლოებით $157 მილიარდს (3.85 ტრილიონ რუბლი) მიაღწია. 2008 წლის 1 თებერვალს ფონდი ორად გაიყო: სარეზერვო ფონდად ($125.3 მილიარდი, ანუ 3.07 ტრილიონი რუბლი), რომელიც მოწოდებული იყო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად ნავთობის ფასის ვარდნის შემთხვევაში და ეროვნული კეთილდღეობის ფონდად ($32 მილიარდი, ანუ 782.8 მილიარდი რუბლი), რომელიც თავიდან ვითომ  საპენსიო სისტემის მხარდასაჭერად შეიქმნა, მაგრამ, შემდგომში ვნახავთ, რომ ძირითადად ომის მიზნებისათვის გაიხარჯა. სხვა სიტყვებით, ერთი ფონდი „ხანძარსაწინააღმდეგო შლანგი” იყო მიმდინარე კრიზისებისათვის, მეორე კი - სამომავლო „საპენსიო ბალიში”.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს გამიჯვნა დროებითი აღმოჩნდა: 2018 წელს ორივე ფონდი ისევ გაერთიანდა ერთ ეროვნულ კეთილდღეობის ფონდში, ხოლო 2022 წლის ომის შემდეგ მისი ფუნქცია თავდაპირველ ჩანაფიქრს კიდევ უფრო დაშორდა და დღეს ის, არა პენსიების გრძელვადიან უზრუნველყოფას, არამედ, მიმდინარე საბიუჯეტო დეფიციტისა და სანქციების გადაფარვას ემსახურება (ამაზე მომდევნო ბლოგშიც ვისაუბრებთ).

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის გახლეჩამდე, სტაბილიზაციის ფონდის სახსრების ნაწილი პირდაპირ საგარეო ვალის ვადამდე დაფარვას მოხმარდა. რუსეთმა 2005-2006 წლებში პარიზის კლუბის წევრი ქვეყნების წინაშე დავალიანება - 430.1 მილიარდი რუბლი (დაახლოებით $15 მილიარდი) და სავალუტო ფონდის წინაშე ვალდებულება - 93.5 მილიარდი რუბლი (დაახლოებით $3.3 მილიარდი), ვადაზე ადრე დაფარა. ამით, ერთის მხრივ, დაიზოგა პროცენტის სახით გადასახდელი მილიარდობით დოლარი, მეორემხრივ კი, შემცირდა ქვეყნის ფინანსური დამოკიდებულება საგარეო კრედიტორებზე და მათ პირობებზე. პუტინის ამბიციური რუსეთისათვის, მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კრედიტები და მათი თანმდევი, კონკრეტულეკონომიკურ-პოლიტიკური პირობები, უკვე მიუღებელი იყო.

ექსკურსი: რატომ არ დახარჯა მთავრობამ ეს ფული?

სტაბილიზაციის ფონდის შექმნა თავიდანვე მწვავე დებატების საგანი იყო და ეს კამათი წლების განმავლობაში არ წყდებოდა. ალექსეი კუდრინი და ანდრეი ილარიონოვი მიიჩნევდნენ, რომ ნავთობის შემოსავლების სწრაფად დახარჯვა ეკონომიკისთვის სახიფათო იქნებოდა. მათი აზრით, ეს გამოიწვევდა ინფლაციის დაჩქარებას, რუბლის ხელოვნურ გამყარებას და, საბოლოოდ, არანავთობის სექტორის კონკურენტუნარიანობის შესუსტებას - ე.წ. „ჰოლანდიური დაავადების“ გაღრმავებას.

საპირისპირო პოზიციას იცავდნენ სხვა ეკონომისტები, მათ შორის სერგეი გლაზიევი. მათი არგუმენტი იყო, რომ ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდებოდა გზების, საავადმყოფოების, სკოლებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება, მაშინ როდესაც ასობით მილიარდი დოლარი, როგორც თავად ამბობდნენ, „უცხოურ ბანკებში იყო ჩამარხული“ და რუსეთის ეკონომიკურ განვითარებას არ ემსახურებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2008–2009 წლების გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა (იხილეთ ნაწილი IV) კუდრინის მიდგომის პრაქტიკული უპირატესობა ნაწილობრივ დაადასტურა: სწორედ სტაბილიზაციის ფონდში დაგროვილი რესურსები იქცა იმ ფინანსურ „ბალიშად“, რომელმაც რუსეთის ხელისუფლებას კრიზისის პირობებში ეკონომიკის მხარდაჭერის საშუალება მისცა და ქვეყანას სუვერენული დეფოლტის თავიდან აცილებაში დაეხმარა.

 ფინანსური მდგრადობის ფონზე, რისი ერთ-ერთი მაჩვენებელი სტაბილიზაციის ფონდის შექმნაც იყო, კრემლი თანდათან მივიდა დასკვნამდე, რომ ეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელი იყო არა მხოლოდ ფინანსური რეზერვების დაგროვება, არამედ კონტროლის გაძლიერებაც იმაზე, თუ ვინ ფლობდა და მართავდა ქვეყნის სტრატეგიულ აქტივებს. სწორედ აქ იწყება 2000-იანი წლების პირველი ნახევრის მეორე მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი.

ხოდორკოვსკის საქმე - ახალი კონტრაქტი ოლიგარქებთან

2000 წლის თებერვალში, ჯერ კიდევ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსში, პუტინმა ოლიგარქებთან დაუწერელი სოციალური კონტრაქტი გააფორმა. 2000 წლის 28 ივლისს კრემლში გაიმართა პირველი ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტსა და 21-22 უმსხვილეს ბიზნესმენს შორის. სამსაათიანი, დახურული შეხვედრის შესახებ არავითარი ანგარიში არ დადებულა, მაგრამ პუტინის გზავნილი ცხადი იყო: არც ერთი კლანს, არც ერთი ოლიგარქს არ უნდა ჰქონოდა რეგიონულ და ფედერალურ ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია.  სანაცვლოდ, ოლიგარქებს მიეცათ ხელშეუხებლობის გარანტია და პუტინმა პირობა დადო, რომ 90-იანების პრივატიზაციის შედეგები არ გადაისინჯებოდა.

ეს იყო ჩუმი გარიგება: ბიზნესი ინარჩუნებდა 90-იანებში მოპოვებულ აქტივებს, სანაცვლოდ კი პოლიტიკიდან თავს შორს დაიჭერდა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ერთადერთი ვინც ეს პირობა დაარღვია, იყო მიხეილ ხოდორკოვსკი - „იუკოსის“ თავმჯდომარე და, ცალკეული შეფასებით, 2003 წლის შემოდგომისთვის რუსეთის უმდიდრესი ადამიანი, $15 მილიარდიანი ქონებით.

ხოდორკოვსკი და მისი „იუკოსი”

2003 წლისთვის „იუკოსი” რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და, ბევრი დამკვირვებლის შეფასებით, ყველაზე ეფექტიანად მართული ნავთობკომპანია იყო - დასავლური სტანდარტების ბუღალტერიით, დამოუკიდებელი დირექტორებით სამეთვალყურეო საბჭოში და მოლაპარაკებებით ExxonMobil-თან და Chevron-თან შესაძლო შერწყმაზე.

ამავდროულად ხოდორკოვსკი აქტიურად აფინანსებდა ოპოზიციურ პარტიებს, „იაბლოკოსა” და „მემარჯვენე ძალთა კავშირს” (СПС), და, არაერთი ანალიტიკოსის აზრით, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ფიქრობდა.

სწორედ ეს პოლიტიკური ამბიცია, და არა თავად ბიზნეს-პრაქტიკა (რომელიც არსებითად არ განსხვავდებოდა 90-იანების სხვა კომპანიებისაგან), იყო მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გახდა „იუკოსი” და არა, ვთქვათ, „ლუკოილი” ან „სურგუტნეფტეგაზი”, პუტინის მთავარი სამიზნე.

2003 წლის 2 ივლისს დააკავეს ხოდორკოვსკის უახლოესი ბიზნეს-პარტნიორი, „მენატეპის“ ხელმძღვანელი, პლატონ ლებედევი, ხოლო იმავე წლის 25 ოქტომბერს, თავად ხოდორკოვსკიც. ბრალდება: თაღლითობა და გადასახადებისგან თავის არიდება. „იუკოსს“ წარედგინა 300 მილიარდ რუბლზე მეტი ოდენობის საგადასახადო პრეტენზია. 2004 წლის დეკემბერში კომპანიის მთავარი საწარმოო აქტივი, „იუგანსკნეფტეგაზი“, აუქციონზე $9.35 მილიარდად გაიყიდა, უცნობი ფირმის, „ბაიკალფინანსგრუპის“ სასარგებლოდ, რომელიც სამი დღის შემდეგ სახელმწიფო კომპანია „როსნეფტმა“ შეისყიდა. 2005 წელს ხოდორკოვსკისა და ლებედევს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გზავნილი დანარჩენი ბიზნეს-ელიტისათვის მკაფიო იყო: საკუთრება უსაფრთხოა, სანამ პოლიტიკურ ლოიალობას ინარჩუნებ. რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტს, 2003-2004 წლებში, „იუკოსის“ საქმის ფონზე, კაპიტალის შემოდინება რუსეთში დროებით შეჩერდა. 2004 წელს დაფიქსირდა კაპიტალის $8 მილიარდიანი წმინდა გადინება, თუმცა მომდევნო წლებში ეს ტენდენცია სწრაფად დაუბრუნდა „იუკოსამდე“ მდგომარეობას. გრძელვადიან პერსპექტივაში კი „იუკოსის“ საქმემ ჩამოაყალიბა წესი, რომელიც შემდგომი ორი ათწლეულის განმავლობაშიც შენარჩუნდა: დიდი ბიზნესი რუსეთში დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფოსთან შეთანხმებულ, აპოლიტიკურ ჩარჩოებში.

ძლიერი სახელმწიფო - რატომ იყო ეს საზოგადოებისათვის მისაღები?

„იუკოსის“ საქმე დასავლური მედიისთვის კანონის უზენაესობის დარღვევის სანიმუშო მაგალითი იყო, თუმცა, რუსეთის შიგნით საზოგადოებრივი აღქმა  განსხვავდებოდა. 90-იანების ტრავმის გამო, რომელზეც პირველ ნაწილში ვისაუბრეთ, რუსებისთვის „ოლიგარქი“ იყო ადამიანი, ვინც სახელმწიფო ქონება „უფასოდ“ მიისაკუთრა, სანამ დანარჩენი ქვეყანა ღარიბდებოდა. რა თქმა უნდა, ამ აზრს ჰქონდა არსებობის უფლება. სოციოლოგიური გამოკითხვებიც ცხადყოფდა, რომ ხოდორკოვსკის მიმართ სისხლის სამართლის დევნას საზოგადოების უმეტესობა თანაუგრძნობდა ან, ყოველ შემთხვევაში, არ ეწინააღმდეგებოდა. თუმცა მათ კარგად ესმოდათ, რომ სამართალწარმოება, რბილად რომ ვთქვათ, შერჩევითი იყო.

1990-იანების ქაოსი ყველას კარგად ახსოვდა, ამიტომ, მოქალაქეთა უმეტესობისთვის კონკრეტული არჩევანი - მეტი წესრიგი და უფრო მაღალი შემოსავალი, პოლიტიკური თავისუფლების ხარჯზე, გონივრულ გარიგებად აღიქმებოდა. ეკონომიკური სტაბილურობის ფონზე, პუტინის მხარდაჭერის რეიტინგი 2000-იანების შუა პერიოდში 70-80%-ის ფარგლებში მერყეობდა.

2008 წლისთვის ამ მოდელმა: ნავთობის ბუმი, ფისკალური ბალიში, კონტროლირებადი ბიზნეს-ელიტა და პოლიტიკურად ლეგიტიმური ცენტრალიზაცია, საბოლოოდ ჩამოყალიბებული ფორმა მიიღო. თუმცა იმ წელს რუსეთს ერთდროულად ორი, სრულიად განსხვავებული ტიპის გამოცდა ელოდა: 1. გლობალური ფინანსური კრიზისი - რუსეთის ეკონომიკის მდგრადობის შემოწმება; და 2. ომი საქართველოსთან - დასავლეთი რეაქციის ტესტი რუსეთის მიერ მეზობელ ქვეყანაში ძალის გამოყენებაზე.

 

ნაწილი IV: 2008 - ორმაგი გამოცდა

ფინანსური კრიზისი - რუსული ეკონომიკის სისუსტის გამოვლენა

2008 წლის 16 სექტემბერს, ლემან ბრაზერსის გაკოტრებიდან სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, მოსკოვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის (MICEX) ინდექსი ერთ დღეში 7%-ზე მეტით დაეცა და 1000 პუნქტს ქვემოთ ჩამოვიდა. ეკონომიკური ბლოკის (ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ბანკი) მთავარი ამოცანა „დომინოს ეფექტის“ თავიდან აცილება და რუსული საინვესტიციო ბანკებისთვის დახმარების გაწევა იყო.

რუსეთის ეკონომიკას კრიზისმა  ერთდროულად ორი მიმართულებით შეუტია:

1. ნავთობის ფასის კოლაფსი: ივლისში $147-მდე ასული ფასი დეკემბრისთვის $33-36 დოლარამდე დაეცა; ეს განსაკუთრებით მტკივნეული იყო ფედერალური ბიუჯეტისთვის: 2008 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად $53/ბარელის ვარაუდზე იყო აგებული, თუმცა წლის განმავლობაში მთავრობამ ეს პროგნოზი არაერთხელ გაზარდა, შესაბამისად, $74, $86, $92 და, ივლისის ფასების ხტომის შემდეგ, საბოლოოდ $112 დოლარამდე. ყველაზე მძიმე კი 2009 წლის ბიუჯეტისთვის აღმოჩნდა, რადგან ის $95/ბარელის ვარაუდზე დაყრდნობით დამტკიცდა, რაც რეალობასთან (წლის ბოლოს $33-36) შედარებით თითქმის სამჯერ ოპტიმისტური აღმოჩნდა. ნავთობის ფასის ოპტიმისტურმა პროგნოზებმა გამოიწვია დიდი საბიუჯეტო დეფიციტი, რომლის დაფარვაც მხოლოდ სარეზერვო ფონდის სახსრებით გახდა შესაძლებელი.

2. კაპიტალი ს მასობრივი გადინება: 2007 წელს რუსეთში $84.5 მილიარდის წმინდა შემოდინება დაფიქსირდა (ძირითადად საბანკო სექტორის მიერ საგარეო ნასესხები სახსრებით), ხოლო 2008 წელს ქვეყნიდან $134 მილიარდის ოდენობის კაპიტალი გაიქცა. ეს არ იყო მხოლოდ „მოლოდინების და განწყობის“ ცვლილების გამო: რუსულმა კომპანიებმა და ბანკებმა 2000-იანებში დიდძალი საგარეო ვალი დააგროვეს. ისინი იაფი უცხოური კრედიტით სარგებლობდნენ, სანამ რუბლი მყარი იყო და ახლა ამ ვალის დაფარვა ერთბაშად შეუძლებელი გახდა.

საფონდო ბირჟის ვარდნაც კატასტროფული იყო: რუსული სავაჭრო სისტემის (RTS) ინდექსი, რომელმაც 2008 წლის 19 მაისს ისტორიულ მაქსიმუმს - 2498 პუნქტს, მიაღწია, 24 ოქტომბრისთვის 549 პუნქტამდე ჩამოვარდა - ხუთ თვეში თითქმის 78%-იანი ვარდნა. 2008 წლის 6 ოქტომბერს, ინდექსი ერთ დღეში 19.1%-ით დაეცა, რაც  ყველაზე ცუდი ისტორიული შედეგი იყო. ბირჟაზე ვაჭრობა არაერთხელ შეჩერდა, ზოგჯერ რამდენიმე დღის განმავლობაში.

ცენტრალურმა ბანკმა რუბლის დაცვის გზა აირჩია მართული, ეტაპობრივი დევალვაციის გზით, რომელიც 2008 წლის 11 ნოემბერს გამოცხადდა და 2009 წლის 23 იანვარს დასრულდა. ამ პერიოდში, საბოლოო ჯამში, რუბლი დოლართან მიმართებით დაახლოებით 35%-ით გაუფასურდა და სავალუტო ინტერვენციებისათვის ცენტრალურმა ბანკმა დაახლოებით $210 მილიარდი დახარჯა.

ამასთანავე, მთავრობამ დაახლოებით $200 მილიარდის მოცულობის ანტიკრიზისული პაკეტი მიიღო, რითაც განხორციელდა ბანკებში დამატებითი კაპიტალის ჩადება (რეკაპიტალიზაცია), კორპორაციების საგარეო ვალის რეფინანსირება და დასაქმების პროგრამები. ამისათვის მათ 2004-2008 წლებში შექმნილი სარეზერვო ფონდისა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდში დაგროვილი თანხები გამოიყენეს. ამ ფონდების გარეშე რუსეთს არჩევანი არ ექნებოდა და ან სუვერენული დეფოლტი, ან მკვეთრი, არაკონტროლირებადი დევალვაცია უნდა განეხორციელებინა. ფონდების არსებობამ სახელმწიფოს დრო და მანევრირების სივრცე მისცა.

 

გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებების მიუხედავად, 2009 წელს რუსეთის ეკონომიკა (მშპ) 7.9%-ით შემცირდა. ეს იყო ყველაზე მკვეთრი ვარდნა G8-ის და BRICS-ის ქვეყნებს შორის (გერმანიასა და იაპონიაში ვარდნა 5%-ს შეადგინა, აშშ-ში -2.4%-ს). 2009 წლის მაისში, კრიზისის პიკზე, ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით შემცირდა. ეს იყო პირველი რეალური დადასტურება იმისა, თუ რამდენად ღრმად იყო რუსული ეკონომიკა დამოკიდებული ნავთობის ფასსა და საგარეო ფინანსურ ბაზრებზე.  

რუსეთ-საქართველოს ომი - გეოპოლიტიკური და ეკონომიკური  განზომილებები

2008 წლის 7 აგვისტოს, გლობალურ ფინანსურ კრიზისამდე ერთი თვით ადრე, დაიწყო ხუთდღიანი ომი რუსეთსა და საქართველოს შორის. ამას რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში მიმდინარე ესკალაცია უძღოდა წინ: 2002 წლიდან რუსეთმა დაიწყო მასობრივი „პასპორტიზაცია", რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობისთვის, რაც მოგვიანებით „საკუთარი მოქალაქეების დაცვის" საბაბად იქცა. წლების განმავლობაში და განსაკუთრებით 2007-2008 წლებში, ომის წინა დღეებამდე, რუსეთის მხარდაჭერილი ე.წ. „სამხრეთ ოსეთის" უკანონო შეიარაღებული ფორმირებები რეგულარულად უხსნიდნენ ცეცხლს ქართულ სოფლებს. ომამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე რუსეთმა საქართველოს საზღვართან ჩაატარა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები - „კავკაზ-2008".

საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხარის მსხვერპლმა 412 ადამიანი (170 სამხედრო, 14 პოლიციელი  228 სამოქალაქო პირი) შეადგინა. რუსული მხარის მსხვერპლი მკაცრად გასაიდუმლოებულია. 138 000-ზე მეტი საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა და ისინი დღემდე ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში. რუსეთის ჯარმა საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20%, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, მიიტაცა და ეს პროცესი, „მცოცავი ოკუპაციის“ სახით, დღესაც გრძელდება.

რუსეთის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ომს პირდაპირი, სერიოზული ეფექტი  არ მოუხდენია. თუმცა, ომმა უფრო ადრეული და მკაფიო სიგნალი მისცა საფონდო ბირჟას, ვიდრე ეს გლობალურმა კრიზისმა გააკეთა: RTS ინდექსი, რომელიც ომამდე, აგვისტოს დასაწყისისთვის დაახლოებით 1990 პუნქტს შეადგენდა, ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე კვირაში, აგვისტოს ბოლოსთვის, 1490 პუნქტამდე დაეცა. ანუ, ჯერ კიდევ ლემან ბრაზერსის კოლაფსამდე რუსეთის საფონდო ბირჟა 25%-ზე მეტით დაეცა . ეს გვიჩვენებს, რომ საერთაშორისო ინვესტორები რუსეთის სპეციფიკურ, გეოპოლიტიკურ რისკს ცალკე აფასებდნენ და ეს რისკის პრემია გლობალური კრიზისს წინ უსწრებდა.

26 აგვისტოს პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის ბრძანებულებებს, თუმცა ეს შემდგომ წლებში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა: ვენესუელამ, ნიკარაგუამ, სირიამ.

2 სექტემბერს საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

„ბეტა-ტესტი" - რა ასწავლა დასავლეთს 2008 წელმა, 2014 და 2022 წლების კონტექსტში?

დასავლეთის რეაქცია ომზე ზომიერი და გულგრილი იყო. საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის, შუამავლობით 12 აგვისტოს მიღწეულ იქნა ექვს usპუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ევროკავშირმა და ნატომ რუსეთთან ცალკეული თანამშრომლობის ფორმატები დროებით შეაჩერეს, მაგრამ არც ერთი ეს ნაბიჯი გრძელვადიან, სისტემურ სანქციებში არ გადაზრდილა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანების პროცესიც არ შეჩერებულა და რუსეთი ამ ორგანიზაციაში 2012 წელს გაწევრიანდა. რუსეთს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაციის გამო რეალური ფასი არ გადაუხდია.

ეს არ არის მხოლოდ რეტროსპექტული შეფასება - გაფრთხილება მაშინვე გაისმა. სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელიც იმ პერიოდში აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, 2008 წლის 14 აგვისტოს Wall Street Journal-ში გამოაქვეყნა წერილი სათაურით „ჩვენ ყველანი ქართველები ვართ". წერილში ის წერდა, რომ რუსეთის ნამდვილი მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა იყო და დასავლეთისთვის ეს უნდა გამხდარიყო პრეცედენტი მთელი რეგიონისთვის.

ეს გაფრთხილება მოგვიანებით ისტორიულად დადასტურდა. ატლანტიკური საბჭოს (Atlantic Council) ანალიტიკოსი ბრაიან უიტმორი 2008 წლის ომს პირდაპირ უწოდებს „ბეტა-ტესტს" რუსეთის მომავალი აგრესიისათვის მეზობლების წინააღმდეგ და „საცდელ გარბენს" იმ ტაქტიკისთვის, რომელიც 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. რუსეთი შეიჭრა საქართველოში, დაიკავა მისი ტერიტორიის მეხუთედზე მეტი და ამისათვის პასუხი არ აგო. მხოლოდ 2014 წლის ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ჰიბრიდული ომის დაწყების შემდეგ, და მას შემდეგ რაც იმავე წელს ჩამოაგდეს მალაიზიური ავიაკომპანიის MH17-ის რეისი, აღიარა დასავლეთმა, რომ პუტინის რუსეთი რევიზიონისტული ძალა გახდა. ეს გაკვეთილი ყველას უფრო მწარედ გაახსენდა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ. 

რასაკვირველია, 2014 და 2022 წლების ომებს სხვა მიზეზებიც ჰქონდა, მაგრამ დასავლელ პოლიტიკოსთა და ანალიტიკოსთა უმეტესობის შეფასებით, 2008 წლის სუსტმა რეაგირებამ კრემლის თვით დაჯერებასა და დაუსჯელობის შეგრძნებას პირდაპირ შეუწყო ხელი. 

 

დასკვნა

1998-2008 წლებმა პუტინის რუსეთს რამდენიმე ფუნდამენტური გაკვეთილი ასწავლა. სწორედ ამ გამოცდილებამ და არა რომელიმე იდეოლოგიურმა დოქტრინამ, ჩამოაყალიბა ის ეკონომიკურ-პოლიტიკური მოდელი, რომელმაც ქვეყნის მომდევნო ორი ათწლეული განსაზღვრა.

პირველი. ნავთობის მაღალ ფასებზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდა, ფისკალურ დისციპლინასა და სარეზერვო ფონდების დაგროვებასთან ერთად, ხელისუფლებისათვის არა მხოლოდ ფინანსურ მდგრადობას, არამედ პოლიტიკურ სტაბილურობასაც უზრუნველყოფდა. 2008-2009 წლების გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა ეს პრაქტიკულად დაადასტურა: სარეზერვო ფონდისა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდის სახსრების გარეშე რუსეთში გაცილებით უფრო მძიმე ეკონომიკური და საბიუჯეტო კრიზისი მოხდებოდა.

მეორე. მსხვილ ბიზნესზე კონტროლის დამყარება შესაძლებელია არა კანონის თანაბარი აღსრულებით, არამედ მისი შერჩევითი გამოყენებით. „იუკოსისმფლობელის საჩვენებელი დასჯა იქცა სწორედ იმ ინსტრუმენტად, რომელმაც მსხვილი ბიზნესი ორი ათწლეულის განმავლობაში ხელისუფლების მიმართ აბსოლუტურ მორჩილად აქცია.

მესამე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიგნალი მისცა კრემლს: როდესაც სამხედრო ძალა გამოიყენება მცირე და დასავლეთისთვის შედარებით ნაკლებად სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნის წინააღმდეგ, საერთაშორისო რეაქცია ხშირად ლიმიტირებული და დროში შეზღუდულია. სრულიად ლეგიტიმურია იმის მტკიცება, რომ სწორედ ამ გამოცდილებამ განსაზღვრა 2014 და 2022 წლების მილიტარისტული გადაწყვეტილებები უკრაინასთან მიმართებით. ისტორიულ კონტექსტში, ამ ორ მოვლენას შორის კავშირი აშკარაა.

მეოთხე და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი. ეკონომიკის სტრუქტურული დამოკიდებულება ნავთობსა და გაზზე არსებითად არ შეცვლილა. იგორ ლიფშიცის 2023 წლის შეფასებით, ნავთობისა და გაზის სექტორი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლების კვლავ დაახლოებით 57%- უზრუნველყოფდა - თითქმის იმავე პროპორციას, რომელიც 2000-იანი წლების შუა პერიოდში ჩამოყალიბდა. სხვა სიტყვებით, სისტემა, რომელიც თავდაპირველად ეკონომიკური უსაფრთხოების მექანიზმად შეიქმნა, ორი ათწლეულის განმავლობაში პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. ამასთან, ნავთობდოლარებზე მსგავსმა დამოკიდებულებამ, რუსეთი საკმაოდ მოწყვლადად აქცია 2022 წლის შემდეგ დაწესებული სანქციებზე.

2008 წლისთვის ეს მოდელი უკვე დასრულებული სახით არსებობდა: ნავთობიდან მიღებული შემოსავლები, ძლიერი ფისკალური რეზერვები, სახელმწიფოსადმი დაქვემდებარებული მსხვილი ბიზნესი და ეკონომიკური წარმატებით განპირობებული პოლიტიკური ცენტრალიზაცია. მომდევნო წლებში კრემლი ამ სისტემას კიდევ უფრო განამტკიცებს და ახალი გეოპოლიტიკური დაპირისპირებებისთვის მოამზადებს. ამ პროცესის შედეგი იყო ჯერ ყირიმის ანექსია და 2014 წლის დონბასის ინტერვენცია, შემდეგ კი - 2022 წლის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში.

ამ ბლოგში განვიხილეთ, როგორ ჩამოყალიბდა რუსეთის ეკონომიკური მოდელი, მომდევნო ბლოგში ვნახავთ, როგორ ცდილობდა კრემლი მის გადაქცევას სანქციებისადმი მედეგციხე-სიმაგრის ეკონომიკად - ეროვნული კეთილდღეობის ფონდის, სავალუტო რეზერვების, დედოლარიზაციისა და ცენტრალური ბანკის პოლიტიკის მეშვეობით.

 

გამოყენებული ლიტერატურა

1. მსოფლიო ბანკი — ნავთობის (Brent) ისტორიული ფასების სტატისტიკა, 1999-2008

2. რუსეთის ფინანსთა სამინისტრო — სტაბილიზაციის ფონდის, სარეზერვო ფონდისა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ანგარიშები, 2004-2008

3. Стабилизационный фонд Российской Федерации — Wikipedia, РИА Новости

4. Коммерсантъ, РИА Новости, Ведомости — дело ЮКОСа, хронология 2003-2005

5. Forbes.ru, Wikipedia — встреча Путина с бизнесом 28 июля 2000 года

6. И. Липсиц, Экономика России: Контуры будущего (2023)  

7. რუსეთის ცენტრალური ბანკი — საერთაშორისო რეზერვების კვირეული სტატისტიკა, ივლისი 2008 – მაისი 2009

8. РИА Новости, Lenta.ru, Wikipedia — RTS ინდექსის ისტორია, 2007-2009

9. როსსტატი — რუსეთის მშპ-ის ზრდის ტემპები, 2000-2009

10. Atlantic Council (Brian Whitmore) — "The 2008 Russo-Georgian War: Putin’s green light"; John McCain, "We Are All Georgians", The Wall Street Journal, 14 August 2008

11. Wikipedia — ომი საქართველოში (2008)

12. Eurasianet — რუსეთიდან კაპიტალის გადინების სტატისტიკა, 2007-2008

 

Comments

Popular posts from this blog

Big Little Lies: როგორ იქმნება ანტიევროპული ნარატივები საქართველოში

Big Little Numbers: ციფრებს ლავროვის ცრემლების არ სჯერა!

Big Little Lies: How Anti-European Narratives Are Manufactured in Georgia (English version)